ეპიდემიის დაწყებიდან არასრული ოთხი თვის განმავლობაში კოვიდ19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა, მაგრამ მის საწინააღმდეგოდ არც ვაქცინა არსებობს, არც წამალი, ხოლო პერსპექტივა ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს.
ეფექტური თერაპიის არარსებობის გამო ექიმები მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთშიც, ცდილობენ, რომ მძიმედ დაავადებულები უკვე გამოჯანმრთლებული ადამიანების სისხლისგან დამზადებული პლაზმით იხსნან. მოსკოვში ასეთ დონორებს დამატებით გასამრჯელოსაც კი უხდიან.
აღსანიშნავია, რომ ამ სახის მკურნალობის ეფექტურობა ჯერაც არ არის დამტკიცებული, თერაპიის კლინიკური გამოცდა მხოლოდ ახლა დაიწყო, ხოლო ექსპერტ-მედიკოსები, პლაზმით მკურნალობასთან დაკავშირებით, ხანდახან ურთიერთგამომრიცხავ რეკომენდაციებს იძლევიან.
ბი-ბი-სის რუსული რედაქცია შეეცადა გარკვეულიყო, რატომ რისკავენ ექიმები, როდესაც ექსპერიმენტულ თერაპიას მიმართავენ, რამდენად გამართლებულია მსგავსი ექსპერიმენტები და დაეხმარება თუ არა სისხლის გადასხმა მათ პანდემიასთან ბრძოლაში.
პლაზმით მკურნალობა, თეორიაში, უბრალოდ და ლოგიკურად გამოიყურება. განკურნებულმა პაციენტებმა დაავადება იმიტომ დაამარცხეს, რომ მათმა იმუნურმა სისტემამ ინფექციასთან ბრძოლა ისწავლა, გამოიმუშავა რა ანტისხეულები - სპეციალური ცილები, რომლებიც ვირუსის ნეიტრალიზებას ახდენენ.
ეს ცილები (იმუნოგლობულინი) არიან სისხლში, უფრო ზუსტად, მის თხევად ნაწილში - პლაზმაში, და, თეორიულად, თუ ავიღებთ მას ჯანმრთელი დონორისგან და გადავუსხამთ პაციენტს, ცილები ახალი პატრონის ორგანიზმშიც ზუსტად იგივენაირად იბრძოლებენ.
აღნიშნული მეთოდი ვირუსულ ინფექციებთან ბრძოლის პროფილაქტიკისთვის უკვე დიდი ხანია, რაც ფართოდ გამოიყენება, ყველაზე ცნობილი მაგალითია ცოფის საწინააღმდეგო აცრა - ცხოველის მიერ დაკბენილი ადამიანის ორგანიზმში შეყავთ ცხენის სისხლის იმუნური შრატი, რომლის ანტისხეულებიც ახდენენ ვირუსის ნეიტრალიზებას და განვითარების საშუალებას უსპობენ სასიკვდილო სენს.
კორონავირუსული ინფექციის მკურნალობის ასეთივე წარმატებული პერსპექტივა ძალზედ მიმზიდველად გამოიყურება. აღნიშნული მეთოდი არის შედარებით იაფი და, თანაც დონორების რაოდენობაც, წესით, არ უნდა იყოს მცირე - მთელი მსოფლიოს საავადმყოფოებიდან, ჯამში, კოვიდ19-სგან განკურნებული 700 ათასზე მეტი ადამიანი უკვე გამოწერეს.
„დღესდღობით ეს არის ერთადერთი საშუალება, რომლითაც უშუალოდ მისი ბლოკირებით შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ კორონავირუსზე“, - განუცხადა ბი-ბი-სის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა პაველ მადონოვმა და დასძინა, რომ კოვიდ19-ის შემთხვევაში პლაზმის გადასხმას ძალზე ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ.
