დღეიდან დასაშვები ხდება ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დაშვებულია ყველა სახის სამშენებლო–სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ასევე ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა.
გარდა ამისა, დღეიდან ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე დასაშვებია ქუთაისში და ბათუმში შესვლა და გასვლა, თუმცა ძალაში რჩება კომენდანტის საათის მოქმედება. შეზღუდვები ძალაში რჩება თბილისსა და რუსთავში, რაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითაა გამოწვეული. უახლოეს დღეებში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდვები მოიხსენება რუსთავსა და თბილისშიც.
მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული გეგმის თანახმად ქვეყანა ეტაპორივად უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმსს, „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ გეგმას აქვს ორი ძალიან დიდი ხარვეზი. პირველი ეს არის მისი არასრულყოფილება, გეგმის მეორე ხარვეზი ის არის, რომ მისი შესრულება ძალიან ნელა ხორციელდება. ბაქრაძის განცხადებით, ასეთი არასრულყოფილი გეგმით და მისი შესრულების ნელი ტემპით საქართველო უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
„თვენახევარი გავიდა საგანგებო მდგომარეობის პირობებიდან, ორი კვირა გავიდა მთავრობის მიერ ამ გეგმის წარდგენიდან და ვხედავთ, რომ დღემდე არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ არის გადადგმული, არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ მიუღია დახმარება და ახლა მიდის მსჯელობა, სამომავლოდ რას დაამტკიცებენ და როგორ?
უნდა გვესმოდეს, რომ ყველა დაკარგული დღის ანაზღაურებას მომავალში შეიძლება, რამდენიმე თვე არ ეყოს, იმხელა ზიანს ვიღებთ ახლა. ამიტომ, ასეთი არასრულყოფილი გეგმით და ამ გეგმის შესრულების ასეთი ტემპით, საქართველო აღმოჩნდება უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში და ამის მიზეზი იქნება მთავრობის არასრულყოფილი, ნელი და არაკომპეტენტური მოქმედება ეკონომიკის მიმართულებით,“ – აცხადებს დავით ბაქრაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ რეგულაციების მოხსნა უნდა იყოს გეგმაზომიერი და მოხდეს ეპიდვითარებიდან გამომდინარე.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით კრიზისულ ფაზაში და ამაზე საუბრობენ ეპიდემიოლოგები. ზოგადადაც, მიჩნეულია, რომ შიდა გავრცელების მეექვსე–მეშვიდე–მერვე კვირა, რა ეტაპზეც ახლა საქართველო იმყოფება, არის ეპიდემიოლოგიურად ყველაზე სახიფათო და საყურადღებო პერიოდი. ასე რომ, მით უმეტეს ამ პერიოდისათვის რეგულაციების მოხსნა უნდა იყოს გეგმაზომიერი და თანმხვედრი ეპიდვითარებასთან და არა გადაჭარბებული, არა მხოლოდ სურვილებზე ან მით უმეტეს, ვიღაცის პოლიტიკურ სარგებელზე დამოკიდებული.
ეს არის სახიფათო, ამიტომ „ევროპული საქართველოს“ ულტიმატუმები, მით უმეტეს ამ პერიოდში და ამ ფაზაში, როცა საპირწონედ შესაძლოა ხიფათის ქვეშ დადგეს საზოგადოების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება, ეს არის არა მხოლოდ უსაფუძვლო, არამედ ხიფათის შემცველი. ვფიქრობ, რომ ისინი ვერ ერკვევიან ამ საკითხში ან განზრახ უბიძგებენ საზოგადოებას, რომ მათში გამოიწვიონ მღელვარება. მღელვარებაში კი, მათ ნახონ პილიტიკური სარგებელი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიზნესის მექანიკური გახსნა იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნესი ამუშავდება, იმიტომ, რომ ჩვენ სულ სხვა სამყაროში გადავდივართ. მისი თქმით, გახსნა ნიშნავს სხვა რამეს, ის უნდა ამუშავდეს, დაიქოქოს და გადაადგილდეს. ამასთან დაკავშირებით ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას არათუ გეგმა, ხედვაც კი არ აქვს ჯერჯერობით წარმოდგენილი.
