ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა საშიში არ იქნება, რადგან მას უფრო მომზადებული და გამოცდილები შევებრძოლებით. ამის შესახებ ინფექციონისტმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.
„ამ დაავადების მართვა ახლა უფრო კარგად შეგვიძლია, ვიდრე 2 თვის წინ. დაავადების შესახებ ბევრი რამ გახდა ცნობილი: ვიცით მისი კლინიკური მიმდინარეობა, ვიცით ვირუსის ვერაგობა, როდის რა გართულებას უნდა ველოდოთ. რა სიმპტომებია მნიშვნელოვანი. როდესაც ვირუსის მეორე ტალღაზეა საუბარი, მინდა ვთქვა, რომ ეს მეორე ტალღა არ იქნება უფრო საშიში, მას როგორც საქართველო, ასევე მსოფლიო ბევრად მომზადებული შეხვდება . უკვე გვყავს გამოცდილი ექიმები, ვიცით მედიკამენტები, მკურნალობის მეთოდები. ამიტომ მეორე ტალღით ხალხის შეშინება არასწორია. პირიქით, ბევრად უფრო კარგი პლაცდარმი გვექნება, რომ კორონავირუსს შევუტიოთ“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.
საქართველოში კორონავირუსი 638 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.