30 აპრილის სხდომაზე უკრაინის რადა არანაირ საკადრო საკითხს არ განიხილავს, მათ შორის საქართველოს ექსპრეზიდენტის და ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ, - ამის შესახებ პარტია «Слуга народа»-ს ფრაქციის თავმჯდომარემ ევგენია კრავჩუკმა ტელეარხ „უკრაინა 24“-ის ეთერში განაცხადა.
„დიახ, ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ არანაირი საკადრო საკითხის განხილვას, მათ შორის რეფორმების დარგში ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურის შესახებ, რასაც აქამდე განვიხილავდით. არ არსებობს მისი კანდიდატურის მხარდამჭერი ხმები“, - განმარტა კრავჩუკმა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი დამატებით კონსულტაციებს ატარებდა სხვა პოლიტიკურ ძალებთან. „მაგრამ, ეს პოლიტიკაა, დემოკრატია, ეს უმაღლესი რადას გადაწყვეტილებაა“, განაცხადა კრავჩუკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, ამ საკადრო საკითხს პარლამენტი აღარასდროს დაუბრუნდება.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს. დღეს კი უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია, ვინაიდან საკმარისი რაოდენობის ხმების მოგროვება ვერ შეძლო.