„საკითხი დემოკრატიულად უნდა გადაწყდეს, ვისაც შეეძლება, სწავლის გაგრძელება, გააგრძელოს, ვისაც არა, იმან დაისვენოს ერთი წელი“

„საკითხი დემოკრატიულად უნდა გადაწყდეს, ვისაც შეეძლება, სწავლის გაგრძელება, გააგრძელოს, ვისაც არა, იმან დაისვენოს ერთი წელი“

შესაძლოა, ონლაინგაკვეთილები შეწყდეს და ეს წელი აკადემიურ წლად გამოცხადდეს. ხელისუფლება გვპირდება, ყველაფერს გააკეთებს, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდეს, რადგან ამას თავისი შემდგომი შედეგები მოჰყვება ბავშვებისთვისაც, დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვისაც, თუმცა ეს საკითხი დღის წესრიგში ნამდვილად დგას.

აკადემიური წლის გამოცხდებასთან დაკავშირებით აბიტურიენტთა ნაწილში აზრი იყოფა. ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ ინტერნეტი გამართულად არ მუშაობს, ხშირად ითიშება, ამიტომ აკადემიური სემესტრის აღება აუცილებელია. აბიტურიენტთა ნაწილს კი მიაჩნია, რომ სისტემა გამართულად მუშაობს და აკადემიური წლის გამოცხადება საჭირო არაა.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია, რომელიც ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ასწავლის და საქართველოში და საზღვარგარეთ პროფესორად მოღვაწეობს, მიიჩნევს, რომ აკადემიური წლის გამოცხადება არასწორი იქნება, რადგან ამით შეიძლება დავკარგოთ ჩვენი ნაღები აკადემიური წრე. მართალია, დღეს ექიმებისა და ძალოვანების გმირობაზე ვართ დამოკიდებულნი, რაც ცხადზე უცხადესია, მაგრამ, თუ აკადემიურ წრეს დავკარგავთ, ეს სერიოზული დარტყმა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ აკადემიური წრის წარმომადგენლები ზრდიან იმ გმირ ექიმებს, გმირ ძალოვანებს, რომლებიც დღეს გმირობის წინა ხაზზე არიან. თუ ჩვენ აკადემიური ელიტა ერთი ხელის მოსმით შევაჩერეთ, მაშინ სახელმწიფოებრიობა დადგება ეჭვქვეშ.

„აკადემიური წლის გამოცხადება უშუალოდ მეც მეხება, როგორც აკადემიური წრის წარმომადგენელს. ეს პირდაპირ ეხება ჩვენი აკადემიური წრის სოციალური უსაფრთხოების საკითხს. აკადემიური წლის გამოცხადება ნიშნავს, რომ მთელი პროფესორები და აკადემიური წარმომადგენლები დარჩებიან უმუშევრად. ეს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს. სხვათა შორის, მე არ გამჭირვებია სტუდენტებისთვის დისტანციურად ცოდნის გადაცემა. მობილიზებულნი არიან ჩემი სტუდენტები, 17 სტუდენტიდან 17-ვე იყო ჩართული „ზუმის“ ჩართვაში. გარდა ამისა, საზღვარგარეთაც ვატარებ ვიზუალურ ლექციებს. ცოცხალ ურთიერთობას არაფერი შეედრება, მაგრამ ჩემი დარგის სპეციფიკა ისეთია, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემები, საერთაშორისო ურთიერთობები შეიძლება ონლაინმეთოდითაც ვასწავლო ახალგაზრდებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი სპეციალობების არსებობა, რომელიც ცოცხალ ურთიერთობას მოითხოვს. არის რაღაც მიმართულებები, რომელზეც დისტანციური სწავლება გავლენას არ ახდენს, მაგრამ არის კიდევ სპეციალობები, რომლებზეც დისტანციური სწავლება რთულია“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში ვახტანგ მაისაია, რომლის აზრითაც, აკადემიური წლის აღება საჭირო არაა, თუნდაც იმიტომ, რომ არავინ იცის, რა გველის მომავალ წელს.

