ვის არ უნდა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა?

ვის არ უნდა სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობა?

[რუსიკო მუმლაძე]
NDI ახალ რეიტინგებს აქვეყნებს, სადაც გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 26% უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერებას 2013 წელს. ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებებით გაჟღერებულ გამოკითხვებში მოსახლეობის 71% თავს უმუშევრად თვლის და ამავდროულად, გამოკითხულთა 55% მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს. თუმცა, იგივე მოსახლეობა ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის.

ადგილობრივი არჩევნების წინ გაკეთებული გამოკითხვებით NDI-იმ მიხეილ სააკაშვილს ჯერ ის უთხრა, გიგი უგულავას შენზე მეტი რეიტინგი აქვსო, არჩევნების შემდეგ ჩატარებული კვლევებით კი, გამოუცხადა, შენი გაპრემიერება მოსახლეობის ძალიან დაბალ პროცენტს უნდაო. იქნებ, ეს იმ გავრცელებული ინფორმაციის “ირიბად დამადასტურებელი” ფაქტია, როცა ქართველი პოლიტექსპერტები აცხადებენ, დასავლეთმა და ამერიკამ აღარ იცის, სააკაშვილს რა უქნას და სად წაიყვანოსო.

ბევრი იმასც ამბობს, საერთაშორისო საზოგადოებიდან აშკარა მესიჯები მოდის, რომ საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ხელისუფლებიდან უნდა წავიდესო. ყოველ შემთხვევაში, ზედიზედ ორი რეიტინგის ჩატარება, სადაც ქვეყნის პირველი პირის არასახარბიელო პოლიტიკური პოზიციები ასე აშკარად ქვეყნდება, მაინცდამაინც ქართულ დემოკრატიაზე არ უნდა მიუთითებდეს და უფრო ვიღაცის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს გამოკითხვები შეკვეთილია NDI-ისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, ხოლო შესრულებულია, ხელისუფლებასთან ალიანსში “ეჭვმიტანილი” კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ, აქ რაღაც მაინც არის საეჭვო. საეჭვოა და საკითხავია, სულ მცირე, ის მაინც, რატომ აგდებს უცხოური ორგანიზაცია უხერხულ მდგომარეობაში პრეზიდენტ სააკაშვილს?

თბილისის მერის არჩევნების წინ, იგივე რესურსცენტრის ჩატარებულ გამოკითხვებთან დაკავშირებით, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ეჭვს გამოთქვამდა, რომ გიგი უგულავას მაღალი რეტინგი, შეიძლებოდა, სწორედ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდებოდა. ექსპერტი არ გამორიცხავდა, რომ თავისუფლების ინსტიტუტს აქვს დაწყებული ბრძოლა საქართველოს პრეზიდენტის სავარძლისთვის.

მას შემდეგ ის შეიცვალა, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტით, ქვეყანაში, 2013 წლისთვის, ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტი აღარ იარსებებს და განუზომელი ძალაუფლებით აღჭურვილი პრემიერ-მინისტრი გვეყოლება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ “თავისუფლების ინსტიტუტი” ბრძოლას პრემიერობისთვის იწყებს, მაშინ მათ მარტო NDI-ის გამოკითხვებისა და ამერიკელი მფარველების იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ.

უგულავას გუნდმა გავლენის სფეროები საკუთარ პარტიაშიც უნდა გააძლიეროს, რადგან მომავალ პრემიერ-მინისტრს, ხომ არჩევნებში გამარჯვებული პარტია დაასახელებს. “ნაცების” თავი და ხერხემალი კი, ჯერ ისევ ვანო მერაბიშვილია, რომელიც, ჯერჯერობით, სააკაშვილის ერთგულ მომხრედ ითვლება. გარდა ამისა, არც უმრავლესობის გავლენიან ლიდერს, პეტრე ცისკარიშვილს ეხატება გულზე უგულავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ხელითაც კი შეეხნენ ერთმანეთს, როცა “ნაცმოძრაობის” მერობის კანდიდატის შერჩევაზე მწვავე კონსულტაციები მიდიოდა პარტიაში. მე არ მინდა, შენ იყო თბილისის მერიო, უთქვამს მაშინ ცისკარიშვილს უგულავასთვის. თუმცა, უგულავა, რომელმაც მაშინ საკუთარი თავი მერობის კანდიდატად თავადვე წარადგინა, დღეს მაინც თბილისის მერია.

