„ნუ დავიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ კორონავირუსმა გენეტიკის გამო არ დაგვაზიანა და ქართველებმა თავი დავიცავით. ერთადერთი, რის იმედადაც შეიძლება ვიყოთ, ეს არის ჩვენი სწორი ქცევა, ამ ვირუსთან ერთად ცხოვრების სწავლა“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის წარმომადგენელი ოთარ ჩოკოშვილი.
კორონავირუსთან დაკავშირებით პროგნოზს პოლიტიკოსებიც აკეთებენ. დონალდ ტრამპი ასკვნის, რომ პანდემიის ყველაზე ცუდი დღეები დასრულებულია, კორონა გაქცევას აპირებს. გადავივლით თუ არა კორონას პირველ ტალღას, თუ იქნება მეორე და შემდგომი ტალღებიც?
- არა მგონია, კორონა სადმე გაიქცეს. სამწუხაროდ, კიდევ ბევრ ადამიანს შეუქმნის პრობლემას, ასე მალე და მარტივად არ დაგვანებებს თავს. ამის საფუძველი ის არის, რომ ის საკმაოდ სწრაფად გავრცელებადი დაავადებაა, ვერაგი დაავადებაცაა, გარკვეულ შემთხვევაში, რთულად მიმდინარეობს და ძნელად სამკურნალოა. კიდევ უფრო უარესი ის არის, რომ, ბევრ შემთხვევაში, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადებებს ერთი ცუდი თვისება აქვთ, ისინი იტოვებენ იმის ალბათობას, რომ შესაძლებელია, მათი შემდგომი გავრცელება უსიმპტომოდ სხვადასხვა ადამიანებშიც მოხდეს. როდესაც უსიმპტომოა დაავადება, ის ყოველთვის აქვს ადამიანთა გარკვეულ რაოდენობას. ცხადია, უსიმპტომო ფორმებიც იქნება და სიმპტომიანიც, დიდი ალბათობით, კორონა კი არ დაგვტოვებს, არამედ შეიძლება, ასეთი დიდი მასშტაბები აღარ ჰქონდეს, შეამციროს მასშტაბები, რადგან ადამიანებმა ვისწავლეთ მასთან ბრძოლა. შეიძლება, რამდენიმე მედიკამენტი წარმატებულად გამოიცადოს, შემუშავდეს ვაქცინა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ კარგად ვაკონტოლოთ კორონა და ისეთ დაავადებად გადავაქციოთ, როგორიცაა ე.წ. პანდემიური გრიპი (ქათმის გრიპი, ღორის გრიპი), რომელსაც ყოველწლიურად სეზონურად ვებრძვით, ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ავადდება ამით და რამდენიმე ათეული ათასი ადამიანიც კი ეწირება. ეს უფრო მოსალოდნელი სცენარია, ვიდრე ის, რომ ერთ დღეს გავიღვიძებთ, ივნის-ივლისში იქნება, ახალ წელს, თუ ძველ წელს და ამ დღეს ვიტყვით, რომ კორონა აღარ არის, გაქრა და დედამიწაზე არც ერთი ადამიანი აღარ დაავადდება ამ ვირუსით.
ადამიანებს ახალი კორონას მიმართ ჯერ კიდევ ნულოვანი იმუნიტეტი აქვთ. როგორ უნდა გამოვიმუშავოთ იმუნიტეტი და რამდენად რთულია, შევუცვალოთ კორონას ხასიათი? ცხადია, ორგანიზმში ვირუსის ახლად შეჭრისას ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ როგორ იცვლის ხასიათს ორგანიზმში შეჭრისას თავად ეს ვირუსი? როგორ „მოვათვინიეროთ“ კორონა?
