ხელისუფლების თვალსაწიერის პრიზმაში განსაკუთრებულად მოხვდა ტურიზმის სექტორი. გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ პოსტკრიზისულ გეგმას უკვე გამოუჩნდნენ კრიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს არის ქართული ნოუ-ჰაუ - „ავამუშავოთ ტურიზმი ტურისტების გარეშე“. ამდენად, ხელისუფლების მიერ ტურიზმის გაფეტიშების უკან ლობისტების ზრახვები იმალება.
სინამდვილეში, რას ემსახურება პოსტკრიზისული გეგმა და შეუწყობს თუ არა ხელს მთლიანი ეკონომიკის „გახსნას“? ამის შესახებ For.ge-ს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი ესაუბრა.
პოსტკრიზისულმა გეგმამ ეკონომისტთა ნაწილი გულაცრუებული დატოვა. კეთდება შეფასებები, რომ ეს არ არის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა, კითხვები განსაკუთრებულად ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რატომ დაიწყო ეკონომიკაზე საუბარი ტურიზმის წახალისებით. როგორ ფიქრობთ, ტურიზმი გადაგვარჩენს?
- ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და ყველაზე მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ყველაზე მეტი ადამიანია ტურიზმსა და მის მომიჯნავე სექტორებში დასაქმებული. ტურიზმი ეკონომიკის პრიორიტეტია და ეკონომიკის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 11%-ს შეადგენს. შესაბამისად, ჩემთვის არ იყო გასაკვირი ის პრეზენტაცია, რაც მთავრობამ წარადგინა, როცა ტურიზმის აღორძინების გეგმით გამოვიდა. ამაზეა მიბმული კიდევ სხვადასხვა დარგები და ძალიან რთულია მისი მნიშვნელობის გადაფასება. თუმცა ხელისუფლება მხოლოდ ტურიზმით არ შემოიფარგლება და ამას შემდგომ დღეებსა და კვირეებში მოჰყვება სხვა დარგებიც. საუბარია სოფლის მეურნეობის აღორძინების გეგმაზე და კიდევ სხვა გეგმებზეც.
ტურიზმი მაინც საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული სფეროა და ჩვენ ამ სფეროს თავიდან ბოლომდე ვერ ვმართავთ, განსხვავებით, სოფლის მეურნეობისგან, რითაც შეიძლება ადგილობრივი პროდუქცია ვაწარმოოთ და გადავირჩინოთ თავი. საუკუნეების განმავლობაში სწორედ სოფელი არჩენდა საქართველოს. ტურიზმის წინა პლანზე წამოწევით ხომ არ კნინდება სოფლის მნიშვნელობა?
- ნაწილობრივ, გეთანხმებით, ტურიზმი მაინც ჩვენზე მთლიანად არ არის დამოკიდებული და დამოკიდებულია, ასევე, ჩვენს სამეზობლოში რა სიტუაცია იქნება პანდემიის თვალსაზრისით. თუმცა, ეს მაინც ქათმისა და კვერცხის ამბავს მაგონებს, რომელი უფრო პირველად გაჩნდა. საქმე ისაა, რომ ზაფხული მოდის, ტურიზმის თვალსაზრისით, ზაფხული ყოველთვის აქტიურია და ჩვენ უნდა მოგვესწრო ამ პერიოდის გამოყენება. ცხადია, ვერ ვიტყოდით, რომ ტურიზმისთვის ვხსნით ჩვენს ქვეყანას 1-ლი სექტემბრიდან, ან 15 აგვისტოდან. რაც მალე, მით უკეთესი და 1-ლი ივლისიდან უცხოელი ტურისტებისთვისაც იხსნება ქვეყანა. სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანი დარგია, მაგრამ კრიზისში ახლა უფრო მაინც ტურიზმია და არა სოფლის მეურნეობა. მთლიანად ეკონომიკა კრიზისშია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე გაიზარდა მოთხოვნა. უბრალოდ, დახმარება და ხელის შეშველება სჭირდება სოფლის მეურნეობას, ვიდრე დიდი კრიზისიდან ამოყვანა.
