ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის შუამავლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის დიალოგის შუამავლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

,,8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკური ძალების ისტორიული მიღწევაა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციას და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც არ იყო მიღებული დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების სადაო ნაწილის ირგვლივ დისკუსიებს მოჰყვა.

„ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა, ხელი შევუწყვეთ ფორუმის შექმნას იმისთვის, რომ დამყარებულიყო ნდობა და მის მონაწილეებს რთულ კომპრომისებზე წასვლის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ამ დისკუსიების შინაარსის გასაჯაროება ან შეთანხმების ინტერპრეტაცია არ არის ჩვენი როლი.

დილოგის შედეგად მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ის დადებითად შეაფასა როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოებამ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს შეთანხმება შედგება ორი ნაწილისაგან - ერთი საარჩევნო სისტემას შეეხება, მეორე კი – სასამართლო სისტემაში შესაძლო პოლიტიკურ ჩარევაზე რეაგირებას. შეთანხმების წარმატებული განხორციელებისთვის მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მისი ორივე შემადგენლის სულისკვეთება გაიზიარონ“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე. დღეს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.