ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან შენგელია სოციალურ ქსელში წერს:
„მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო, და რაც მთავარია – სამართლიანია!
არსებული პანდემიის პირობებში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ ბევრი ითათბირეს და ალბათ იდავეს კიდეც საქართველოს ეკლესიის საპატრიარქომ და ქვეყნის ხელისუფლებამ და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების ძირითადი ტვირთი და პასუხისმგებლობა ხალხს, უფრო ზუსტად კი თითოეულ ჩვენგანს ეკისრება!
რა თქმა უნდა, ეს ასე ღიად და პირდაპირ არ თქმულა, მაგრამ როგორც ხელისუფლების და საპატრიარქოს განცხადებებიდან ვგებულობთ, ორივე მხარემ შეძლებისდაგვარად გაითვალისწინა ერთმანეთის მოთხოვნები და ინტერესები. ორივემ მკაფიოდ ახსნა როგორი ქცევა არის მისთვის აუცილებელი და მისაღები, რა საკითხში ემთხვევა მათი პოზიციები და რაში არა და ახლა თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს!
თითქოს პარადოქსია, მაგრამ სწორედ ამაზე ვამბობ, რომ საბოლოო ჯამში ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა. განა მრევლისთვის სანუკვარი არ არის, როცა მას აქვს თავისუფლება მოიქცეს როგორც სინდისი უკარნახებს? განა მოქალაქეს არ უნდა უხაროდეს, რომ მას თავისუფალ არჩევანს არავინ ართმევს? განა ამას არ ქადაგებს ქრისტიანობაც და დემოკრატიაც? ოღონდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავისუფლება ბადებს პასუხისმგებლობას. რადგან გვაქვს არჩევანის თავისუფლება და ჩვენ ვირჩევთ, კიდევაც პასუხისმგებლობა უნდა ვიტვირთოთ. მგონი სამართლიანია ეს, თუმცა ძალიან მძიმეა. არადა, ჩვენ ინფანტილურად ველოდით, რომ როგორმე „ისინი“ მორიგდებიან, ან ერთ–ერთი გაიმარჯვებს და მერე სათქმელი და სავიშვიშოც გვექნება – რა მექნა, მაიძულესო! არ გამოვიდა ასე და მადლობა ღმერთს რომ არ გამოვიდა. ახლა მაინც – ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფოს ისტორიის დღევანდელ ეტაპზე თითოეულმა მოქალაქემ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ცხოვრების წესს თვითონ ვქმნით, ხალხი საბოლოო ჯამში ისე ცხოვრობს, როგორც თავად მიაჩნია სასურველად, ისეთ გარემოში, ისეთ წესებსა და კანონების ქსელში უწევს არსებობა, როგორსაც თვითონ ქმნის. გავიხსენოთ, რომ ძალაუფლების მთავარი წყარო ხალხია, რომ, როგორც ვაჟა ამბობს „თემს რაც სწადიან, მას იზამს თავის თემობის წესითა“! რეალურად, სწორედ დღეს ხდება ჩვენი საზოგადოების, თითოეული ჩვენგანის ერთგვარი ემანსიპაცია . საქართველოს საზოგადოების ის ნაწილი, ვინც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლად მიიჩნევს თავს, დღეს ასეთი ამოცნის წინაშეა – უნდა მოიქცეს ისე როგორც მრევლი, მაგრამ ისე, რომ არ დააკნინოს თავისი, როგორც მოქალაქის უფლება–მოვალეობები და – ზუსტად პირიქით! ძნელია? რა თქმა უნდა ძნელია, მაგრამ ეს პიროვნების სატარებელი ტვირთია და სხვა ამაში ვერ დაეხმარება. პიროვნებამ, როგორც მოქალაქემ, იცის რომ მისთვის უზენაესი მხოლოდ კანონია, ხოლო როგორც მრევლმა – იცის, რომ მართალი უნდა იყოს სინდისის წინაშე!
ასე – თან გითანაგრძნობთ ამ მძიმე ტვირთის გამო, და თან გილოცავთ თავისუფლი არჩევანის უფლებას! ოღონდ ეგაა – პასუხისმგებლობასაც ვერსად წავუვალთ ვერც სინდისის და ვერც კანონის წინაშე!“