- თვითონ ვირუსებიც და ბაქტერიებიც დროთა განმავლობაში, როდესაც ისინი ადამიანებს განმეორებით და განმეორებით აავადებენ, შესაძლებელია, ნაკლებად აგრესიულნი გახდნენ, ნაკლებად მძიმდებოდეს მიმდინარეობა. ამის ალბათობა კორონას შემთხვევაშიც შესაძლებელია, მაგრამ ეს შესაძლოა ცოტა მოგვიანებით მოხდეს, ასე ადრეულ ეტაპზე არ მოხდება. უფრო მეტიც, შეიძლება ნებისმიერი დაავადება ადამიანებისთვის გარკვეული დროის შემდეგ ნაკლებად მომაკვდინებელი და ნაკლებად აგრესიული გახდეს, თუმცა ბევრმა დაავადებამ, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე საუკუნეებია, ადამიანებთან კავშირი აქვთ და ადამიანებს აავადებენ, სამწუხაროდ, ხასიათი არ შეიცვალა. არ დარბილდა, როგორც თქვენ ბრძანეთ, ადამიანისთვის არ მოთვინიერდა. ასეთ დაავადებებად რჩება საშიში ინფექციური დაავადებები, ქოლერა, შავი ჭირი, წითელა, წითურა, ცოფი. თუ ვაქცინას არ გავიკეთებთ, წითელა საკმაოდ მძიმედ მიმდინარე დაავადებაა. ეს დაავადებები როგორც ადრე იყვნენ აგრესიულები, ისეთებად დარჩნენ. ამიტომ ჩვენ მთლად იმის იმედად ვერ ვიქნებით, რომ მოვათვინიერებთ კორონას, ერთადერთი, ვირუსებთან ბრძოლისას მთავარი წარმატების გასაღები ის იქნება, რომ ხვალ და ზეგ გაიზრდება იმ ადამიანების იმუნური ფენა, ვისაც იმუნიტეტი ექნება ამ დაავადების მიმართ. დღეს ბევრი კვლევა ტარდება და მასობრივი ინტერესია გამოხატული კორონას მიმართ, ასეთივე ინტერესით რომ ვიკვლიოთ, სიტყვაზე, გრიპი, ან ნებისმიერი ინფექციური დაავადება და ამდენი რესურსი დავხარჯოთ, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მათი სიმძიმე უფრო დიდია. უფრო მეტად რომ ჩავეძიოთ, ვნახავთ, უფრო დიდ პრობლემას ქმნის ეს დაავადებები.
მაგალითად, შიდსით ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი კვდება, ასევე, ტუბერკულოზით, თუნდაც იმავე გრიპით რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი კვდება ყოველწლიურად, დიარეული დავადებებით ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ბავშვი კვდება მარტო მსოფლიოს მასშტაბით. კორონავირუსმა მძიმე შედეგები მოიტანა, ბევრი ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანი წაიყვანა, მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, ამ დაავადებამ საოცარი სიკვდილიანობის უნარი გამოავლინა და საოცრად მძიმე და საშინელი დაავადებაა. დღესდღეობით უკვე დაიწყო იმაზე ფიქრი და მეცნიერებს შორისაც გამოჩნდა სტატიები, ხომ არ გავყვეთ შვედეთის ვარიანტს, ანუ რაღაც დონეზე ვეცადოთ ვაკონტროლოთ ვირუსი, მაგრამ მთლად ისეც ნუ ვიზამთ, გულგახეთქილები ვიმალებოდეთ სახლში და ყველას გვეშინოდეს კორონის.
მხატვრულად რომ ვთქვათ, პირადად თქვენ თუ ელით მაღალ პიკს, ანუ ჯომოლუნგმას?
- ამ ეტაპზე არ უნდა ველოდოთ, თუმცა ეს მოსალოდნელია ხვალ-ზეგ, ან მაზეგ. თუ ჩვენ მოვდუნდით, მარტივად დავუწყეთ ამ ვირუსს ყურება, აღარ მოგვინდა და ვეღარ შევძელით სახლში ჩაკეტვა, ამას შეიძლება რთული შედეგები მოჰყვეს.
როდემდე უნდა ჩავიკეტოთ?
- ძალიან რთულია ჩაკეტვა, ყველას გვიჭირს. ჩემს შვილს ვერაფრით ვუხსნი, კვირეების განმავლობაში რატომ ვერ ვახერხებ მის ნახვას. ჩაკეტვის საჭიროება შეიძლება კიდევ დადგეს ოდესმე და წინა პლანზე ისევ წამოვიდეს, მაგრამ დღეისთვის იმაზე ვართ გადასულნი, როგორმე შეზღუვები შევარბილოთ. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ პერიოდს, როცა აღარ ჩავიკეტებით და ჩვენი ჩაკეტვის ტვირთი შემცირდება. თავიდანვე, როცა ვუყურებდი ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მაგალითებს, ვვარაუდობდი, რომ მაისის ბოლოსთვის უკეთესი სიტუაცია გვექნებოდა. მთლად ასპროცენტიანად ამას ვერავინ იტყვის, რომ უეჭველად დავამარცხებთ ამ ვირუსს, მაგრამ ჩვენ შევძლებთ, ვირუსი გავაკონტროლოთ. თუმცა, შეიძლება ისეც მოხდეს, თუ კარგად ვერ გავაკონტროლეთ სიტუაცია, შემთხვევებმა უცებ მოიმატოს.
