ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა უსახლკაროების და ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად £1 მილიონი გადარიცხა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
როულინგმა შესაწირი ჰოგვარტსის ბრძოლის დღეს გააკეთა, რომელიც ჰარი პოტერის შესახებ რომანების ქრონოლოგიით 1998 წლის 2 მაის შედგა.
„დღეს ჰოგვარტსის ბრძოლის 22-ე წლისთავია, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ ახლა გამოგონილი პერსონაჟების სიკვდილზე საუბარი უადგილოა. ახლობლებს ახლა რეალობაში ძალიან ბევრი ადამიანი კარგავს. როცა რთული დრო დგება, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ყველაზე ღარიბები და მოწყვლადები არიან, ასე რომ ქველმოქმედებისთვის £1 მილიონს გავიღებ“, - დაწერა როულინგმა.
აპრილში როულინგმა თვითიზოლაციაში მყოფი ბავშვების და მათი მშობლების დასახმარებლად ჰარი პოტერის სამყაროს შესახებ ახალი ვებპორტალი გახსნა.