„კრიზისის მართვის თვალსაზრისით სისტემური შენიშვნები ჩვენ არ უნდა გვქონდეს, იმიტომ, რომ ეს არის იმ ტიპის პრობლემა, რომლის დროსაც საზოგადოება უნდა იყოს სოლიდარული და ლოიალური ხელისუფლების მიმართ. ჩემი პრეტენზიები უფრო მომავლისკენაა მიმართული. ჯერჯერობით, ჩვენ ხელისუფლებისგან რეალური ეკონომიკური რესტარტის გეგმა არ მოგვისმენია და ჯერჯერობით, რა პრეზენტაციებიც ჩატარდა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ არათუ გეგმა, ხედვაც კი არ აქვთ ეფექტური. ისევ ტურიზმზე საუბრობენ. მოგეხსენებათ მისი გაცოცხლების პერსპექტივა არის ძალიან ბუნდოვანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში გამომდინარე ამ სტრესიდან. ასე რომ, მე დღეს უფრო მაქვს მომავლის შფოთი, ვიდრე ოპერატიული მენეჯმენტის“, – აცხადებს გია ხუხაშვილმა.
ტრადიციულად, მთავრობას და პარლამენტს უმოქმედებაში ადანაშაულებს „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობამ ქვეყნის წინაშე წარმოშვა უამრავი პრობლემა და შესაბამისად დეპუტატი მთავრობას მოუწოდებს, რომ პარლამენტში დროულად წარმოადგინოს საგანგებო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა. მისივე თქმით, ნებისმიერი თეთრი, რომელიც ბიუჯეტიდან დაიხარჯება, პარლამენტმა უნდა გააკონტროლოს.
„პარლამენტი „ნებაყოფლობით შვებულებაში“ იმყოფება. პარლამენტი ვალდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მაკონტროლებელი და საზედამხედველო ფუნქციები შეასრულოს. საქართველოს მთავრობამ 600 000 ჩვენი მოქალაქე, რომელსაც თვითდასაქმებულებს უწოდებენ, გაწირა შიმშილისთვის, ამიტომ პარლამენტმა უნდა იმსჯელოს საგანგებო ბიუჯეტზე, რომელიც დღემდე არ წარმოუდგენია მთავრობას.
მთავრობა, რომელსაც თუკი ვენდობით, მაგრამ ხშირად ილუზიებში იმყოფებიან, აპირებს რამდენიმე მილიარდის დახარჯვას ისე, რომ არაფერს ეკითხება ხალხს, ვინაიდან პარლამენტი არის ხალხის წარმომადგენელი და პარლამენტის ნებართვით უნდა იყოს გაწეული ნებისმიერი ხარჯი და ნებისმიერი თეთრი უნდა იყოს აყვანილი კონტროლზე. დისტანციის დაცვით პარლამენტი უნდა შეუდგეს საკუთარი უფლებამოსილების აღსრულებას, ხოლო მთავრობამ კეთილი ინებოს და დროზე წარმოადგინოს პარლამენტში საგანგაბო ბიუჯეტი და ანტიკრიზისული გეგმა,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ვიცე–სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, საპარლამენტო ცხოვრება არ შეჩერებულა, პირიქით, გრძელდება, თუმცა არა იმ პირობებსა და ვითარებაში, როგორც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე იყო. ვიცე–სპიკერი გოცირიძეს ურჩევს კონსტიტუცია წაიკითხოს.
„იმისათვის, რომ პარლამენტი საქმიანობის ჩვეულებრივ რეჟიმს დაუბრუნდეს, საგანგებო მდგომარეობა უნდა მოიხსნას. მოგეხსენებათ, რომ მოვდევნო 2 კვირის განმავლობაში გადავდივართ ყველაზე მძიმე ეტაპზე. როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, გავრცელების ყველაზე მაღალი პერიოდი დგება. და სწორედ, დღეს, აცხადებს ოპოზიცია, რომ ბოიკოტის რეჟიმს წყვეტს.
ანუ გამოდის, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ვიღებდით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში იყო და თურმე ამ პროცესში არ მონაწილეობდა. ახლა კი, როცა ყველაზე მძიმე კრიზისულ ეტაპზე გადავდივართ, ახლა გაახსენდათ საპარლამენტო კონტროლი და ჩვეულებრივ საპარლამენტო ცხოვრებაზე გადასვლა“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.