მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს ზელენსკის გუნდმა მთავრობაში თანამდებობა შესთავაზა, საზოგადოებაში აქტიურად განიხილავენ უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას.
რატომ შესთავაზა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტსა და ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერ მინისტრის თანამდებობა – ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
„პოლიტიკური ტაქტიკის თვალსაზრისით, ზელენსკის ამ გადაწყვეტილებაში არის გარკვეული ლოგიკა. უკრაინის პრეზიდენტმა დღემდე ვერ მოახერხა კორუფციული ჭაობის ამოშრობა.
მას სჭირდება ყინულმჭრელი, ადამიანი რომელსაც შეუძლია ამ ტიპის სისტემების მორყევა და დანგრევა მაქსიმალური აგრესიით.
რეფორმების მიმართულებით ზელენსკიფიქრობს, რომ წაუგებელ თამაშს თამაშობს. რადგან თუ სააკაშვილი ეყოლება, ამ ბრძოლაში ზელენსკიწარმატებული იქნება და ამით დაიწერს ქულებს და რაღაც გარღვევას მოახდენს.
თუ წარუმატებელი იყო, ერთ პრობლემას მოიშორებს სააკაშვილის სახით. შესაბამისად, ის პოლიტიკურად სწორ თამაშს თამაშობს.
გასაგებია, რომ გარკვეულ სირთულეებს იწვევს საქართველოსთან ურთიერთობაში, თუმცა ჩვენს თავზე ნუ ვიქნებით მაღალი წარმოდგენის, რომ ჩვენ ვინმე ანგარიშს უნდა გვიწევდეს.
ისე დავაყენეთ საქმე, რომ ანგარიშს უკვე აღარავინ გვიწევს არაფერში“.
რუსეთი და ევროპა
„მცირედ გადავავლე თვალი რუსულ თოქ-შოუებს და სრული ისტერიკა იყო. საუბრობენ, რომ უკრაინა-რუსეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გაფუჭდება.
რაც შეეხება დასავლეთს, ჩვენ კი ვიცით სააკაშვილის რეალური ფასი, მაგრამ იქ ის ითვლება წარმატებულ დასავლურ პროექტად.
ითვლება რეფორმატორად, ასე თვლის მას დასავლური პოლიტიკური ელიტა, მიუხედავად მისი პრობლემებისა საქართველოში.
ვფიქრობ, გარკვეულწილად, დასავლეთის ლობირებულიც კი შეიძლება იყოს სააკაშვილის დანიშვნა“.
საქართველო
„გამორიცხულია, სააკაშვილი პოლიტიკური სტატუსით საქართველოში ჩამოვიდეს. ყველას კარგად გვესმის, რომ ამის მცდელობაც არ იქნება.
რადგან ეს იქნება პოლიტიკური ავანტურა და ქვეყნებს შორის ამ ტიპის ავანტურისტული ურთიერთობები უბრალოდ შეუძლებელია თეორიულადაც კი“.