საქართველოში გამოჯანმრთელდა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც სახლში მკურნალობდა

საქართველოში გამოჯანმრთელდა კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი, რომელიც სახლში მკურნალობდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ზახაშვილის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობდა, უკვე გამოჯანმრთელდა.

„შემიძლია, გაგახაროთ, რომ ის გამოჯანმრთელებულია. ამჟამად სხვა არავინ მკურნალობს სახლის პირობებში და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მედგრად უძლებს დაავადებულთა ამ რაოდენობას, რაც ახლა გვყავს. ეს კარგია ორი წამყვანი მიზეზის გამო; პირველი ის, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამ მხრივ, უფრო კარგადაა მართული, როცა დაავადებული ადამიანები იზოლირებულები არიან. მეორე ის, რომ მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა მიმდინარეობს მათ ჯანმრთელობაზე“ - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსი 604 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 240 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.