ახალი შემთხვევების ზრდა კვლავ მოსალოდნელია და თუ რა როლი ითამაშა შეზღუდვების განხორციელებამ, თუნდაც ზოგიერთ შემთხვევაში შეზღუდვების შეუსრულებლობამ, ეს დაახლოებით 10 დღის შემდეგ გამოჩნდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, „დამშვიდების საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ახალი შემთხვევების ზრდა იქნება და თუ რა როლი ითამაშა იმ შეზღუდვებმა, რაც განხორციელდა და რაც ასევე, სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში არ განხორციელდა, ამას ჩვენ დავინახავთ ერთი კვირის, ათი დღის შემდეგ.
„დიახ, რისკი ოდნავ შეიძლება ნაკლები იყოს, ვიდრე ჩვეულებრივად რომ მიდიოდნენ ადამიანები ყოველ დღესასწაულზე ტაძრებში, რომ იკრიბებოდა ახლოს, მაგრამ რისკი, რა თქმა უნდა, მაინც მომატებული არის. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ამას ჩვენ დავინახავათ ერთი კვირის, ათი დღის განმავლობაში, ახლა, დღეს ამას ვერ შეაფასებ“ , - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მან შეზღუდვების მოხსნის შესაძლებლობასა და მანქანების გადაადგილების აკრძალვის შესაძლო გახანგრძლივებაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა
„არა, ჯერ ეს ყველაფერი ნაადრევია, მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჩვენი რეკომენდაცია მიცემული აქვს საკორდინაციო საბჭოს, გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. ჩვენი რეკომენდაცია არის რეკომენდაცია, რომელიც იცის საკორდინაციო საბჭომ, ამიტომ ამაზე ღია ეთერში მე არ ვსაუბრობ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსი 394 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 86 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.