როგორც მოსკოვის მერის მოადგილემ, ანასტასია რაკოვამ განაცხადა, პლაზმის გადასხმით მოსკოვში კოვიდ19-სგან უკვე სამი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მისი თქმით, ორმა მათგანმა კლინიკა პროცედურის დაწყებიდან 10 დღეში, ხოლო მესამემ ორ კვირაში დატოვა. „სამივეს მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ვიმედოვნებთ, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება და მკურნალობის ეს მეთოდი დაგვეხმარება კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებაში“, - თქვა რაკოვამ.
პლაზმის გამოყენების საკითხს სანკტ-პეტერბურგშიც სწავლობენ. უცნობია, გეგმავენ თუ არა იგივეს რუსეთის სხვა რეგიონებში.
ისიც უნდა ითქვას, რომ პლაზმით მკურნალობის პანაცეად გამოცხადებას სამედიცინო საზოგადოება ჯერ მაინც არ ჩქარობს.
“ერთი შეხედვით ეფექტურია და შედარებით მარტივი, თუმცა, ჩემი აზრით, საუბარი მისი სამკურნალო ეფექტის შესახებ, შესაძლოა, საკმაოდ გადაჭარბებული იყოს“, - განუცხადა ბი-ბი-სის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ახლო წარსულში სისხლის გადასხმის განყოფილების ხელმძღვანელმა, რაჩიკ გრიგორიანცმა.
ექიმის დანიშნულება ყოველთვის ე.წ. მტკიცებულებით მედიცინას ეფუძნება. კონკრეტული პრეპარატის ან პროცედურის ეფექტურობა და უსაფრთხოება შესაბამისი კლინიკური ცდებით უნდა იყოს დადასტურებული, რაც, ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით, არ არსებობს. ამ მხრივ სამეცნიერო ჟურნალებში ნებისმიერი მცდელობა სხვა არაფერია, თუ არა ექიმების მცდელობა, რომ ორი-სამი პაციენტის მკურნალობის საკუთარი გამოცდილება გააზიარონ.
იმისათვის, რომ ყველა აუცილებელი ფორმალობა იყოს დაცული, საჭიროა დაგროვდეს კოვიდ19-ით მძიმედ ინფიცირებულთა საკმაო რაოდენობა, შემთხვევითი შერჩევით დაიყოს ორ ჯგუფად, ერთს გადაუსხან დონორის პლაზმა ანტისხეულებით, ხოლო მეორეს - პლაცებოს ხსნარი და მხოლოდ მათი შედეგების შედარების შემდეგ იქნება შესაძლებელი დავასკვნათ, რამდენად ეფექტური და უსაფრთხოა მკურნალობის ეს მეთოდი.
მაგრამ ახალი ვირუსის პანდემიის პირობებში მსგავსი ექსპერიმენტები გამორიცხულია. ნამდვილი პლაზმის ნაცვლად პლაცებოს გადასხმამ საკონტროლო ჯგუფის წევრებს, შესაძლოა, გამოჯანმრთელების უკანასკნელი შანსი მოუსპოს.
ერთადერთი დასაშვები ვარიანტია, როდესაც ავადმყოფი რეანიმაციაში იმყოფება და მისი მდგომარეობა თანდათან უარესდება. ასეთ დროს შეიძლება სცადო პაციენტის გადარჩენა იმ საშუალებით, რომელიც ოფიციალურად არ არის რეკომენდირებული.
სწორედ ასე იქცეოდნენ, როდესაც 2003 წელს ატიპიური პნევმონიის ეპიდემიის აფეთქება მოხდა. მაშინ ბევრის გადარჩენა მოხერხდა. მოგვიანებით გადასხმის პრაქტიკა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც მოიწონა და უკანასკნელი იმედის საშუალებად ებოლას ეპიდემიის დროსაც იქნა გამოყენებული.
გრიგორიანცის თქმით, პლაზმის გადასხმას აზრი აქვს მხოლოდ კრიტიკულ ეტაპზე, როდესაც „პლაზმის უბრალოდ გადასხმა, მთელი თავისი პლუსებით და მინუსებით, რომლებსაც იგი ფუნდამენტალურად შეიცავს, გაცილებით წონადია, ვიდრე ანტივირუსული ექსპერიმენტული მკურნალობის ეფექტი“.
