თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა კორონავირუსთან ოზონოთერაპიის მეთოდის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმში ის 4 პაციენტზე გამოიყენეს და 3 შემთხვევაში საკმაოდ დადებითი შედეგი მიიღეს და თბილისში ამ პაციენტების ისტორიას შეისწავლიან.
„ნუ მივცემთ ამას გადაჭარბებულ შეფასებას. ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს. ჯერ უნდა შევისწავლოთ ეს შედეგები. ისინი გამოგვიგზავნიან ამ ოთხ ადამიანზე ჩატარებული მკურნალობის შედეგებს. ჩვენ შევისწავლით, იყო თუ არა მართლა ასეთი ეფექტი, ხომ არ იყო რაიმე გვერდითი ეფექტი და მხოლოდ შემდეგ გადაწყდება, გაგრძელდეს ამ მეთოდით კვლევა თუ არა. თუ გაგრძელდება, გაგრძელდება მხოლოდ კვლევა და არა სამკურნალოდ გამოყენება", - განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.