ამირან გამყრელიძე: ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება

ამირან გამყრელიძე: ნუ წავალთ ეკლესიებში, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. როგორც ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, ეკლესიაში წასვლით მრევლი კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვება.

„ძალიან მძიმე მოწოდება მინდა გავაკეთო, მიჭირს ეს მოწოდება, არ წახვიდეთ ეკლესიებში, ნუ წახვალთ ეკლესიებში, ვილოცოთ სახლიდან. ილოცებენ მამაოები, მღვდელმთავრები, ჩვენ ვიქნებით პირნათელი ჩვენი ქვეყნის და ღმერთის წინაშე, რომ ნაკლები დაზიანებით გამოვალთ ამ სენიდან. პირველად ვაკეთებ ამ ტიპის განცხადებას, ნუ წავალთ ეკლესიებში, ნუ შევიკრიბებით, გვაპატიებს ამას ღმერთი იმიტომ, რომ მეტი ქართველი გადარჩება," - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო 3 დღეში საქართველომ 2 დიდი ნახტომი გააკეთა ეპიდემიის განვითარების მრუდეზე, რაც შიდა გავრცელების უფრო მაღალ პროცენტზე მეტყველებს.

„საშიშროება კიდევ მეტია, ვიდრე ჩვენ ამას ვითავისებთ. ბატონი პაატას სიტყვები სიმართლეს შეესაბამება. თუ ოდნავ მოვეშვით, რაც მეტად მოსალოდნელია მომავალი 4 დღის განმავლობაში, ქცევის რეჟიმის მოშვება შეიძლება ავიჭრათ 5, 7 ან 8 ათას შემთხვევაზე. ძალიან მნიშვნელოვნად გადამწყვეტი იქნება, ეს არ გამოჩნდება მე-2, მე-3 დღეს, ეს თავის შედეგს 5 დღის შემდეგ მოგვცემს“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსი 336 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 74 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.