„დღეს მოქმედი საგანგებო მდგომარეობა რომ შევადაროთ ნაციონალების დროინდელ საგანგებო მდგომარეობას, ცა და დედამიწასავითაა. ნაცები თვითონვე ქმნიდნენ საფრთხეს და თვითონვე იღებდნენ საგანგებო მდგომარეობას საკუთარი თავის წინააღმდეგ. გახსოვთ „იმედის“ დარბევა, 2007 წლის ამბები და მთელი უბედურება. დღეს კი საზოგადოებრივი ინტერესი ობიექტურად ითხოვდა საგანგებო მდგომარეობას“, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი For.ge-სთან საუბარში.
ეპიდემია ჯერ კიდევ სრულად გამქრალი არ არის, მაგრამ ეპიდემიოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ძალიან ადრე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიძლებოდა 10 აპრილის შემდეგ დაგვეწესებინა შეზღუდვები. კითხვები გაჩნდა ხელისუფლების მისამართითაც, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი კოვიდკრიზისს მანიპულირებისთვის იყენებს. თქვენ რას ფიქრობთ?
- არანაირი მანიპულირება აქ არ არის. ყველაფერი ეპიდსიტუაციის შესაბამისია და, როცა უკვე ამხელა საფრთხე აღარ არის, რაზეც მიუთითებს ეპიდემიის გავრცელების დინამიკა, მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაბილიტაცია. მთავრობა ადეკვატურად იქცევა და არ არის საფუძვლიანი მოსაზრება, თითქოს თავისი მიზნებისთვის იყენებს ამ სიტუაციას. რა მიზანი უნდა ჰქონდეს მთავრობას?
არგუმენტი ასეთია, რომ ხელისუფლებას სურს, ჩაკლას ოპოზიციის პოლიტიკური აქტიურობა წინასაარჩევნოდ.
- პოლიტიკურ აქტივობაზე ეს სიტუაცია არ მოქმედებს, სიტყვის თავისუფლება არ შეზღუდულა. პოლიტიკური აქტივობა ნებადართულია.
ოპოზიციის ნაწილი წუხს, რომ საპროტესტო აქციების მოწყობა კოვიდსიტუაციის გამო შეზღუდულია. მათი მოსაზრებით, წინასაარჩევნო კამპანია ხელისუფლებამ კარგა ხანია დაიწყო და ოპოზიციას ამის წარმართვის შესაძლებლობას არ აძლევს.
- რასაკვირველია, მიტინგები და შეკრებები პანდემიის პირობებში შეიზღუდებოდა. სულ არ სჭირდება ოპოზიციას მიტინგები, გავიხსენოთ, რა მდგომარეობა ჰქონდათ, ვითომ აცხადებდნენ ამ მიტინგებს და ხალხს ვერ კრეფდნენ. მათ ჰყავდათ ძირითადად თავიანთი ტელეაუდიტორია, თორემ მაგათ მიტინგებზე ვინ მიდიოდა?! სულ წინასაარჩევნო კამპანია არ აქვს ოპოზიციას? ერთი წუთითაც არ გაჩერებულან, სულ პროპაგანდაში არიან. ამიტომ არანაირი შეზღუდვა არ არის. არც ერთ მთავრობას, ვინც გინდა იყოს, არ აწყობს ეკონომიკის გაჩერება, ეს წარმოუდგენელია.
ფიქრობთ, კრიზისი უკვე გადაილახა?
- კრიზისში ჯერ კიდევ ვართ. საგანგებო მდგომარეობა 21 მაისამდეა, ფორმალურად მაინც ასეა, მაგრამ ნელ-ნელა იხსნება შეზღუდვები, რეაბილიტაციისკენ მივდივართ და მდგომარეობიდან გამოვდივართ.
არის მოსაზრება, რომ ხელისუფლებას აქვს დიდი ცთუნება, საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდეს.
- ეს უსაფუძვლოა. ყველაფერს ეჭვის თვალით შეიძლება უყურონ, მაგრამ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე მთავრობის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციაც ამას ნიშნავს, რომ 21 მაისის შემდეგ, ალბათ, აღარ გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა. გააჩნია, მთავარია, ეპიდსიტუაცია ისევ არ გაუარესდეს. საგანგებო მდგომარეობა არ გამოყენებულა იმისთვის, ვინმეს სამოქალაქო ან პოლიტიკური უფლება დარღვეულიყო. ასეთი იოტისოდენა შემთხვევაც არ მახსენდება. საგანგებო მდგომარეობა არ ყოფილა მიმართული რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, ან ეკონომიკური ინტერესის წინააღმდეგ. დღეს მოქმედი საგანგებო მდგომარეობა რომ შევადაროთ ნაციონალების დროინდელ საგანგებო მდგომარეობას, ცა და დედამიწასავითაა. ნაცები თვითონვე ქმნიდნენ საფრთხეს და თვითონვე იღებდნენ საგანგებო მდგომარეობას საკუთარი თავის წინააღმდეგ. გახსოვთ „იმედის“ დარბევა, 2007 წლის ამბები და მთელი უბედურება. დღეს კი საზოგადოებრივი ინტერესი ობიექტურად ითხოვს საგანგებო მდგომარეობას, რადგან პანდემიური საფრთხეა, ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება და მთავრობის მოქმედებაც იყო პროპორციული. არც კი მინდა, წარმოვიდგინო, რას გააკეთებდნენ ნაცები, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყვნენ და როგორ გამოიყენებდნენ საგანგებო მდგომარეობას.
