რას ამბობს ია მეტრეველი გურამ დონაძის გათავისუფლებაზე

რას ამბობს ია მეტრეველი გურამ დონაძის გათავისუფლებაზე

მე დონაძისგან ვითხოვ, ტელევიზიით აღიაროს ყველაფერი და სიმართლე თქვას. მინდა, საჯაროდ გამოვიდეს და ილაპარაკოს, მთელი წლების განმავლობაში როგორ იტყუებოდა, ცხრა წელიწადი სისხლი რომ გამიშრო სასამართლოზე ტყუილებით, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

როგორც ია მეტრეველმა აღნიშნა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ბუტა რობაქიძის უდანაშაულობის შესახებ იცოდეს.

ამასთან, როგორც მეტრეველმა აღნიშნა, მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა, გურამ დონაძე და ზურაბ მიქაძე ციხეში ისხდებიან თუ არა, მაგრამ დონაძისგან საჯაროდ ყველაფრის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ცოტა გამიკვირდა. ასე უცებ მის გათავისუფლებას არ ველოდი, მაგრამ როგორც ვიცი ითანამშრომლა. იცით რაშია საქმე? ჩემთვის აღარ აქვს დიდი მნიშვნელობა ეგენი ციხეში ისხდებიან თუ არა. ჩემთვის მთავარი იყო ის, რომ საზოგადოებას გაეგო სიმართლე, რომ ჩემს უდანაშაულო შვილს, ანგელოზივით ბავშვს, გარდა იმისა, რომ სიცოცხლე წაართვეს, საშინელება დააბრალეს. მე უფლის სამართალს ველოდები ისედაც და მაგათ ღმერთი მიუზღვავს, რაც ეკუთვნით. ნამდვილად მძიმეა ჩემთვის, რომ გავიგე გარეთაა, თუმცა, ალბათ, მნიშვნელოვანი რაღაცები ილაპარაკა. ჩემთვის მთავარია, რომ მთელმა საქართველომ იცის, რა და როგორ იყო.

მე დონაძისგან ვითხოვ, ტელევიზიით აღიაროს ყველაფერი და სიმართლე თქვას. მინდა, საჯაროდ გამოვიდეს და ილაპარაკოს როგორ იტყუებოდა მთელი წლები, ცხრა წელიწადი სასამართლოზე ტყუილებით სისხლი რომ გამიშრო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მაგას გავაკეთებინებ აუცილებლად", - განაცხადა ია მეტრეველმა.

ცნობისთვის, საპოცესო შეთანხმების საფუძველზე # 9-ე პენიტენციური დაწესებულება გურამ დონაძემ გუშინ დატოვა. რადენიმე დღის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზურაბ მიქაძემ ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

ბუტა რობაქიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გურამ დონაძე, ზურა მიქაძე და დავით იაშვილი, ზაზა ბაქრაძე და ირაკლი ფირცხალავა დამნაშავედ ცნო. გურამ დონაძეს სასჯელის სახით 5 წლით და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით და 3 თვის ვადით.