ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი თანხმდება, რომ კორონავირუსის პანდემიისას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი იყო, მაგრამ შეზღუდვების დაწესებამ ბევრი გაუგებრობაც წარმოშვა. ერთ-ერთი ასეთია 3-ათასლარიანი ჯარიმა, რომელიც ფიზიკურ პირებს კარანტინის წესების დარღვევისთვის ეკისრებათ.
ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ იმედი აქვთ, რომ მთავრობა რაღაც ახალ დადგენილებას გამოსცემს, რომელიც აღნიშნულ ჯარიმებს ან გაანულებს, არ შეარბილებს. არის მოლოდინი, რომ შესაბამისი ორგანოები კონკრეტულ საქმეებს ინდივიდუალურად განიხილავენ და გაითვალისწინებენ საკუთარი მოქალაქეების სოციალურ მდგომარეობას, რომელთათვისაც 3 ათასი ლარი კოლოსალური თანხაა. მანამდე კი ეს რეჟიმი 21 მარტიდან მოქმედებს და უკვე უამრავი ადამიანია დაჯარიმებული.
უფრო კონკრეტულად, მიშა კაჭკაჭიშვილს მომაკვდავი ლეკვი კომენდანტის საათის დროს ვეტექიმთან მიჰყავდა, როდესაც 3 ათასი ლარით დააჯარიმეს. ის ამბობს, რომ ძაღლი ქუჩაში დაგდებული იპოვა და ყველა საბუთი აქვს იმისთვის, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, არც ცხელ ხაზზე დარეკვა იყო შესაძლებელი, ამიტომ 3 ათას ლარიან ჯარიმასა და ლეკვის გადარჩენას შორის არჩევანი ლეკვის სასარგებლოდ გააკეთა.
ეს ერთი შემთხვევა არ არის, როდესაც მოქალაქემ ჩათვალა, რომ მისი დაჯარიმება უკანონობა იყო. ყარაჯალაში მცხოვრებ ახალგაზრდა წყვილს ნიშნობა 21 ათასი ლარი დაუჯდა. კომენდანტის საათის დროს სოფლის სტადიონზე ბიჭმა გოგოს ხელი სთხოვა და ისინი თავის მეგობრებთან ერთად პოლიციამ დააჯარიმა.
უნდა ჩამოეწეროს თუ არა ხალხს 3-ათასლარიანი ჯარიმები?!
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ რაღაცების გაკრიტიკება შეიძლება და ჯარიმების ოდენობა მართლაც არაადეკვატურად მაღალია. მით უმეტეს, რომ 3 ათასი ლარის ოდენობით შემოსავალი ჩვენს ქვეყანაში მოსახლეობის 1%-ზე ნაკლებს აქვს. თუკი კომენდანტის საათი ადამიანმა დაარღვია, ეს გადაცთომაა და არა სისხლის სამართლის დანაშაული. ეს ნიშნავს, რომ დაწესებული რეჟიმი ირღვევა, რომელსაც, რასაკვირველია, სანქცია სჭირდება, მაგრამ ეს სანქცია ჩადენილი ქმედების ადეკვატური უნდა იყოს.
„5 წუთით რომ კომენდანტის საათზე გადამიცდა, ამის გამო 3000-ლარიანი ჯარიმა არ შეიძლება, ან ვიღაცას მეუღლე ეჯდა მანქანაში გვერდით, ამის გამო 3 ათასი ლარი ცოდვაა. რაღაც უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ ეს ჯარიმები დიდ ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას. თვენახევარია, რაც სანქციები მოქმედებს და დღეში საშუალოდ ასი კაცი ჯარიმდება, ეს არც თუ ისე მცირე რიცხვია, სადღაც 5-10 ათას კაცამდეა. სამწუხაროდ, ჯარიმების დაწესებისას ამოვიდნენ იქიდან, რომ საგანგებო მდგომარეობისას მაქსიმალურ ჯარიმად სწორედ 3 ათასი ლარია განსაზღვრული საბჭოთა გადმონაშთის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის ახალი რედაქციაც ვერ იქნა და ვერ მიიღეს. თავიდან ბოლომდე უნდა დაიწეროს ამ კოდექსის ახალი რედაქცია. ცხადია, რაღაც შემაკავებელი ეფექტი ამას ჰქონდა, ამხელა ჯარიმა რომ იყო, ხალხს ერიდებოდა გარეთ გასვლა, მაგრამ, ვინც უკვე დაჯარიმდა, მისთვის ეს ძალიან არაადეკვატური სასჯელია“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბარში.
ანალიტიკოსი დარწმუნებულია, რომ ინდივიდუალურ შემთხვევებს სახელმწიფო განიხილავს და, მათ შორის, იმ ფაქტსაც გაითვალისწინებს, ახალგაზრდას ლეკვი რომ მიჰყავდა გადასარჩენად, ისევე, როგორც ინდივიდუალურად განიხილავენ ყარაჯალაში შეყვარებული წყვილის დაჯარიმების შემთხვევას. ჯარიმები დრაკონული არ უნდა იყოს და, თუ მაინცდამაინც 3-ათასლარიანი ჯარიმის დაწესება უნდოდათ, მაშინ შეეძლოთ, ზღვარი დაეწესებინათ 3 ათას ლარამდე.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ, ზოგადად, გადასახადების ჩამოწერის წინააღმდეგია და არ შეიძლება, ვინც პატიოსნად იხდიდა გადასახადს, ის დაიჩაგროს, ხოლო, ვინც გადასახადის გადახდას თავს არიდებდა, მას ჩამოაწერონ გადასახადი. თუმცა 3- ათასლარიანი ჯარიმა კოლოსალურია და შემთხვევების ინდივიდუალურად განხილვა უნდა მოხდეს.
„3 ათასი ლარი ძალიან დიდი ჯარიმაა, მაგრამ ეს არის საგანგებო მდგომარეობა და მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოიქცეს. ადამიანებს შეუძლიათ, ინდივიდუალური შემთხვევები გაასაჩივრონ და შესაძლოა, განხილვის პროცესში დაჯარიმებულთა აზრი გაითვალისწინონ. ზოგს შეიძლება მანქანა გაუფუჭდეს, 9-ს რომ ათი წუთი აკლია, ან რაღაც მოხდეს, რასაც არ გეგმავდა კანონმორჩილი მოქალაქე. ვფიქრობ, ასეთი საქმეების განხილვა მოხდება და გაითვალისწინებენ საპატიო მიზეზებს“,-აცხადებს ნიკოლოზ მჭედლიშვილი For.ge-სთან საუბარში.