გაუფრთხილდით ერთმანეთს, გაუფრთხილდით ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი და დარჩით სახლში, ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდებაა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, თუ მოქალაქეები ზედმიწევნით არ დაიცავენ შეზღუდვებს, ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება დადგება.
„იმ შემთხვევაში თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტორმა, მთავრობამ, ბიზნესმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ - ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, არ შევასრულეთ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრად გამწვავების საფუძველი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს პერიოდში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოგიწოდებთ, გამოავლინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც საკუთარ, ისე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში. ყოველი დამატებითი შეზღუდვა თუ გამკაცრება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და რაც შეიძლება სწრაფად ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნებას. გაუფრთხილდით ერთმანეთს, ჩვენს ქვეყანას, არ დაარღვიოთ კანონი და დარჩით სახლში, ეს საქართველოს მთავრობის ერთადერთი მოწოდებაა",-აღნიშნა ჩიქოვანმა.