შეზღუდვები თანდათანობით უნდა შემსუბუქდეს, როგორც ეს ახლა კეთდება, მაგრამ ამ ზომების მინიმუმი, როგორიცაა ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი თვე... თუ ორი თვე არა, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ TV პირველის ეთერში საუბრისას.
„უნდა ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება. Covid-19, გრიპის ვირუსისგან განსხვავებით, სავარაუდოდ, მთლიანად არ გაქრება. ის რაღაც პერიოდი მაინც დარჩება. მთავარია, მივაღწიოთ იმას, რომ ეს ინფექცია გახდეს მართვადი“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.