როგორც ექსპერტები და პოლიტიკოსები ვარაუდობენ, ”ნაცების” შიდა ომები საპარლამენტო არჩევნების წინ გადამწყვეტ ფაზაში შევა, როცა იმ ხალხის საპარლამენტო სიაში ჩასმაზე მიდგება საქმე, ვისი მომავალ პარლამენტში გასვლაც, ამა თუ იმ გუნდის ინტერესებში იქნება. მანამდე კი, ვნახოთ რას გვეუბნება NDI-ის გამოკითხვები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

2 253 გამოკითხულის (მათ შორის 900 თბილისელია) 52% თვლის, მათ არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. NDI-ის დირექტორის ლუისNნავაროს თქმით, მოსახლეობას ადგილობრივი დამკვირვებლების მიმართაც უფრო დადებითი დამოკიდებულება აქვს, ვიდრე ნეგატიური. რაც მთავარია, გამოკითხულთა უმრავლესობა ასევე, მიიჩნევს, რომ ადგილობრივი არჩევნები დადებითად ჩატარდა.

ამ გამოკითხვებისPპარადოქსი სწორედ აქ გამოჩნდა: ერთის მხრივ მოსახლეობა ჩატარებულ არჩევნებსა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობას დადებითად აფასებს, მეორეს მხრივ კი აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად შემდეგი ძირითადი დაბრკოლებები არსებობდა:

1.სიებთან დაკავშირებული პრობლემები; 2. ამომრჩეველთა მოსყიდვა; 3. ერთის მიერ მეორის ნაცვლად ხმის მიცემა; 4. ხმის მიცემა სამსახურის შესანარჩუნებლად; 5. ბიუჯეტიდან არჩევნებისთვის უსამართლოდ ფულის ხარჯვა. 6. ხმის მიცემა ერთზე მეტჯერ. 7. საარჩევნო ბიულეტენში ზედმეტი ბიულეტენების ჩაყრა…

რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ამის შემდეგ 23% ამბობს, რომ არჩევნები ძალიან კარგად ჩატარდა, 30% - კარგად ჩატარდა, 10% - გაყალბებულია, ხოლო 20 % თვლის, რომ ნაწილობრივ კარგად ჩატარდა, ნაწილობრივ - არა.

წინა რეიტინგებთან დაკავშირებით ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეტყობა, კვლევების უშუალო ჩამტარებელმა, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა “ნაციონალების” მომხრეები გამოკითხაო. და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, ნავაროს ეს კითხვა დავუსვით, რა კატეგორიის მოსახლეობა გამოიკითხა?

ნავარომ პრესა.გე-ს ამ კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: “მაშინ ოპოზიციამ ისიც გაითვალისწინოს, რომ ამ გამოკითხვებით პრეზიდენტის გაპრემიერებას 26% უჭერს მხარს. ყოველი ახალი კვლევისას იცვლებიან ადამიანები და შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არიან ამორჩეულები”.

არადა, გამოკითხულთა 79% თვლის, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ საკმარის ინფორმაციას იღებენ მედიიდან. ამ დროს კი, ყველა საერთაშრისო ორგანიზაციების მოხსენებაში ნათქვამია, რომ “ნაცების” ხელისუფლებამ ქართული მედიასივრცე ჩაკეტა, ხოლო ხელისუფლებისგან არაკონტროლირებადი ტელევიზიების გავრცელების არეალი იმდენად მცირეა, ფაქტობრივად, მხოლოდ თბილისსა და მის შემოგარენს ფარავს.

გაზეთების საყიდელი ფული რომ დაუსაქმებელ ადამიანებს ყოველდღე არ ექნებათ, ამაზე ცოტა ქვემოთ მოგიყვებით, როცა რეიტინგების სოციალურ ნაწილზე გადავალთ. მანამდე კი ჩნდება კითხვა, რატომ აკმაყოფილებს გამოკითხულთა 79%-ს კონტროლირებადი მედიით მიღებული ინფორმაცია? თუ მედიაში ძირითადად, “მეორე არხი” იგულისხმება, მაშინ აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არც ეს არხია ხელმისაწვდომი მთელი მოსახლეობისთვის და “იმედსა”, თუ “რუსთავი-2”-ზე ბევრად ნაკლები დაფარვის ზონა აქვს.

