ჩვენ გვყავს საკმაოდ დიდი მოცულობა სოციალურად დაუცველი მოქალაქეების და ჩვენ არ შეგვეძლო დაგვეტოვებინა თითოეული ასეთი ჯგუფი ყურადღების და სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვის გარეშე და ეს ჯგუფები 6 თვით დამატებით საშუალოდ 600 ლარის დახმარებას მიიღებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-იდან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი - 16 წლამდე ასაკის შვილი, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ეკონომიკური გამოწვევების და ეკონომიკური კრიზისების პირობებში მრავალშვილიანი ოჯახები არიან ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენა, რომლებსაც სახელმწიფოს მხრიდან ყოველთვის სჭირდებათ ფინანსური დახმარება.
საქართველოში კორონავირუსი 431 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 114 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.