უბრალოდ, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიური განწყობის ნაწილია და, როცა სასწავლო პროცესი არ წყდება, ეს უკვე ერთგვარი მოტივაციური ფაქტორია. მით უმეტეს, მალე, ალბათ, პანდემია კლებისკენ წავა, სავარაუდოდ, მაისისკენ საგანგებო სიტუაცია და კომენდანტის საათიც მოიხსნება და, როგორც ჩინეთში აღდგა ჩვეულებრივი ცხოვრება, ასეთი ცხოვრების ტემპს ჩვენც დავუბრუნდებით. თუ ასე არ მოხდა და ეპიდემიის საფრთხე მაქსიმუმ გვიან შემოდგომამდე გაგრძელდა, ეს უკვე რთული სცენარი იქნება. ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ზაფხულის სეზონი და სწავლება არ ჩავაგდოთ.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, ნევროლოგ, ეპილეფტოლოგ, ნეიროფიზიოლოგ ოთარ თოიძეს მიაჩნია, რომ ასე ხელაღებით იმის თქმა, რომ წახვალთ ახლა სახლში, ვითომ სუყველა ავად გახდით და მომავალ წელს იმავე კურსზე იქნებით, არ გამოვა. ოთარ თოიძის აზრით, ბევრ ახალგაზრდას დაგეგმილი აქვს თავისი ცხოვრება, ზოგი სამსახურს ელოდება, ზოგს თავისი გეგმები აქვს და აკადემიური წლის გამოცხადებით ამ გეგმების მსხვრევა მოხდება.

„ჩემი აზრით, აკადემიური წლის გამოცხადება უნდა იყოს არჩევითი. მას, ვისაც სწავლის გადადება უნდა, ეს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, ხოლო, ვისაც სურს სწავლა გააგრძელოს, მისთვის უნდა არსებობდეს პროგრამები. სხვათა შორის, სატელევიზიო სკოლის გადაცემები ვნახე, ძალიან კარგია ბავშვებისთვის. თუ ლაპარაკია გამოცდების პრობლემებზე, აქაც შეიძლება რაღაც გამოსავალი მოინახოს და ტექნიკური საშუალებების ეპოქაში რაღაცნაირად მოხერხდეს გამოცდების ჩატარება, ან გადავადება. ბოლოს და ბოლოს, ცოდნა და სწავლა ინტელექტუალური რესურსების დაძაბვაა, დავძაბოთ ეს რესურსები და, ვისაც შეეძლება, სწავლის გაგრძელება, გააგრძელოს, ვისაც არა, იმან დაისვენოს ერთი წელი. ეს საკითხი დემოკრატიულად უნდა გადაწყდეს“, - აცხადებს ოთარ თოიძე ჩვენთან საუბარში.

 

DDDzia "სწორედ აკადემიური წრის წარმომადგენლები ზრდიან იმ გმირ ექიმებს, გმირ ძალოვანებს, რომლებიც დღეს გმირობის წინა ხაზზე არიან. თუ ჩვენ აკადემიური ელიტა ერთი ხელის მოსმით შევაჩერეთ, მაშინ სახელმწიფოებრიობა დადგება ეჭვქვეშ" - მაისაია, ნუ მიაცვ-მააცვავ.
1941-1945 წლებში უკრაინაში, ბელორუსიაში და რსფსრ-ს დასავლეთ ნაწილში იძულებით "აკადემიური ხუთწლედი" იყო, მაგრამ სახელმწიფოებრიობა არავის დაუყენებია კითხვის ქვეშ.
მე ორი მყავს ახლა აკადემიურად სახლიდან მსწავლელი - სტუდენტი და სკოლის მოსწავლე. რა თქმა უნდა, შეიძლება ასე სწავლა, მაგრამ რეალურად ეს სწავლა არ არის. თუ ასე შეიძლება, მაშინ სხვა წლებშიც სრული სასწავლო პროცესი "ზუმით" ჩაატარეთ, რაღას აპროწიალებთ ამდენ ხალხს სკოლებსა და უნივერსიტეტებში?
მაშინ რატომ გააუქმეთ დაუსწრებელი სწავლების სექტორები? რითაა ამაზე უარესი?
4 წლის უკან
ლაზი ონლაინ სწავლება რომ აუდიტორიის ტოლფას ეფექტს ვერ იძლევა ეს სადაო არ არის, მაგრამ სწავლის საერთოდ შეწყვეტა საბოლოოდ დაანგრევს განათლების სისტემას ყველა საფეხურზე. ომის დროს სწავლის შეწყვეტა სხვა საკითხია და სახლში უსაქმოდ დამჯდარი ბავშვები და სტუდენტები სხვა პრობლემაა. ეს იქნება აბსოლუტური უმოქმედობა რაც დამღუპველია გონებისათვის. ომის დროს ასეთი პრობლემა არ იდგა, მაშინ სულ სხვა სიტუაცია იყო.
ივნისის ბოლოსაც რომ მოხერხდეს აუდიტორიებში დაბრუნება, 6 სექტემბრამდე დარჩენილი ათი კვირა მაინც საკმარისი იქნება სემესტრის ძირითადად დასრულებისათვის. ერთ ან ორ კვირიანი კვირიანი არდადეგები სრულად საკმარისი იქნება და ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ. რატომღაც ასეთ ვარიანტზე არავინ არ საუბრობს, რადგან თვლიან, რომ ივლის-აგვისტოში სწავლა არ შეიძლება.
ღმერთმა მშვიდობა ქნას და ძალიანაც კარგად შეიძლება.
4 წლის უკან