ხშირად გვესმის, რომ ჩვენი კლიმატური, გენეტიკური ფაქტორები, ასევე, სისხლის კონკრეტული ჯგუფები წარმატებით ებრძვის კორონას. ქართველებს განსაკუთრებული გენი გვაქვს და ამით ვამარცხებთ ვირუსს? შეიძლება ეს ერთ-ერთ ფაქტორად განვიხილოთ?
- ამაზე ცოტა ძნელია საუბარი, რომ ჩვენ კარგი გენების ხალხი ვართ და ვიღაც ცუდი გენების ხალხია. ქართველებს გვიყვარს გამორჩეულებად თავის მიჩნევა. ამას რა სჯობს, გამორჩეული რომ არის ადამიანი, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ კორონავირუსის წინაშე ჩვენ არ ვიყოთ „კარგი გენეტიკის“ ხალხი. დიდი ალბათობით, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი გენეტიკის ხალხი. ალბათ, გახსოვთ, ერთი პერიოდი, ბცჟ (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო) ვაქცინაზე ატეხილი იყო აჟიოტაჟი. იმასაც ამბობდნენ, მოდით, ყველას გავუკეთოთ ბცჟ ვაქცინაცია. დღეს ამაზე მიწყნარდა საუბარი, რადგან ხალხი მიხვდა, რომ ნაკლებია იმის ალბათობა, დღეს ისევ მუშაობდეს 30 და 50 წლის წინ გაკეთებული ბცჟ ვაქცინა. ახლა უკვე დაიწყეს ქართველების გენეტიკაზე საუბარი, მაგრამ ქართველები თუ კარგი გენეტიკის ვართ და ყველაზე გამორჩეულები, მაშინ არ უნდა გვემართებოდეს კორონავირუსი. ის ქართველები, ვინც დაარღვიეს წესები, ვერ დაიცვეს თავი, ვერ ასცდნენ კორონავირუსს. განსაკუთრებით, მინდა ჩემი კოლეგები მოვიკითხო და მხარდაჭერა გამოვხატო მათ მიმართ. ძალიან ბევრი ექიმია ინფიცირებულებს შორის. რატომ? რადგან მათი რისკი ყველაზე მაღალია, სამწუხაროდ, მათ გენეტიკამ ვერ უშველა.
პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას როცა დიდი საფრთხე ემუქრება, ზოგჯერ ექიმი ვეღარ აქცევს ყურადღებას და თავის უსაფრთხოებას ივიწყებს, ცდილობს, უშველოს პაციენტს. ასეთ დროს ბევრი ჩემი კოლეგა დაავადდა. საბედნიეროდ, ჩემს ცენტრში არა, მაგრამ, ზოგადად, საქართველოში. მოგეხსენებათ, ინფიცირებულთა შორის არიან ცნობილი ექიმებიც, არაექიმებიც და არავინ დაინდო ამ ვირუსმა. ამიტომ ნუ დავიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ ამ ვირუსმა გენეტიკის გამო არ დაგვაზიანა და თავი დავიცავით. ერთადერთი, რის იმედადაც შეიძლება ვიყოთ, ეს არის ჩვენი სწორი ქცევა, ამ ვირუსთან ერთად ცხოვრების სწავლა. თუ სწორად მოვიქცევით, მუდმივად დავიცავთ ხელების დაბანის, დისტანციის წესებს, კარგ ნიადაგს შევქმნით, არ დაგვემართოს სხვა დაავადებებიც და არა მარტო კოვიდი. უნდა ვისწავლოთ სწორი ჰიგიენური ქცევები. ჩვენ რომ ეს ქცევაში გვქონდეს გამჯდარი და ნაკლებად ვარღვევდეთ ამ წესებს, დღეს ასეთი გავრცელება არ ექნებოდა კორონავირუსს არც ერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ადამიანები ინტენსიურად უნდა იცავდნენ ხველისა და ცემინების ჰიგიენას, დისტანციას, უნდა ვეცადოთ და ცუდად ყოფნისას დავრჩეთ სახლში, მაშინ ნაკლები იქნება ეს ტვირთი.