თენგიზ ცერცვაძე: ზოგ ჩასაფრებულ ადამიანს არ უხარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წარმატებულია ვირუსთან ბრძოლაში

თენგიზ ცერცვაძე: ზოგ ჩასაფრებულ ადამიანს არ უხარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წარმატებულია ვირუსთან ბრძოლაში

მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე ოფიციალურად რეგისტრირებული შემთხვევები. არც ერთ ქვეყანაში არაა ყველა ადამიანი გამოკვლეული. ამიტომ, ჩვენთანაც, სავარაუდოდ, ინფიცირებულების რიცხვი აჭარბებს დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

„მინდა, გავაფრთხილო ისინი, ვინც ამის ნეგატიური პროპაგანდისთვის გამოყენებას ცდილობენ. გარკვეული კვლევები ადასტურებს, რომ ისეთ ინფიცირებულთა რიცხვი, ვინც ჩვენ არ ვიცით, არის ძალიან ცოტა. თუ ჩვენ ვიცით, რომ გვყავს, მაგალითად 500 დადასტურებული პაციენტი, თუ ჩვენ გამოვიკვლევთ დანარჩენებსაც, ამას არამც და არამც არ დაემატება ამაზე დიდი რაოდენობა. ზოგ ჩასაფრებულ ადამიანს არ უხარია, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა წარმატებულია ვირუსთან ბრძოლაში. დავუშვათ, გვყავს 539 ინფიცირებული და დაგვემატა ერთი ამდენი. ეს ხომ არ შეცვლის გარდაცვალების 6 შემთხვევას? ეს ხომ კიდევ უფრო შეამცირებს გარდაცვლილთა პროცენტს? გამოდის, რომ სიკვდილიანობის პროცენტი დაქვეითდება... ხომ არავინ გარდაიცვლება იმ უსიმპტომო ინფიცირებულთაგან, რომელნიც, სავარაუდოდ ინფიცირებულები არიან?“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.