ოპონენტთა დევნა დაიწყებოდა?
- არ ვიცი, ყველაფერს იზამდნენ თავიანთი ინტერესებისთვის. მათ ხმა ნამდვილად არ ამოეღებათ. ამას ყველა აღიარებს, რომ კრიზისის მართვა ამ მთავრობამ საუკეთესოდ თუ არა, კარგად მოახერხა. რასაკვირველია, ყველაფრის გაკრიტიკება შეიძლება, უკეთესზე უკეთესი არ დაილევა, მაგრამ პრინციპული შეცდომა არ დაუშვიათ. ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესებით იხელმძღვანელა, ხალხზე სათანადოდ არ იზრუნა, ან საჯარო ინტერესის გარდა სხვა ინტერესი ჰქონდა.
როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება გიორგი გახარიასეული პოსტკრიზისული გეგმა, არის ეს ეკონომიკის გადარჩენის გეგმა, თუ მხოლოდ ტურიზმის გადარჩენის გეგმაა?
- გიორგი გახარია სამოქმედო გეგმასავით წარადგენს ხოლმე ამ პოსტკრიზისულ შეთვაზებებს, მთელი დრამატურგია ჩანს ხოლმე ამ გეგმებში. კონკრეტულად, ეს არის სექტორალური გეგმა და ეხება მხოლოდ ერთ სექტორს-ტურიზმს. ცხადია, ეკონომიკის სხვა დარგებსაც სჭირდება მეტი ყურადღება, მაგრამ ყველაზე მძიმედ დღეს დაზარალდა ტურიზმი. აღდგენის ყველაზე დიდი პოტენციალი, თავისი შიდა რესურსებიდან გამომდინარე, სწორედ ტურიზმს აქვს და, თუ კარგად დაეხმარებიან, ადვილად აღდგება. მთავარია, საქართველოზე მოთხოვნა იყოს და ტურისტები ჩამოვიდნენ. ეს არ ნიშნავს, სხვა მიმართულებაზე მთავრობა არ ფიქრობდეს. გახარიამ თქვა კიდეც, ერთი კვირის შემდეგ განიხილება მშენებლობის სექტორში რა მდგომარეობაა და როგორ უნდა აღდგესო. ასე, დარგების მიხედვით, მერე განათლებაზეც იქნება საუბარი. ტურიზმის შემდეგ კი მთავარი პრიორიტეტი იქნება სოფლის მეურნეობა. როგორც ვიცი, სტრუქტურული ცვლილებიც იგეგმება, რათა მომსახურების სფეროდან სამრეწველო სფეროზე გადავიდეს აქცენტი და მეტი ყურადღება მიექცეს ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სწორედ ამაზე ფიქრობს მთავრობა და ხაზგასმით ითქვა, რომ ჯერჯერობით ეს არ არის საბოლოო პროდუქტი სამთავრობო გეგმისა ანტიკრიზისულ პერიოდში.
დაბოლოს, გაუგებრობა გამოიწვია ექვს თვეზე გადანაწილებული 200-ლარიანი და ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარებების გაცემამ. რატომ გახდა სალაპარაკო ეს თემა თვითდასაქმებულებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ სამუშაოს დადასტურება და, ასევე, დაუსაქმებლებისთვის, რომელთაც არავითარი დანაზოგი არ გააჩნიათ? ასეთი ადამიანები შიმშილისთვის უნდა გაწიროს სახელმწიფომ?
- რა გითხრათ, ეს არის პროგრამა, რომელიც, პირველ რიგში, ზრუნავს მათზე, ვინც შემოსავალი დაკარგა. თუ სახელმწიფომ არ იცის, ადამიანს ჰქონდა თუ არა შემოსავალი და ამას ვერაფრით ასაბუთებს, ვერც ერთი დოკუმენტით, მაშინ სიტუაცია რთულდება. საშემოსავლო ყველამ უნდა გადაიხადოს, ნებისმიერი შემოსავალი იბეგრება. თუ შენ არავისთვის არაფერი გაგიღია, სახელმწიფოსთვის ერთი კაპიკი არ გაგიღია და ახლა ითხოვ, რატომ არ მაძლევ თანხასო, ეს არასწორია. თუმცა გამოსავალი აქედანაც არსებობს და, თუ თვითდასაქმებულთათვის განკუთვნილი დახმარება ვერ შეხვდებათ შემოსავლის არმქონე პირებს, მაშინ სხვა სახის დახმარება მაინც შეხვდებათ.
მოგეხსენებათ, ქულების მიხედვით დახმარებები არსებობს. სახელმწიფო ასეთ ადამიანებზე ზრუნავს, როგორც შეუძლია. ჭამა ქონებაზე ჰკიდია. ეს დახმარებები უპრეცედენტოა, მე არ მახსენდება, საქართველოს ისტორიაში ყოფილა ასეთი რამ? უარესი განსაცდელი იყო აგვისტოს ომის დროს, მაგრამ არც ერთი თეთრი არავისთვის არ მიუციათ. ახლა კი გვაქვს სოციალური პაკეტი, რომელიც მილიარდ ლარზე მეტია. შეიძლება, ვიკამათოთ, რომ უკეთესად შეიძლებოდა ეს თანხები განაწილებულიყო, კრიტიკა შეიძლება, მაგრამ იმაში ვერ დავადანაშაულებთ მთავრობას, რომ საერთოდ არ იფიქრა ადამიანებზე.