ჯერ კიდევ ზაფხულში ჟურნალი "რეიტინგი" პირველი იყო, ვინც გამცნოთ, რომ შალვა რამიშვილი ცოლს გაშორდა. მაშინ სანდო წყარო გვიყვებოდა, რომ შალვა შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა. ეს ჭორი არც შალვას ყოფილ მეუღლე თეა აბაშმაძეს დაუდასტურებია და არც თვითონ შალვას. ცოტა ხნის წინ კი შალვამ "ფეისბუქზე" საჯაროდ გამოაქვეყნა, რომ ხატია ეკიზაშვილი უყვარს. ტელეწამყვანთან საუბარი ბოლო დროს მომხდარი აქტუალური მოვლენით, მის ეთერში კობა ბექაურის სტუმრობით დავიწყეთ.
- შალვა, კობა ბექაურთან ეთერის შემდეგ როგორ გრძნობთ თავს?
- კარგად. ზოგადად 1-ლი ოქტომბრის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. სწორედ 1-ლი ოქტომბრის შედეგია, რომ ბექაური ჩემთან გადაცემაში მოვიდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, უმაღლესი თანამდებობის პირების შეკვეთილი რომ იყო ეს პროვოკაცია, მაგრამ დეტალები არ იყო ჩემთვის ცნობილი. ახლა მთელმა საქართველომ გაიგო. პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და ყველა შეკითხვას საბოლოოდ გაეცემა სამართლებრივი პასუხი, შესაბამისად, მოხდება სამართლებრივი რეაბილიტაცია.
- კობა ბექაურთან პირისპირ საუბრისას დაძაბული იყავით?
- ბექაურის მიმართ განსაკუთრებული ბოღმა არასდროს მქონია. ზუსტად ვიცოდი, რომ ის სხვისი ბრძანებების შემსრულებელი იყო. წყალქვეშა ნავი გემს რომ ძირავს, ტორპედოს ხომ არა აქვს ნება, სხვაგან გადაუხვიოს. სადაც დაუმიზნებენ, იქ ისვრის. შეიძლება ითქვას, რომ ტორპედო ბექაური იყო, მიხეილ სააკაშვილი კი - წყალქვეშა გემის კაპიტანი. წყალქვეშა გემი ჩაძირულია. კაპიტანი "აფსაიდშია" და გემთან ერთად იძირება. ამიტომ ახლა არანაირი შურისძიების, ბოღმისა და გაბოროტების გრძნობა ბექაურის მიმართ არ მაქვს.
- როდესაც მას ღია ეთერში ხელი ჩამოართვით, არ გაგახსენდათ, რომ სწორედ მან გაგწირათ? მისი წყალობით ციხეში გატარებული ოთხი წელი არ გაგახსენდათ?
- მე ცოტა ფილოსოფიურად ვუყურებ ამ საკითხს. ყველა ადამიანი ცხოვრებაში რაღაც არასწორს ვაკეთებთ და შეიძლება, ყველა იმსახურებს ცოტა ხნით სასჯელს. ეს ზოგადი შეხედულებაა და მეორეც, მე სააკაშვილმა დამაპატიმრა და იარაღად ბექაური გამოიყენა. მისდამი მკვეთრად გამოხატული ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს. თუმცა, რა თქმა უნდა, ძმაკაცები არასდროს ვიქნებით.
- როგორ დაგიკავშირდათ?
- ჩვენს საერთო მეგობარ გიორგი უძილაურთან მივიდა და სთხოვა, შუამავლობა გაეწია ჩემთან. მერე მოვიდა და მითხრა, ყველაფერს ვიტყვიო.
- არ გაგიკვირდათ?
- მე ველოდებოდი მოვლენების ასე განვითარებას. ასეთი საშინელი ტვირთით სიარული ძალიან რთულია. მით უმეტეს, როცა საფრთხის საშიშროება გაქრა.
- დავით კოხრეიძის კომენტარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით ცოტა უცნაურად არ მოგეჩვენათ?
- დავით კოხრეიძე წელიწად-ნახევარი სრულიად უდანაშაულო იჯდა...
- მან უნდობლობით შეხედა თქვენს საუბარს და თქვა, რომ თქვენ და ბექაური რაღაცებზე წინასწარ გარიგდით. ის იმ ამბავმა დაეჭვა, რომ იმ ბინის პატრონი, სადაც დაგაკავეს, ირმა სტეფნაძე არ ახსენეთ...
- მე მიმაჩნია, რომ ირმა სტეფნაძე ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია. მან არ იცოდა, მე რომ მაკავებდნენ. მასაც გაუჩალიჩა სააკაშვილმა ბექაურის მეშვეობით. რა თქმა უნდა, მისთვის ეს ნაკლებად მტკივნეული იყო, იმიტომ, რომ ირმა ციხეში არ მჯდარა. მგონი, დავით კოხრეიძე აღელვებული იყო და ემოციურ ნიადაგზე საუბრობდა.
- რატომ უნდა ყოფილიყო აღელვებული?
- გაახსენდა ის პერიოდი, რომელიც ციხეში გაატარა.
