ამირან გამყრელიძე: მადლობა მოქალაქეებს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, მაგრამ შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

ამირან გამყრელიძე: მადლობა მოქალაქეებს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, მაგრამ შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია

„მადლობა მოქალაქეებს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, მაგრამ შეზღუდვების მოხსნაზე საუბარი ჯერ ნაადრევია“, - ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეს ფაქტი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ შეამცირებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, იმ პირობებში, როცა არ არსებობს ვაქცინა და არ არის შექმნილი ეთიოტროპული წამალი, მკაცრი შეზღუდვები კორონავირუსთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია.

„რაც ვნახეთ გუშინ, რომ ნაკლები ადამიანი იყო ვთქვათ თავშეყრილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, იგივე ტაძრებში და დაცული იყო მაქსიმალურად დისტანცირების მექანიზმები, ძალიან ბევრი არ მივიდა, მადლობა ამ ადამიანებს, ეს სოციალური პასუხისმგებლობა გაითვალისწინეს, ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ახალი შემთხვევების შემდგომი ზრდის რისკს მხოლოდ და მხოლოდ შეამცირებს. დამშვიდების საფუძველს ჩვენ არაფერი გვაძლევს. ერთი და ორი დღე დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ მოგვცემს“ , - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 394 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 86 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.