ისმის შეფასებები, რომ ხელისუფლება ცდილობს, აამუშავოს ტურიზმი ტურისტების გარეშე, რადგან ასეთ რთულ სიტუაციაში ტურისტები არ ჩამოვლენ.
- ამის ილუზია არც უნდა გვქონდეს, რომ ტურიზმი ჩვენთან აღდგება 100%-ით, რაც იყო შარშან, ანუ 2019-ში, კრიზისამდელ პერიოდში. ეს თავის მოტყუება იქნება, მაგრამ საიდანღაც ხომ უნდა დავიწყოთ. ვეთანხმები სხვა ექსპერტებსაც, ჩვენთან ვინ ჩამოდიოდნენ? თურქები, რუსები, აზერბაიჯანელები და სომხები. ახლა ძალიან რთული სიტუაციაა მათთანაც, მაგრამ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ვიზიტორებს, რომ გახსნილი ვართ მათთვის და ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, ვისაც კი აქვს აქ ჩამოსვლის სურვილი. თანაც, ისეთი სიტუაციაა მსოფლიოში, სხვები ჩაკეტილები არიან, ჩვენ კი ვართ გახსნილები. ვისაც მოგზაურობის სურვილი გაუჩნდება, ადამიანთა 5-10-15%-ს, მათ უკვე უნდა ჰქონდეთ არჩევანის საშუალება, რომ საქართველო გახსნილია. თან მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ ჩვენთან ვირუსი არ არის გავრცელებული, ვირუსის პანდემიის თვალსაზრისითაც უსაფრთხო ქვეყანა ვართ. ამიტომ ტურიზმის მიმართულება უნდა გაგვეხსნა. ვიზიარებ მოსაზრებას, რომ წლევანდელი წელი, პრაქტიკულად, დაკარგულია ტურიზმისთვის. არა მგონია, 30 ან 50%-ს მივაღწიოთ, მაგრამ მსოფლიოს უნდა ვანახოთ, რომ ტურიზმი ჩვენთან მუშაობს.
რას იტყვით იმის შესახებ, რომ ხელისუფლებაში არიან სასტუმრო და სარესტორნო სფეროს ლობისტები და სწორედ ისინი ლობირებენ ამ სფეროსთვის მომეტებული დახმარების გაცემას?
- არ მესმის, ლობიზმი რატომ არის ცუდი? ლობიზმი ნიშნავს, რომ ვიღაცას აქვს ინტერესები და ამ ინტერესების გატარებას ცდილობს მთავრობასთან ურთიერთობით და მთავრობის დარწმუნებით. ყველა სფეროს ჰყავს ლობისტები. ყველა ინდუსტრიას, დისტრიბუციას, სასტუმროების ასოციაციას ჰყავს ლობისტი. ეს ასოციაციებიც ზუსტად იმიტომაა შექმნილი, რომ თავიანთ ინტერესთა ლობირება გაატარონ მთავრობაში, ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ხდება. ყველა სფეროს შეუძლია, ხმა აიმაღლოს და ლობისტების მეშვეობით მოსთხოვოს მთავრობას კონკრეტულ სფეროზე მზრუნველობა. ამიტომ ცალკე არ გამოვყოფდი ლობისტებს. მთავარია, მთავრობამ პრიორიტეტულად იმოქმედოს.
გიორგი გახარიასეულ ანტიკრიზისულ გეგმას ოპოზიციამ უკვე უწოდა წინასაარჩევნო გეგმა. რამდენად მოერგება ეს გეგმა პოსტკორონასეულ პერიოდში არსებულ ჩავარდნებს ჩვენს ეკონომიკაში?
