ივანე მაჭავარიანი: ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ საქართველოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ COVID-19-ის გლობალურ გამოწვევასა და მის შედეგებს

ივანე მაჭავარიანი: ჩვენი პარტნიორები მზად არიან უზრუნველყონ საქართველოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავუმკლავდეთ COVID-19-ის გლობალურ გამოწვევასა და მის შედეგებს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ფინანსთა სამინისტროს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს:

„ძალა ერთობაშია - ამ სულისკვეთებითა და ერთსულოვნებით სავსე მხარდაჭერის წერილი მიიღო დღეს საქართველოს ხელისუფლებამ და ჩვენმა მოსახლეობამ პარტნიორი დონორი ორგანიზაციებისგან. აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზად არიან უზრუნველყონ საქართველოს სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავუმკვავდეთ COVID-19-ის გლობალურ გამოწვევას და მის შედეგებს.

ამ დღეების განმავლობაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ჩვენ აქტიურად, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდით ჩვენს დონორებთან ერთად იმ შესაძლო ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით, რომელსაც გამოყოფენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსთვის და რომელიც დაგვეხმარება გავაგრძელოთ სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. კიდევ ერთხელ, მსურს მადლობა გადავუხადო მათ ამ თანადგომისა და იმ ნაბიჯების პოზიტიურად შეფასებისთვის, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ პირველივე დღეებიდან გადადგა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია ივანე მაჭავარიანის განცხადებაში.