დღეს ყველას განსხვავებულ რეალობაში გვიწევს ცხოვრება, ჩვენ მოგვიწია გარკვეული შეზღუდვების დაწესება და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ ჩვები ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობა. რასაკვირველია, არც მართლმადიდებლების, ისევე როგორც სხვა კონფესიების დღესასწაულები ვერ იქნება გამოცხადებული წესების დროებით შეჩერების საბაბი და ამ დღესასწაულებისა და რიტუალების გამო არ შეჩერდება საერთო მტერი, რომელსაც ვერ ვხედავთ და კორონავირუსი ჰქვია.- ამის შესახებ თბილისის მერმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
კახა კალაძის თქმით, შეიძლება ითქვას, სიკვდილი ცელით დადის მთელ მსოფლიოში და საშინელ კვალს ტოვებს.
„ჩვენ ვნახეთ რამდენი ადამიანი დაიღუპა ევროპულ ქვეყნებში. იგი ძალიან მძიმე შედეგებს ტოვებს. ვფიქრობ, საკუთარი რწმენის სიმყარე, საკუთარი რიტუალების დაცულობა შესაძლებელია იმ პირობებშიც და იმ წესების დაცვით, რაც ამ ეტაპზე არის საქართევლოს მთავრობის მიერ დადგენილი. დარწმუნებული ვარ ამ შეთანხმების ფარგლებში, ჩვენი სულიერი მამები, საპატრიარქო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქვეყანაში არსებული წესების დაცვას, შეუწყობს ხელს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნვას და ილოცებს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის. გუშინაც ვთქვი, ქვეყანაში მოქმედებს ერთიანი საკარანტინო წესები, მოქმედებს კომენდანტის საათი და ეს ეხება უკლებლივ ყველა დღეს, გამონაკლისის გარეშე, ასევე წესების დაცვა ეხება ყველას, გამონაკლისის გარეშე."- განაცხადა კახა კალაძემ.