- წელს გვექნება ეკონომიკის ვარდნა, მინუს 4 პროცენტი. თუმცა შეიძლება მეტიც იყოს, რადგან მარტივ სიტუაციაში არ ვიმყოფებით. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ ეს არის წინასაარჩევნო გეგმისთვის მზადება, ამ განცხადებით რა გამოდის? რომ თვითონ ირიბად აღიარებს ოპოზიცია, რომ კარგი გეგმა აქვს მთავრობას? თუ ეს გეგმა წინასაარჩევნოა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ცდილობს, ხალხს მოაწონოს ანტიკრიზისული გეგმა და ხალხმა პოზიტიურად შეხედოს. თუ ეს გეგმა ცუდი იქნება, მაშინ საარჩევნოდ თუ წინასაარჩევნოდ ვერ გამოდგება. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია წინააღმდეგობაში მოდის. ოქტომბრის არჩევნების წინაშეა ოპოზიციაც, ისიც ემზადება არჩევნებისთვის ხელისუფლებასთან ერთად, შესაბამისად, რა არის უცნაური იმაში, მთავრობა ცდილობდეს, კარგი გეგმა წარადგინოს და ხალხს თავი მოაწონოს? მარტო საქართველოში კი არა, ყველგან ასეა. დონალდ ტრამპიც ზუსტად იმავეს ცდილობს, ხალხის გული მოიგოს და მალე გახსნას ეკონომიკა, რადგან არჩევნების მოგება უნდა. ცხადია, ტრამპიც არჩევნებისთვის ემზადება.
თუკი ჩვენი მთავრობა ხალხისთვის თავის მოწონებას ცდილობს, რატომ ვერ ახერხებს, მიზერული 200-ლარიანი დახმარება ყველა მოქალაქეზე თანაბრად გაანაწილოს და უპირატესობა არავის მიანიჭოს?
- ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ. ამას ვერ გავექცევით, ამერიკაშიც კი არ არის ამხელა დახმარება გაცემული. ცხადია, საქართველოს მოქალაქისთვის გასაცემი დახმარება არ არის საკმარისი, მაგრამ რაც შეუძლია სახელმწიფოს, იმას აკეთებს. 6 თვის განმავლობაში ეს 200-ლარიანი დახმარება ადამიანების მიმართ გაწვდილი სოლიდარობის ხელია. შეიძლება, ზოგიერთმა მათგანმა 5-ათასლარიანი ხელფასიც დაკარგა და 200-ლარიანი დახმარება მისთვის არაფერია, მაგრამ ეს მაქსიმუმია, რაც სახელმწიფოს შეუძლია. ასეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და იმ ეკონომიკური ზარალის სრული ანაზღაურება, რაც კორონავირუსმა მოიტანა, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. არ ვიცი, თვით საუკეთესო შიდა პროდუქტის მქონე ქვეყნებიც კი სრულად უნაზღაურებენ თუ არა ადამიანებს სამსახურის დანაკარგით გამოწვეულ ზარალს. ჩვეულებრივ ომში ვიმყოფებით. ომში ადამიანები იხოცებიან და შეიძლება მერე ისინი გმირებად შერაცხონ, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ოჯახს სრულად აუნაზღაურდება ადამიანის ტრაგედიით გამოწვეული ზარალი?!
არა მგონია, ვინმე მართლაც იყო თვითდასაქმებული, მას რაიმე პრობლემა შეუქმნას სახელმწიფომ და დახმარება არ მისცეს. ბევრი ადამიანი დასაქმებული იყო ბაზრობებზე, მესმის მათი გაჭირვების, მაგრამ ეს ის ფენაა, რომელმაც სხვებზე ადრე შეძლეს, აღიდგინონ სამუშაო, გამოვიდნენ ბაზრებში და ივაჭრონ. საბოლოოდ იმ არასაკმარის დახმარებას მაინც მიიღებს ყველა, ვინც დაკარგა სამუშაო.
ამ "სიბრძნის" მფრქვეველი ეკონომიკის ექსპერტობას კი არა 2 ბატის მწყემსობასაც ვერ ქაჩავს!