პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანულ ტაბლოიდებთან თანამშრომლობას წყვეტენ

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ბრიტანულ ტაბლოიდებთან თანამშრომლობას წყვეტენ

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე მეგან მარკლი ბრიტანულ ტაბლოიდებთან თანამშრომლობას წყვეტენ. ამის შესახებ ნათქვამია წყვილის განცხადებაში, რომელსაც ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

Daily Mail, The Sun, Daily Mirror და Express იმ გამოცემებს შორისაა, რომლებთანაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი არ ითანამშრომლებენ. ეს კი ნიშნავს, რომ აღნიშნული გამოცემები არ მიიღებენ სიახლეებსა და ფოტოებს წყვილისგან და აღნიშნული გამოცემების ჟურნალისტებს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე არ მიიწვევენ.

„სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ მედიის გავლენიანი ნაწილი წლების განმავლობაში ცდილობდა პასუხისმგებლობის მოხსნას იმაზე, რასაც წერენ ან ბეჭდავენ - მაშინაც კი, როდესაც იციან, რომ დამახინჯებულად, ყალბად აშუქებენ სხვის პირად ცხოვრებას“, - ნათქვამია წყვილის განცხადებში.

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.

18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულების ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.