ინფექციონისტები გვაფრთხილებენ, რომ ვირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ მინიმუმ შემოდგომამდე, მაქსიმუმ, ერთი წელი. თუმცა ვირუსთან თანაცხოვრების პროცესში სახლებში გამოკეტვა უკვე ბევრისთვის გადაიქცა დამთრგუნველად. პროტესტი მატულობს არა მხოლოდ ემოციურად დამუხტულ ქართველებში, არამედ უემოციო უცხოელებშიც. Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის სახელით იზოლაცია და სახლებში გამოკეტვა არის „ფაშიზმი“.
„თუ ვინმეს სახლში დარჩენა სურს, მშვენიერია, არავინ არ უნდა დააძალოს, სახლიდან გამოვიდეს. თუმცა იმის თქმა, რომ ხალხს გარეთ გასვლა არ შეუძლია, რომ მათ ამის გამო დააკავებენ, ფაშისტურად ჟღერს. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის ფაშიზმი, დაუბრუნეთ ხალხს თავისუფლება“, - აცხადებს ილონ მასკი.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით ქართველ ინფექციონისტებშიც აზრი იყოფა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ძალიან ადრე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ჯობდა, შეზღუდვები ხელისუფლებას 10 აპრილის შემდეგ დაეწესებინა, რადგან ხალხი დაიღალა სახლში ჯდომით, წინა პლანზე წამოვიდა ფსიქიკური პრობლემები. ყველაზე მთავარი შეცდომა, რაც საგანგებო მდგომარეობის დროზე ადრე გამოცხადებამ მოიტანა, ის არის, რომ დროში უსაშველოდ გაწელილი „დარჩი სახლში“ კამპანიის ფონზე ხალხი ცდილობს, თავი დაიხსნას ოთხ კედელში ჯდომისგან, გადის გარეთ და, ფაქტობრივად, მოშვებულია. თავდაპირველმა შიშმაც გადაიარა და ადამიანები აღარ აქცევენ დიდ ყურადღებას, კორონავირუსი გადაედებათ თუ არა.
ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არის მოსაზრება, რომ საქართველოში კორონავირუსის ასეთი დაბალი გამოვლენის, დაბალი ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, როცა მძიმე პაციენტთა რიცხვი დაბალია, საშუალება გვეძლევა, მოვხსნათ შეზღუდვები.
საგანგებო მდგომარეობის შერბილების პირველი ეტაპი 27 აპრილიდან დაიწყო, როცა შესაძლებელი გახდა მსუბუქი ავტომობილებისა და ტაქსების მოძრაობა. ასევე, დაშვებულ იქნა ონლაინ-ვაჭრობა და ღია აგრარული ბაზრების მუშაობა. მთლიანობაში, მთავრობა აპირებს, ექვს ეტაპად განახორციელოს შეზღუდვების მოხსნა.
რას ფიქრობენ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ ეპიდემიოლოგები და იწონებენ თუ არა, რომ ყოველი ორი კვირის შემდეგ იგეგმება შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა?!
იმუნოლოგი დავით ნანობაშვილი For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყოველ ორ კვირაში შეზღუდვების მოხსნა გამართლებულია. მისი თქმით, ამ შეზღუდვებს გიორგი გახარია კი არ იგონებს, არამედ რეკომენდაციას იძლევა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავისი გამოთვლებით, ალგორითმებით, ისტორიით.
„ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტურნი არიან თენგიზ ცერცვაძე და ამირან გამყრელიძე და ეს არის ეპიდსამსახურების მიერ სტატისტიკიდან გამომდინარე გამოთვლილი შესაძლებლობები, რისკები. სპეციალური ალგორითმები არსებობს, რომლითაც ეს ყველაფერი ითვლება. შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ ვისი აზრი უნდა გაითვალისწინოს? ვიღაც მოქალაქის, რომელსაც ნევროზი დაეწყო, რადგან სახლში ჯდომა აღარ უნდა? ამიტომ გადავაყოლოთ მთელი ქვეყნის კეთილდღეობა და ჯანმრთელობა ასეთ ადამიანებს? ცერცვაძეს, გამყრელიძეს, იმნაძეს არ დავუჯეროთ და მედიცინაში არაკომპეტენტურ პირებს დავუჯეროთ? დედამიწაზე ყველაზე დიდი ფასეულობაა სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე წინ არაფრის დაყენება არ შეიძლება, თუნდაც ერთი ადამიანის სიზარმაცის, უხასიათობის, გარეთ გამოსვლის, გართობის სურვილის. თანაც, ჩვენ პატარა ერი ვართ, სულ რაღაც 3,5 მილიონი. ჯვარი გვწერია, მაგრამ ჩვენი გაწყვეტა უცებ შეიძლება. თურქეთმა შეიძლება ვერც იგრძნოს, 5 მილიონი ადამიანი რომ დაიღუპოს, რადგან თურქები 82 მილიონი არიან. ამიტომ პირველ ადგილზე უნდა იდგეს უსაფრთხოება. არც ერთ მთავრობას არ ვემხრობი, არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, ამ მთავრობასაც ბევრი შეცდომა აქვს, თბილისის მერიაზე საერთოდ აცრილი ვარ, მაგრამ ახლა, როცა ასეთი სიტუაციაა, როგორ შეიძლება, ჩვენს მთავრობას არ მივემხრო?“ - აცხადებს დავით ნანობაშვილი.
