„ექიმები და ექთნები ის ადამიანები არიან, რომლებმაც კიბოსგან გადამარჩინეს და ყველაზე ცუდ დროს ძალა მომცეს. მე მათ ეს სიკეთე უნდა დავუბრო“,- ამბობს ლი იანი, რომელიც პეკინში საკვების მიმტანად მუშაობს. ბიჭის ისტორიაზე BBC წერს.
ლი იანს კიბოს დიაგნოზი 2003 წელს დაუსვეს, როდესაც ის 17 წლის იყო. თუმცა მან დაავადება დაამარცხა და ახლა ცდილობს ექიმებს მადლობა გადაუხადოს.
კარანტინის განმავლობაში საკვების გამოძახებაზე მოთხოვნა გაიზარდა, ლი იანმა კი, რომელიც საკვების მიტანის უმსხვილეს კომპანიაში მუშაობს, გადაწყვიტა ექიმებისთვის მადლობა გადაეხადა.
ბიჭს მათთვის ყოველ დღე მიჰქონდა საკვები. ის სწორედ იმ რაიონში მუშაობს, სადაც ძალიან ბევრი ცხელების კლინიკაა, მათ შორის საავადმყოფო, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3 341 ადამიანი ემსხვერპლა, 82 160 დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.