საქართველო „რემდესივირის“ რიგში უშანსოდ იქნებოდა, რადგან ჯერ დააკმაყოფილებდნენ იმ ქვეყნებს, სადაც ბევრი ავადმყოფი და გარდაცვლილია, თუმცა „გილიადი“ ის კომპანიაა, რომელიც ცე ჰეპატიტის ელიმინაციის ფარგლებში, ჯანდავის სამინისტროსთან და მთავრობასთან კარგი თანამშრომლობის შესაბამისად, საქართველოს უფასოდ აწვდის მედიკამენტებს და ქვეყანას დიდ პატივს სცემს.
ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამიტომ ისარგებლა ჯანდაცვის მინისტრმა ამ პრივილეგიით და უშუალოდ მიმართა კომპანიას, რომ გაითვალისწინოს საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობის ისტორია და მისცეს „რემდესივირი“.
„არის იმედი, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც რემდესივირს მიიღებს“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
მისივე თქმით, 15 მედიკამენტის კვლევა დაიწყეს თავიდანვე იმის გასაგებად, თუ რომელი მედიკამენტი გაამართლებდა და ამ ჯგუფში „რემდესივირი“ თავიდანვე ფავორიტად მოიაზრებოდა.
ამის შემდეგ კი იმედები არ გამართლდა და იყო კვლევის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ ეს პრეპარატი არც ისე ეფექტურია, როგორც თავიდან ეგონათ.
„ახლა ისევ შეიცვალა სიტუაცია, თქვენ იცით, რომ ამერიკის ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის დირექტორმა ფაუჩიმ დადო საკმაოდ თამამი განცხადება, რომ „რემდესივირი“ ეფექტურია ამ დაავადების დროს და შესაძლოა, ეს იყოს გზა გადარჩენისკენ. ამას ყველა არ ეთანხმება და არის განსხვავებული აზრები, როგორც ეს „პლაქვენილის“ შემთხვევაშია, მაგრამ დღეს ჭარბობს აზრი, რომ „რემდესივირი“ კარგია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
„რემდესივირი“ კომპანია Gilead-ის მიერ შექმნილი პრეპარატია. კორონავირუსთან ბრძოლაში მისი ეფექტიანობის დასადგენად კვლევები მიმდინარეობს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე შედეგებზე საუბარი ნაადრევია. ამასთან, პრეპარატის დადებითი ეფექტის შესახებ განცხადება აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ გამოთქვა.