როგორც ექიმმა, შემიძლია მრევლს ერთი რამე ვუთხრა, ეს ინფექცია გამოდგა იმაზე უფრო გადამდები და ადვილად გავრცელებადი, ვიდრე თავიდან გვეგონა. ეს დაავადება გადამდებია, ძალიან გადამდები და თავს ნუ მოვიტყუებთ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ეს დაავადება უფრო მძიმედ სამკურნალო აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა. ნუ გამოვცდით ბედისწერას და გავაკეთოთ მარტივი რამ, (ჩვენი ტრადიციებისთვის უცხო, მაგრამ მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული), რომ დავრჩეთ სახლში და წლევანდელ რელიგიურ დღესასწაულებს განსხვავებული ფორმატით შევხვდეთ - მათ შორის საფლავზე გასვლის ტრადიციასაც. ყველა ტრადიცია იმისთვის გვაქვს და ვამაყობთ, რომ ქართველი თვითმყოფადობა შევინარჩუნოთ, რომ ჯანსაღი, ბედნიერი მოქალაქეები გვყავდეს. თუ ეს ტრადიცია ასეულებით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, ჩვენ ამ ტრადიციებზე უარი უნდა ვთქვათ.
საქართველოში კორონავირუსი 348 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 76 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.
კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 494 მოქალაქე რჩება. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.