თენგიზ ცერცვაძე: ინფექციის უახლოეს დროში გაქრობის მოლოდინი ნაკლებია, რაღაც რაოდენობა შენარჩუნდება, ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად

თენგიზ ცერცვაძე: ინფექციის უახლოეს დროში გაქრობის მოლოდინი ნაკლებია, რაღაც რაოდენობა შენარჩუნდება, ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განმარტა, რას ნიშნავს განცხადებები იმის შესახებ, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ყველას შესაძლოა, ამის გაგების თავისი ვერსია ჰქონდეს.

„ჩემი ვერსია ასეთია - ჩვენ უნდა შევაკავოთ ეპიდემია, ამის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა, აღარ აღინიშნება შემთხვევების ზრდა, რაც ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ათასობით ახალი ავადმყოფია და ასეულობით გარდაცვლილები.

როგორმე ამ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ ინფექცია, პირიქით, შესაძლოა, მოიკლოს კიდეც ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ მკაცრ შეზღუდვებს და საგანგებო მდგომარეობას, ასევე ცალკეულ რეგიონებში მოქმედ საკარანტინო ზომებს.

ამიტომ უნდა მოვამზადოთ პლაცდარმი ამისთვის და უნდა გვქონდეს მცირე რაოდენობა ინფიცირებულების, რათა შემსუბუქებული რეჟიმის პირობებში გადაცემათა სიხშირე და ახალი ინფექციების სიხშირე არ იყოს დიდი.

ვინაიდან, ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ უახლოეს დროში სულ გაქრება ინფექცია და საქართველოში არც ერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საქართველოში ყოველდღიურად ინფიცირებულების რაოდენობა დაბალ ნიშნულზე იყოს, როგორც ნებისმიერი სხვა ინფექცია.

ფილტვების ანთება არ ემართებათ თქვენს ირგვლივ?! მაგრამ ეს არ არის მასიური, ასეულები და ათასეულები. ასე უნდა იყოს ამ დაავადების მიმართაც, ამ დაავადების რაღაც რაოდენობა შენარჩუნდება, მაგრამ ეს არ უნდა იყოს იმდენი, რომ მან საზოგადოებრივი ცხოვრების პარალიზება მოახდინოს. ამას ჰქვია, ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად“, - განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ, რომელმაც გორის სამხედრო ჰოსპიტალი მოინახულა.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 111 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში ინფიცირების 420 შემთხვევა დადასტურდა.