კვლევებში ისიცაა ნათქვამი, რომ გამოკითხულების 64% თვლის, რომ ოპოზიცია საკმარისს არ აკეთებს მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად. გამოკითხულთა 42% კი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 11% კი ამბობს, რომ – არა, 16% - ნაწილობრივ ეთანხმება “ნაცების” პოლიტიკურ კურსს.

საინტერესოა კვლევების ის ნაწილიც, სადაც გამოკითხულების 59% აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან არასწორი ურთიერთობები აქვს. “მოსახლეობას სურს პრაქტიკული ქმედებების მიღება რუსეთთან მიმართებაში”, - ამბობს ნავარო და დასძენს, რომ არჩევნების შემდეგ შემცირდა რუსეთის მომხრეთა რიცხვი და გაიზარდა “ნატოს” მოსურნეთა რაოდენობა. ამ პასუხების დროს, როგორც ჩანს, ხალხს მაშინვე 2008 წლის აგვისტოს ომი, ან მოდელირებული “ქრონიკა” ახსენდება ხოლმე.

ვისი მომხრეებიც არ უნდა იყვნენ გამოკითხულები ამ კვლევებში, ფაქტია, რომ მათთვის სოციალური პრობლემების შესახებ საუბარი ბევრად უფრო ადვილია. მაგალითად, ნავაროს თქმით, გამოკითხულთა 54% ამბობს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ 48%-ით შემცირდა სამუშაოთა რაოდენობა.

71% მიიჩნევს, რომ დაუსაქმებელია. გამოკითხულთა 39% - სამსახურს ეძებს, 20% კი პენსიონერია და სასამსახურს არ ეძებს, 12% - დიასახლისია, 4% - სტუდენტი, 7% - უმუშევარია და სამსახურს არ ეძებს. მათ შორის ისეთი პენსიონერებიც არიან, რომლებიც სამსახურს ეძებენ.

24 ივნისიდან 5 ივლისამდე ჩატარებული გამოკვლევების თანახმად საერთო ჯამში, ნავაროს თქმით, მოსახლეობა თვლის, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა შემცირებულია, ფასები იზრდება, გაუარესებულია სამედიცინო მომსახურება, ქვეყანაში სიღარიბეა. შესაბამისად, მოსახლეობის 65%-თვის მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბესა და პენსიების პრობლემებზე აქცენტს 33% აკეთებს.

ნავაროს განცხადებითვე, წინა კველვებთან შედარებით შეიმჩნევა აქცენტის შემცირება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებთან დაკავშირებით. მოსახლეობაში შემცირებულია რუსეთთან ურთიერთობის მოთხოვნილებაც, რაც მაღალი იყო ადგილობრივი არჩევნების წინ.

კვლევაში იყო ასეთი კითხვაც: რა საკითხებზე ისურვებდით ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყურადღების გამახვილებას? მოსახლეობა, ძირითადად, დასაქმებაზე, კომუნალური გადასახადების სიძვირესა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებაზე ამახვილებს ყურადღებას.

თუმცა, მოთხოვნები თბილისს, ქალაქსა და სოფელს სხვადასხვა აქვს. მაგალითად, თბილისისთვის ნარკომანია, დასაქმება და ძვირი კომუნალური გადასახადებია პრობლემა, სოფლისთვის – გაზმომარაგება, გზები და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ქალაქებისთვის კი – გაზმომარაგება, კანალიზაცია, გარე განათება, ნაგვის გატანა და მაწანწალა ძაღლები.

სხვათაშორის, თავად ნავარომ ოპოზიციას, რომელსაც ამ კვლევების სისწორეში ეჭვი შეეპარება, კვლევების სოციალური ნაწილის წაკითხვა ურჩია. NDI-ის დირექტორის რჩევის მოტივი, ალბათ, ეს იყო: სწორედაც რომ სოციალური პრობლემებია ოპოზიციისთვის მომგებიანი, რითაც ხელისუფლებას უნდა ეჭიდაონ და მოსახლეობის გული მოიგონ მომავალი არჩევნებისთვის.