ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივიას ქუთაისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა და სისხლის უანგარო გაცემის აქცია გაიმართა. აქციაში ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად ჩაერთვნენ.
“რაც ეს კრიზისი დაიწყო, საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველგან დავდივართ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს აქცია, მოგეხსენებათ, რომ სისხლი და მისი კომპონენტები შეუცლელია ადამიანის სიცოცხლისათვის”, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ექიმი, ანჯელიკა უგრეხელიძე.
ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის, დავით ერემეიშვილის განმარტებით, აღნიშნული აქცია მნიშვნელოვანია, რათა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სისხლის ბანკს პრობლემები არ შეექმნას. ერემეიშვილი საზოგადოებას აქციაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს.
“ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას – “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”, დღეს “ქართული ოცნების” ქუთაისის ოფისის შტაბიც შეუერთდა. ჩვენ, მერიის თანამშრომლებთან ერთად, გავიღეთ სისხლი იმისათვის, რომ გადავარჩინოთ სხვისი სიცოცხლე. მინდა, მოსახლეობას მოვუწოდო, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ამ აქციაში, რადგან ჩვენი ქვეყანა ებრძვის უხილავ ვირუსს, აქედან გამომდინარე, არ გვინდა, რომ დადგეს საშიშროება და სისხლის ბანკს შეექმნას პრობლემა”, – განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა.
შეგახსენებთ, სისხლის უანგარო გაცემის აქცია ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით იმართება, რომელსაც მმართველი გუნდიდან როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.