დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში გუშინ გამოვლენილი 22-ვე ახალი ინფიცირებულის ყველა წყარო და კონტაქტი გამოვლენილია.
„ყველა მათგანი გადაყვანილია შესაბამის კოვიდცენტრებში და მიმდინარეობს მათი მკურნალობა. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, 1.1% ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში. აქედან გამომდინარე, დინამიკის ასეთ ზრდას თუ მომდევნო ორ კვირაშიც შევინარჩუნებთ და დღეში გვეყოლება 20, 30 ან თუნდაც 40 ახალი ინფიცირებული, ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის ვითარება სრულიად მართვადი იქნება“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების შესრულებისკენ; სოციალური დისტანციისა და ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ.
საქართველოში კორონავირუსი 539 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.