საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სისულელე უწოდა ვარაუდს, რომ ის გარკვეული დროის განმავლობაში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის წაეჩხუბება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ტელეარხ Украина 24-ის ეთერში განაცხადა.
22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მას ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა. აღნიშნული საკითხი უკრაინის პარლამენტმა 24 აპრილს უნდა განიხილოს.
„უკვე დაიწყეს იმ თემის გავრცელება, რომ სააკაშვილი მოვა და როგორც ადრე, როდესაც თავიდან კარგი ურთიერთობები ჰქონდა პოროშენკოსთან, ხოლო შემდეგ კი დაეტაკა მას, ზუსტად ასე, სამ-ოთხ თვეში ზელენსკის დაეტაკება. ეს სრული სისულელეა. ნუ ექნებათ ამის იმედი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად წავა და დარწმუნებულია იმაში, რომ უკრაინის პრეზიდენტს სწორი განზრახვები ამოძრავებს.
„ჩემი მიზანი დახმარების გაწევაა. არ ვაპირებ უკრაინის პოლიტიკაში მთავარი ვარსკვლავი ვიყო და გოლები გავიტანო. კარგად ვგრძნობ თავს ნახევარმცველის ან მოთამაშე მწვრთნელის ადგილზე“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.