მისივე თქმით, ამას წინათ ჩვენი თანამოქალაქე ჩამოვიდა ესპანეთიდან, თუ ინგლისიდან და პირდაპირ დაწერა, უცხოეთში ძაღლად არ გვაგდებდნენ, სახლში ვეყარეთ, საქართველოში რომ ჩამოვედი, დამხვდნენ, საჭმელი დამახვედრეს, 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გადამიყვანესო.
„წარმოდგინეთ, 5-ვარსკვლავიან სასტუმროებშია ეს ხალხი განთავსებული. რომელიმე ქვეყანაში 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ვინმეს აჩერებენ?“, - აინტერესებს იმუნოლოგს.
ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ოთარ ჩოკოშვილი შეზღუდვების დაწესებას ემხრობა. ჩვენთან საუბრისას ის აცხადებს, რომ ეს დაავადება არავის ინდობს. საქართველოში ჩვენ გვაქვს სერიოზული სიტუაცია და, სანამ შევძლებთ, ჩავუღრმავდეთ ამ დაავადებას, იგი ქმნის ძალიან დიდ ტვირთს, ზოგადად, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სისტემების მხრივ, რაც ართულებს დანახარჯს.
კერძოდ, ადამიანი ავად რომ გახდება, თუნდაც ახალგაზრდა იყოს, ან ასაკოვანი, თუ იგი კვირაობით საავადმყოფოში წევს, შეიძლება დასჭირდეს ხელოვნური სუნთქვა და მკურნალობის უამრავი საშუალება. ეს ქმნის სერიოზულ პრობლემას, რაც ამძიმებს სიტუაციას.
„სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ვირუსის გავრცელება ვაკონტროლოთ. ჩვენ ვნახეთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, რაც დაემართა ბევრ ქვეყანას. ინგლისი ვითომ მიჰყვებოდა შვედეთის გზას, მაგრამ დღეს ძალიან გაუჭირდა და გაამკაცრა ღონისძიებები. ანუ სწორი პოლიტიკაა საჭირო. ცოტათი ვერაგი ვირუსია იმ კუთხით, რომ მიუხედავად იმისა, მაღალი სიკვდილიანობა არ აქვს, ძალიან ძნელია იმ მომენტის სწორად დაფიქსირება და დროულად მიხვედრა, როდის იწყება მისი მასობრივი გავრცელება. ეს ბევრ ქვეყანას დაემართა - იტალიას, ესპანეთს. გერმანია, ასე თუ ისე, საკმაოდ მედგრად ახერხებს ამ ვირუსის კონტროლს, გერმანელების ხასიათის გამო შედარებით კარგად მიდის საქმე. სამწუხაროდ, კორონავირუსმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებშიც გადმოინაცვლა, რომლებსაც ჩვენც მივეკუთვნებით. ბოლო პერიოდში ირანი იყო ერთ-ერთი პრობლემური ადგილი, მერე თურქეთში შეიქმნა პრობლემა, უამრავი ინფიცირებული ჰყავთ თურქებს, ძალიან გაიზარდა შემთხვევების რაოდენობა. რუსეთსაც ძალიან გაუჭირდა, რასაც ოფიციალურად ამბობენ და, რასაც არ ამბობენ, ეს კიდევ სხვა თემაა. ბევრმა ქვეყანამ, სამწუხაროდ, ვერ დაიჭირა მომენტი, როდის უნდა გაემკაცრებინათ ღონისძიებები, ჩვენ კი რაღაც დონეზე დავიჭირეთ ეს მომენტი და სწორედ ამის გამო შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ, დღეის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი კარგად ექვემდებარება კონტროლს“, - აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი და კონკრეტულ თარიღსაც ასახელებს, როდის გახდება მილევადი კორონავირუსი.
მისი მოსაზრებით, მესამე თვეში ეს ვირუსი უკვე კარგად გაკონტროლდება. საქართველოში კორონავირუსი თებერვლის ბოლოს დაფიქსირდა, გავიდა მარტი, აპრილი და მესამე თვის ბოლოსკენ, ანუ მაისისკენ ამ ვირუსს გავაკონტროლებთ.
ასე მოხდა ჩინეთშიც, სადაც დეკემბერში დაფიქსირდა ვირუსი და მარტში ჩინელებმა შემთხვევების რაოდენობა მინიმუმადე დაიყვანეს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ქვეყნებზეც. ვირუსის გავრცელება ცოტათი გახანგრძლივდა იტალიაში, თორემ დანარჩენი ქვეყნები, ასე თუ ისე, ტემპში მიდიან და დაახლოებით მესამე თვისთვის უკვე კარგად გაკონტროლებულია ინფექცია.
„ყველა სახლში რომ დაჯდა და კარგი ეფექტი მივიღეთ, ეს მოხდა მხოლოდ საქართველოში, რომლის მოდელიც ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ და ხელმძღვანელობამ კარგად იმუშავა, მაგრამ ეს ყველაფერი ძვირად დაგვიჯდა არა ადამიანების სიცოცხლის მხრივ, არამედ ეკონომიკური და ფსიქოლოგიური დანაკარგების გამო. კიდევ რა გართულებები მოჰყვება ამ ყველაფერს, არავინ იცის, რა ფსიქოლოგიური და სხვა სახის ზიანი მიადგებათ ადამიანებს, თუნდაც სახლში გამოკეტილ ბავშვებს, აბიტურიენტებს, მათ ჯანმრთელობასა და განათლებას. ასეთი პრობლემები გველის და ეს არის ის საფასური, რაც ჩვენ ამ დაავადებასთან ბრძოლაში უნდა გადავიხადოთ“, - აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.