- ამის გამო თქვენი საუბრისთვის უნდობლად რატომ უნდა შეეხედა?
- ალბათ, მისი აზრით მნიშვნელოვან დეტალებზე და ჩემი აზრით უმნიშვნელოზე არ გამახვილდა ყურადღება. მთავარი ხომ ისაა, რომ კობა ბექაური მოვიდა და ლაპარაკი დაიწყო.
- იყო თქვენსა და ბექაურს შორის შეთანხმება, რა თემებზე არ უნდა გესაუბრათ?
- მსგავსი არაფერი ყოფილა.
- ინტერნეტსივრცეში ბევრი კრიტიკა მოჰყვა ბექაურის თქვენთან სტუმრობას...
- არიან ორთოდოქსი მიშისტები დ მათ ვერაფერს ვუშველით. ინტერნეტსივრცეში ყოველთვის არაერთგვაროვან შეფასებებს გამოთქვამენ და მე ეს ნაკლებად მაღელვებს. სექტანტი მიშისტების კომენტარებს ყურადღებას არ ვაქცევ.
- გგონიათ, რომ ისინი მხოლოდ მიშისტები არიან? ხომ შეიძლება, ადამიანს ისედაც ბევრი კითხვა გაუჩნდეს ამ ამბავთან დაკავშირებით?
- ცალსახად ვთვლი, რომ ის ბრალდება, რომლითაც მე გამასამართლეს, ინგრევა. მეორეა, მე როგორ ავხსნი ფულის აღების ფაქტს. მთვარია ის, რომ ინგრევა ჩემი და კოხრეიძის სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილეობა. შესაბამისად, ის ოთხი წელი, რომელიც მე ციხეში გავატარე, ტყუილუბრალოდ გამიტარებია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის რეაბილიტაცია უნდა მოხდეს. ხოლო ის, თუ რატომ და როგორ ავიღე ფული, სულ სხვა საქმეა. მერე ამ ყველაფერზე ცალკე ვილაპარაკებ. ამიტომ ყველაზე არარენტაბელური კითხვის დასმა, ფული ხომ აიღეო, არასწორია. მე ვდავობ და ალბათ გავიმარჯვებ ამ დავაში, რომ სახელმწიფომ მოაწყო პროვოკაცია, უმღლესი თანამდებობის პირებმა მოაწყვეს ჩემსა და ტელეკომპანია "202"-ის წინააღმდეგ პროვოკაცია. დამადანაშაულეს ცრუდასმენის წყალობით ფულის გამოძალვაში და ეს იყო, რა თქმა უნდა, დანაშაული.
- თქვით, ყველა ადამიანი მცირე ხნით მაინც იმსახურებს ციხეში ყოფნასო. ე.ი. ფიქრობთ, რომ თქვენც იმსახურებდით?
- რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების განმავლობაში ბევრი ისეთი რამ მაქვს გაკეთებული, რაც არასწორი იყო. შეცდომები მაქვს დაშვებული. ყველა ადამიანი ასეა, მაგრამ მე ფატალური შეცდომები არ მაქვს დაშვებული. არამზადობა არ ჩამიდენია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ფილოსოფიურად ვამბობ. სისხლის სამართლის კოდექსი ერთია და ცხოვრების კოდექსი - სხვა.
- თქვით, სხვა თემაა, რატომ და როგორ ავიღე ფულიო. შეგიძლიათ, ამ საკითხზე უფრო გახსნილად ვისაუბროთ?
- მაქვს გეგმა. დაველოდები ახალ განაჩენს და შემდეგ, როცა რეაბილიტაცია მოხდება, ყველაფერს ვიტყვი. არც ერთ დღეს და არც ერთ წელს არ ვიმსახურებდი, რომ ციხეში ვყოფილიყავი. არ ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული, რისთვისაც გამასამართლეს.
- ამბობენ, კობა ბექაური ასე იმიტომ მოიქცა, რომ ახალ ხელისუფლებაში ადგილის დამკვიდრება უნდაო.
- მთავარია, რომ მან სიმართლე თქვა.
- პირადულ ამბებზეც მინდა გკითხოთ. როგორც ვიცი, მეუღლეს დაშორდით და ახლა შეყვარებული ხართ.
- ვადასტურებ, რომ მეუღლეს დავშორდი. სხვას ამ თემაზე ვერაფერს ვიტყვი.
- "ფეისბუქზე" დაწერეთ, რომ გიყვართ ხატია ეკიზაშვილი...
- ამ თემაზე ვერაფერს მათქმევინებთ. არ ვსაუბრობ პირადზე.
- კი, მაგრამ "ფეისბუქზე" ამ სიტყვების დაწერით ხომ ეს ამბავი საჯარო გახადეთ...
- ერთია, თქვენ რას დაწერთ და მეორეა, მე რას გიპასუხებთ.
- როგორც გავიგეთ, ეს გოგონა სუხიშვილების ანსამბლის პიარმენეჯერია.
- მე არ გიპასუხებთ პირად შეკითხვებზე.
- როდის გაგვაცნობთ ჟურნალისტებს შეყვარებულს?
- არ ვიცი.