ანალიტიკოსი მაკა დარსაველიძე სოციალურ ქსელში წერს:
სულ რამდენიმე დღის წინ, ბზობის დღესასწაულზე ჩემგან ასიოდე მეტრში მდებარე ეკლესიაში წავედი, რომ შინ ნაკურთხი ბზა წამომეღო. სადღაც, 6 საათი იქნებოდა, საღამოს. პატარა ეკლესიაა, ახალი აშენებული და სულ სამიოდე მლოცველი დამხვდა. ეზოში ბზის გამყიდველის ჩათვლით - ოთხი ადამიანი. ასეც ვიფიქრე, რომ ამ დროს ბევრი ხალხი არ იქნებოდა და შესვლაც გავბედე, რომ სანთელი დამენთო და ღმერთისთვის შენდობა მეთხოვა, ათასი რამის გამო. ლაპარაკიც მინდოდა ღმერთთან. რაზე, ამას არ ვიტყვი. ტაძარში ხომ რაღაცნაირად, ისეთი განცდა გაქვს ხოლმე, რომ უფალს უფრო ახლოდან ესაუბრები.
ეკლესიაში ყოველი შესვლისას ტაძრის კედელს ვეამბორები ხოლმე, სამჯერ და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ მის სახლში შესვლის ღირსი გამხადა, მაგრამ ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ეს არ გამიკეთებია. პირველი, რაც წამიერად გავიფიქრე, ის იყო, რომ საკუთარი რწმენა გამოვცადე და შემრცხვა. ძალიან შემრცხვა, მაგრამ ასევე წამიერად გავიფიქრე, იქნებ, სწორად მოვიქეცი, ღმერთი რომ არ გამოვცადე მეთქი.
რატომ ღმერთი?! ახლავე მოგახსენებთ.
ბოლო დროს ძალიან ბევრი მოსაზრება მოვისმინე არჩევანის თავისუფლებაზე, რწმენის თავისუფლებაზე, ღვთისმსახურების მნიშვნელობაზე, საჭიროებაზე, ზიარების აუცილებლობაზე, ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის პასუხისმგებლობაზე, სახელმწიფოს რბილ თუ მკაცრ პოლიტიკაზე და ა.შ. ბევრმა განტევების ვაცი იპოვა საპატრიარქოს სახით, ბევრმა სახელმწიფო დაადანაშაულა საპატრიარქოსთან ენის მოჩლექვით ლაპარაკში და უფრო ბევრი საწინააღმდეგო აზრისთვის შეურაცხყოფასაც არ მოერიდა, ზოგადად ქრისტიანობის, საკუთარი რწმენის, ათეისტობის, პროფესიული დამოკიდებულების თუ უბრალოდ, უტყუარი პოზიციის სახელით.
ამ საყოველთაო განხილვაში ყველას თავისი არგუმენტი აქვს. ხშირ შემთხვევაში, არც თუ უსაფუძვლო, მაგრამ იმ უდიდესი სიკეთის საპირწონედ, რაც ღმერთმა გვიბოძა, არც ერთი არგუმენტი არ გამოდგება. შესაძლოა, ღრმად მორწმუნე ადამიანს გაცნობიერებული აქვს რისკი, რომ აღდგომის ღამეს, ხალხმრავლობის პირობებში შეიძლება, დაინფიცირდეს, მაგრამ ამისთვის მზად არის და თვლის, რომ ეს ჯვარი მისი სატარებელია და უნდა ზიდოს კიდეც, რათა განსაწმედელი გაიაროს, ღმერთს რწმენაშეურყეველი ეახლოს და მარადისობაში გადაინაცვლოს, მაგრამ აქ ხომ მხოლოდ საკუთარ არჩევანზე არ არის საუბარი?! გვაქვს კი უფლება, ამით არჩევანი წავართვათ სხვებს, პირველ რიგში, ოჯახის წევრებს, რაც არ უნდა ამაღლებული იყოს ჩვენი არჩევანი?! აკი, ღმერთმა თავად მოგვცა არჩევანის უფლება, თითოეულ ჩვენგანს და მოგვიწოდა, ერთმანეთისთვისაც იგივე გაგვეკეთებინა. ამ ადამიანებისას კიდევ როგორღაც გაიგებს კაცი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უმრავლესობა, ძირითადად, რიტუალების მოყვარულები სხვების ჯინაზე აპირებენ ამ დიდებულ დღესასწაულზე ეკლესიაში მისვლას და ყველა დანარჩენს ურწმუნობის გამო ამუნათებენ. სხვები კი, ზუსტად იგივე ჟინით, რიტუალების მოყვარულების თუ ჭეშმარიტად მორწმუნეების მისამართით ისვრიან ტალახს და ასე დაუსრულებლად.
აზარტი არ ცხრება. პირიქით, იმატებს და ამ საყოველთაო მოცალეობის ჟამს მთლად გადაირია.
ეკლესიის მესვეურთა ცალკეული პოზიციების განხილვაში არ შევალ, მაგრამ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს საპატრიარქომ მიიღო, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი.
განა რაა იმაზე დიდი ღირებულება, ვიდრე სიცოცხლე, რაც ღმერთმა გვიბოძა?! კი, რწმენა და სულიერი სიძლიერეა ამაზე დიდი ღირებულება, მაგრამ რას ვცდით, საკუთარი სულის სიძლიერეს თუ ღმერთს?! არ გეჩვენებათ, რომ თითქოს, არჩევანის წინაშე ვაყენებთ შემოქმედს. აჰა, შენ სადიდებლად და ჩვენი სულების შესავედრებლად ტაძარში მოვდივართ და შენი მხრივ, განსაცდელის გადალახვაში დაგვეხმარეო. იმ განსაცდელის, რომელშიც დიდი ალბათობით, საკუთარი მომხმარებლური ბუნების და დამოკიდებულების გამო აღმოვჩნდით. იქნებ, დავფიქრდეთ, უნებურად, აქაც იგივე მომხმარებლობა ხომ არ გვემართება? ნუთუ, სახლში გულწრფელად შევედრებულს არ შეგვიწირავს ღმერთი, მით უმეტეს, მაშინ, როცა ამ ვერაგმა ინფექციამ ათი ათასობით ღვთისგან ნაჩუქარი სიცოცხლე უკვე გაანადგურა და უფრო საშინელი სცენარითაც გვემუქრება?! თუ იმას მეტყვით, რომ ღმერთი ყველგან აღარ არის და თუ ლიტურგიას ტაძარში არ დავესწრებით, ღვთის სიტყვა ისე არ შეგვესმინება, ან ღმერთი ვერ გაიგებს ჩვენს ვედრებას?!
რა თქმა უნდა, ჩემი აზრის უტყურობას არ ვამტკიცებ. უბრალოდ, ვფიქრობ და მოსვენებას არ მაძლევს კითხვა - რას ვცდით, საკუთარ რწმენას თუ ღმერთს?