„იმედგაცრუება მეუფლება, როდესაც ანტივირუსული პლზამის გამოყენების დიდ პროპაგანდას ვხედავ. დარწმუნებული ვარ, დღეს სისხლის ფაქტორებისა და კომპონენტების დეფიციტის პრობლემა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იმუნიზირებული პლაზმის ექსპერიმენტალური გამოყენება“, - ამბობს ექსპერტი.
ამავე დროს, გრიგორიანცი აღნიშნავს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში პლაზმური თერაპიის მასშტაბური გამოყენება არც იქნება შესაძლებელი. ანტისხეულების საკმარისი კონცენტრაცია გამოჯანრთელებულთა მხოლოდ 30 პროცენტს გააჩნია და თან დონორობას ყველა არ დათანხმდება.
პაველ მადონოვი კი, პირიქით, დარწმუნებულია, რომ იდეალურ შემთხვევაში, კლინიკური გამოცდების დასრულების შემდეგ, ანტივირუსული პლაზმა დაჭირდებათ არა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს, არამედ მათ, ვისაც დაავადება მხოლოდ ახლა განუვითარდა. მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ის სასუნთქ ორგანოებში დიდი ხნის მოხვედრილი არ არის.
„ვირუსი მხოლოდ გართულებებით არის საშიში, - განმარტავს იგი, - ორგანიზმში მისი არსებობის თავად ფაქტი არც ისე საშიშია, მაგრამ ის სპეციფიური გართულებების ფორმირებას ახდენს - ფილტვის ქსოვილის ძლიერ ანთებას, რაც მწვავე სუნთქვით უკმარისობას იწვევს. როგორც სასამართლო პროცესზე იტყოდნენ, ვირუსს მხოლოდ ირიბი დანაშაული მიუძღვის, მას დანაშაული არ ჩაუდენია, დანაშაული, თავდასხმის საპასუხოდ, თავად პაციენტის ორგანიზმმა ჩაიდინა. როდესაც ავადმყოფს სუნთქვითი უკმარისობა უვითარება, ვირუსთან ბრძოლა უკვე დაგვიანებულია, მან თავისი საქმე უკვე გააკეთა“.
თუმცა, მადონოვი იმედოვნებს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაინც იქნება შემუშავებული.
„ვაქცინა ორგანიზმს ასწავლის, როგორ უნდა დაიცვას თავი. ის აფრთხილებს. როგორც კი დაუპატიჟებელმა სტუმარმა კარზე დააკაკუნა, იქვე სტაცეს ხელი, გაკოჭეს, მანქანაში ჩასვეს და პოლიციაში მიაბრძანეს. ხოლო ანტისხეულების მუშაობა უკვე შემდგარ ფაქტს უკავშირდება. ამიტომაც არის, რომ მედიკოსები მკურნალობის ამ მეთოდს „სასოწარკვეთილების თერაპიას“ უწოდებენ“, - აღნიშნავს მეცნიერი.
(მოამზადა ნიკა ასლანიძემ, For.ge)
ისევ რუსებზე მიგვიდგა საქმე?
ჯერ იყო და ეს ჩვენი, სულ "ჟანგიან" დიპლომებიანი ექიმები რუსეთის მიერ ნასწავლები აღმოჩდნენ, ახლა პირდაპირ რუსები.
ეს ნაღდად "რბილი ძალაა", რომელსაც ჩვენი ისტორიული მტერი იყენებს ჩვენ წინააღმდეგ.
ეგენი ხომ მე-19 საუკუნეში ჩარჩენილები არიან?
ამერიკელების წამლებს დაველოდოთ, ამერიკელების!
ისინი გადაგვარჩენენ, თუ გადაგვარჩენენ, თორე ჩვენ ხელის გატოკებაც აღარ შეგვიძლია.