აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჯანმოს ქმედებებს ადამიანიების სიცოცხლე ემსხვერპლა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჯანმოს ქმედებებს ადამიანიების სიცოცხლე ემსხვერპლა

ოფიციალური ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქმედებებს ადამიანიების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Agence France-Presse-სთან საუბარში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„ჯანმომ მხოლოდ 30 იანვარს გამოაცხადა, რომ კორონავირუსი გლობალური მასშტაბის საგანგებო მდგომარეობაა მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ეპიდემიის შესახებ ჯერ კიდევ დეკემბერში იყო ონფორმირებული, ხოლო პანდემია კი საერთოდ 11 მარტს გამოცხადდა“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ 2019 წლის დეკემბერს ტაივანმა ჯანმოს შეატყობინა, რომ უხანში სამედიცინო პერსონალს შორის ადამიანიდან ადამიანზე ინფექციის გადაცემას ჰქონდა ადგილი.

„ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ იმ ფაქტით, რომ ტაივანის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გაზიარებული არ იყო ჯანდაცვის საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ჯანმოს 2020 წლის 14 იანვრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადამიანებს შორის ინფექციის გადაცემის მტკიცებულება არ არსებობს“, - აღნიშნეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჯანმომ ჩინეთის წნეხის ქვეშ სრულად უგულებელყო ტაივანი.

„ჩვენს მიერ მიღებულ ზომებს, კერძოდ საზღვრების ჩაკეტვას, ჯანმოს მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. ჯანმოს რეკომენდაციებს მსოფლიოსთვის შედეგი მოჰყვა, რადგან სახელმწიფოებმა დააგვიანეს ჩინეთთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვა. როდესაც ეს პანდემია მორჩება, სრულად უნდა გადავაფასოთ ჯანმოს ფუნქციონირება“, - დასძინეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

აღსანიშნავია, რომ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ჯანმოს დაფინანსების მოცულობას გადახედავს.

„ამჟამად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების მოცულობას გადავხედავთ. ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ და ის შედეგები დადონ, რომელსაც მათგან ელოდებიან. ჯანმოს შემთხვევაში, ვერ ვხედავთ, რომ იმ შედეგებს მიაღწია, რომელსაც მისგან ელოდნენ“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.