ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდზე დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორია გამწვანდება. „ფონდ „ქართუსთან“ შეთანხმების ფარგლებში, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს დედაქალაქის გულის, მთაწმინდის ფერდის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის სრულ აღდგენა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ჩვენი მთავარი მიზანი, მთაწმინდის ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
საქმე ისაა, რომ ათეულობით წლების წინ დარგული ფიჭვები დაავადდა, გახმა და ჩანაცვლებას საჭიროებს. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იქნება, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ მიერ დენდროლოგიური პარკის განაშენიანებამ, გვახსოვს ოპოზიციის რამდენად არაადეკვატური რეაქცია გამოიწვია - გადასარგავი ხეების ტრანსპორტირების თითქმის ყველა პროცესი, გვარამიას „რუსთავი2“-ის გადაღებების და ოპოზიციური მიტინგების ფონზე მიმდინარეობდა. ასე რომ, მოსალოდნელია, მთაწმინდის ფერდის გამწვანების პროცესის გამო ბიძინა ივანიშვილი ისევ გახდეს ოპოზიციის სამიზნე.
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ ეს ის თემაა არაა, რომელიც პოლიტიკური გარჩევების მიზეზად უნდა იქცეს. სოსო მანჯავიძე: მთაწმინდის ფერდი ყოველთვის არ იყო გამწვანებული. - „Тбилиси окружен каменистыми горами“, - წერდა პუშკინი. ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდეგ საბჭოთა კავშირის დროს ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები, მაგრამ საქმე ის არის, რომ, ძირითადად, აქ დაირგო ისეთი მცენარეები, რომლებიც არ იყო ენდემური. მაგალითად, იგივე ტუია, შავი ფიჭვი, კიპარისი და სხვები, რომლებმაც კი იხარეს, მაგრამ ვინაიდან არ იყვნენ შეგუებული ამ კლიმატს, ამ ნიადაგს, მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდი არ აღმოჩნდა, ხეები დაავადმყოფდა და თუ სასწრაფოდ არ გამოიცვალა ახალი ნარგავებით, პუშკინის ეპოქას დავუბრუნდებით. თუმცა, იმ დროს ნამდვილად არ იყო ჰაერი ასე დაბინძურებული და მოშიშვლებული მთაწმინდის ფერდობი დღეს გაცილებით არასასურველი იქნება. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის არააქტუალური ამოცანა. ეს გუშინ რომ გაკეთებულიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა.
700 ჰექტარზე ახალი ტყის გაშენება ნამდვილად დიდი და კეთილშობილური საქმეა, მით უმეტეს, რომ დიდი რუდუნებით არის შერჩეული დასარგავი ხეების ჯიშები. ეს ძალიან კარგია. მეტსაც გეტყვით, მომავალში გასამწვანებელია თრიალეთის ქედის ის ნაწილი, რომელიც კრწანისს მიუყვება და რომლის ფართობიც დაახლოებით 80 ათასი ჰექტარია. ესეც, ჩემი აზრით, პირველი რიგის ამოცანაა, რომ გამწვანდეს და დაირგოს ენდემური მცენარეები, მაგალითად ნუში, ბროწეული, წითელი ტყემალი, იასამანი, ნეკერჩხალი, მუხა და ის წიწვოვანი მცენარეები, რომელიც ადაპტირებულია ამ გარემოსთან.
სხვათა შორის, იგივე ინგლისში არაენდემური მცენარეებით გამწვანებულ ფართობებს ენდემურებით ცვლიან და არა მარტო ინგლისში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს პრაქტიკა მიღებულია და ენდემური მცენარეები უფრო მეტ ეკოლოგიურ სარგებელს აძლევენ ადამიანსაც და გარემოსაც.
შესაბამისად, ეს მართლაც კარგი პროექტია და, თუ ეს განხორციელდება არასაბიუჯეტო სახსრებით, არამედ თანხას ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ გამოყოფს, რა შეიძლება ამაზე ითქვას, შესანიშნავი იქნება.
თუმცა ითქმება აუცილებლად...
- გასაგებია, რომ ითქმება, მაგრამ ადამიანს ჭამის გარდა, სუნთქვაც უნდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ვისაც წარმოუდგენია რა იქნება ზაფხულში თბილისი, თუ არ იქნება გამწვანებული მთაწმინდის ფერდობები, ამ პროექტზე მადლობის გარდა, ვერაფერს იტყვის. თბილისი არის ამფითეატრის კონფიგურაციის და როცა მთა არ იქნება გამწვანებული და გახურდება, რა ეფექტს მოახდენს ეს გახურებული ჰაერის მასები, რამდენად დაამძიმებს ეკოლოგიურ სიტუაციას თბილისში, ეს არაა ძნელი წარმოსადგენი.
მეტსაც გეტყვით, კიდევ დამატებით თუ მეტს გააკეთებენ და მეტად გაამწვანებენ არა მარტო მთაწმინდის ფერდობს, არამედ თბილისის სხვა, მათ შორის საბურთალოს მხარეს მდებარე ფერდობებსაც, მით უკეთესი იქნება. ამას მხოლოდ მივესალმები.