ამერიკის საელჩო: ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას

ამერიკის საელჩო: ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას

„შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების სადაო ნაწილის ირგვლივ დისკუსიებს მოჰყვა.

„8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა.

ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას.

მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისვთის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოპოზიცია აცხადებს, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე. დღეს არჩილ თალაკვაძემ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ ოპოზიციასთან შეთანხმების შინაარსს.

ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

რა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი აშშ-ის საელჩოში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა, წაიკითხეთ ამ ბმულზე.