“კორონავირუსი არის სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს“

“კორონავირუსი არის სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს“

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსი იმაზე მეტად სახიფათო აღმოჩნდა, ვიდრე ეს თავიდან ეგონათ. ცერცვაძის ინფორმაციით, ეს არ არის უბრალოდ ვირუსული პნევმონია, ეს არის გაცილებით უფრო სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს.

„ეს დაავადება იმაზე უფრო სახიფათო და ვერაგი გამოდგა, ვიდრე თავიდან ეგონათ. ეს არ არის უბრალოდ ბანალური ვირუსული პნევმონია, ისეთი, რომელიც თუნდაც H1N1 გრიპის დროს ან სხვა ვირუსული ინფექციების დროს ვრცელდება. ეს არის გაცილებით უფრო სახიფათო დაავადება, რომელსაც მთელი რიგი გართულებები ახლავს მთელი რიგი ორგანოთა სისტემის მხრივ. ვითარდება ფილტვების სერიოზული დაზიანება და თან შესაძლოა, სხვადასხვა ტიპით მიმდინარეობდეს ეს დაზიანება. ეს ურთულებს ინფექციონისტებსა და რეანიმატოლოგებს პროცესის მართვას და მოითხოვს მაღალ კვალიფიკაციას, მაგალითად იმისთვის, თუ რომელი პაციენტები უნდა იქნენ გადაყვანილნი მართვით სუნთქვაზე და რომელი არა. სხვა დაავადების დროს ეს მარტივად წყდება. აქ ეს რთული გადასაწყვეტია. რადგან დაავადების ფორმები და მიმდინარეობა სხვადასხვაა. ამ ავადმყოფებს ხშირად უვითარდებათ დარღვევები სისხლის შემდედებელი სისტემის მხრივ და ხშირია თრომბოემბოლიური გართულებები, რაც ასევე მოითხოვს შესაბამის მონიტორინგს და შესაბამისი მედიკამენტების გამოყენებას და კორექციას. ესეც ადრე არ ვიცოდით, არავინ იცოდა და პროცესში ვლინდება. საქართველოში ასეთი გართულებების რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ისევე როგორც მათი წარმატებული მართვის შემთხვევები. ტრომბოემბოლიური გართულებები როდესაც დაფიქსირდა, ეს პაციენტები არ იყვნენ მძიმე. ამ პაციენტებს ჰქონდათ საშუალო სიმძიმის მიმდინარეობა და ამ გართულების შემდეგ ისინი დამძიმდნენ. ის უჩვეულოდ მიმდინარეობს როგორც პნევმონია, რომელსაც ახასიათებს არატიპური მიმდინარეობა განსხვავებით სხვა ვირუსული პნევმონიებისგან",- განაცხადა ცერცვაძემ.