გიორგი გახარი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე

გიორგი გახარი: საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკომისიას საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის მადლობას უხდის.

როგორც გახარია სოციალურ ქსელში წერს, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

"მადლობა ევროკომისიას ამ კრიზისულ პერიოდში 150 მილიონი ევროს დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენს, ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰელის",- წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

ცნობისთვის, ევროკომისიამ მიიღო წინადადება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სოციო-ეკონომიკური შედეგების შესარბილებლად ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლო ათი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერის მიზნით 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის თაობაზე. წინადადება ემატება ევროპის გუნდის ‘Team Europe’ მიერ შემუშავებულ სტრატეგიას, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის საიმედო და მიზნობრივ რეაგირებას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის მხარდასაჭერად. ევროკომიიის ინფორმაციით, ეს არის ამ ქვეყნებთან ევროკავშირის სოლიდარობის მნიშვნელოვანი დემონსტრირება უპრეცედენტო კრიზისის დროს.

წინადადება, დაფინანსების საჭიროებების წინასწარი შეფასების შემდეგ, ითვალისწინებს, რომ მაკროფინანსური დახმარების თანხები შემდეგნაირად განაწილდება: ალბანეთის რესპუბლიკა (180 მილიონი ევრო), ბოსნია და ჰერცეგოვინა (250 მილიონი ევრო), საქართველო (150 მილიონი ევრო), იორდანიის ჰაშემიტური სამეფო (200 მილიონი ევრო), კოსოვო (100 მილიონი ევრო), მოლდოვას რესპუბლიკა (100 მილიონი ევრო), მონტენეგრო (60 მილიონი ევრო), ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა (160 მილიონი ევრო), ტუნისის რესპუბლიკა (600 მილიონი ევრო) და უკრაინა (1,2 მილიარდი ევრო).