გვიცავს თუ არა ქართველთა გენი კორონავირუსისგან? ილიაუნის პროფესორი გიგი თევზაძე საკუთარ ვერსიას გვთავაზობს, რომ საქართველოს კორონასგან გენეტიკური პოპულაცია იცავს. მისი აზრით, გამორიცხული არაა, ქართველთა G ჰაპლოჯგუფს სპეციფიკური იმუნიტეტი ჰქონდეს, რომელიც მსგავსი ვირუსების გავრცელებას ეწინააღმდეგება. G ჰაპლოჯგუფის ადამიანებისთვის, რომლებიც 26 000 წელია ამ რეგიონში სახლობენ და, ზოგიერთი ვერსიით, აქ წარმოიშვნენ კიდეც, კორონავირუსი არ არის პირველი შემთხვევა, რომელთანაც მათ მოუწიათ შეხვედრა.
ამ საკითხის შესახებ For.ge-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი დავით თარხნიშვილი ესაუბრა.
გვიცავს თუ არა ქართული გენი კორონავირუსისგან, რის შესახებაც ბოლო პერიოდში მსჯელობა პოპულარული გახდა?
- არსებობს გარკვეული გენები, რომლებიც განსხვავებული სიხშირითაა სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონში, ან სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში. არის გარკვეული გენები, რომელთა მსგავსებაც უფრო მეტია აღმოსავლეთ საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის, ვიდრე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის. ამიტომ ეს ცოტა რთული საკითხია.
არის ვერსია, რომ სწორედ გენეტიკურ კოდზეა დამოკიდებული კორონავირუსით დასნეულება, მოგვერევა თუ არა ეს ვირუსი. გიგი თევზაძე ამბობს, რომ ქართველ ხალხს კორონასგან გენეტიკური პოპულაცია იცავს.
- იცით რა, მე გიგისთან მიკამათია ამ თემაზე. პრინციპში, ის რასაც ამბობს, არ არის მთლად ისე, რომ ქართული გენი იცავს პოპულაციას. ის ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, რაღაც გარკვეულ გენებს, რომლებიც საქართველოში უფრო ხშირია, ვიდრე სხვაგან, აქვთ გარკვეული ფაქტორი, რომელიც იმუნიტეტზე გავლენას ახდენს. ჩემი აზრით, ესეც სუსტი ჰიპოთეზაა თუნდაც იმიტომ, რომ არსებობს ძალიან მარტივი ახსნა იმისა, ჯერჯერობით რატომ არ არის კორონავირუსი ჩვენთან ისეთი მასშტაბით, როგორც სხვაგან. ეს იმით აიხსნება, რომ ეს ვირუსი ჩვენთან გვიან შემოსულია. თქვენ რომ ნახოთ რუკა, არის უამრავი პატარა ქვეყანა, რომლებიც ცენტრალური ეკონომიკური ცენტრებისგან შორსაა, ანუ დასავლეთ ევროპისგან, ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროსგან შორსაა, სადაც, ასევე, შედარებით მცირე რაოდენობაა როგორც ინფიცირებულების, ისე დაღუპულების თვალსაზრისით სადღეისოდ. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ძალიან დამამშვიდებელი არ არის, რადგან რაღაც მომენტში, როდესაც ექსპონენტური ზრდა დაიწყება, იმ მომენტიდან უნდა იყოს ათვლა საჭირო. საქართველოს შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ დაიწყო ქვეყნის შიგნით კორონას გავრცელება და არ მიაღწია დიდ რაოდენობას. ამდენად, სწორი იყო კარანტინის შემოღება, რადგან ეს უფრო ანელებს ეპიდემიის გავრცელებას.
თქვენ იკვლევთ ქართველთა ჰაპლოჯგუფებს (ადამიანების გენეტიკური პოპულაციის ჯგუფს, რომლებიც იზიარებენ საერთო წინაპარს დედის ან მამის ხაზით). რამდენად განსხვავებულია ქართველების ჰაპლოჯგუფი თუნდაც იტალიელების, ესპანელების ჰაპლოჯგუფებისგან, რომელთაც კორონამ მასობრივად გადაუარა?
- რეალურად, სხვადასხვა შეფარდებები არსებობს. ჰაპლოჯგუფები არის გარკვეული გენები, უმეტეს შემთხვევაში, მათ შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული გავლენა ფიზიკურ თვისებებზე, მაგრამ განსხვავება მათ შორის იმის შედეგია, რომ ეს პოპულაციები, სადაც ადამიანთა ეს ჯგუფები ვითარდებოდნენ, ერთმანეთისგან იზოლირებულნი იყვნენ გამყინვარების პერიოდში, თანაც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, დაგროვდა განსხვავებული მუტაციები, შემდეგ მოხდა მათი შერევა. მაგალითად, ჩვენ რომ გავასაშუალოვოთ ქართველები და არ დავიწყოთ დაყოფა სვანებად, ხევსურებად და სხვა, სამ ყველაზე ხშირად გავრცელებულ ჰაპლოჯგუფს მივიღებთ - G (ჯი) ეს არის მამრობითი სქესის მოსახლეობის სადღაც 35-40%, J (ჯეი), რომელიც აქვს მოსახლეობის დაახლოებით 30%-ს და მესამე ადგილზეა R1 b, რომელიც ფართოდ გავრცელებულია ევროპაში და ეს ჰაპლოჯგუფი ქართველების სადღაც 15%-მდე აქვს. ჩვენ რომ ავიღოთ რომელიმე მეზობელი ეთნიკურ ჯგუფები, მაგალითად, სომხები, მათშიც იგივე სამი ჰაპლოჯგუფია ყველაზე ხშირი, უბრალოდ, განსხვავება პროპორციაში, სომხებში R1 b პირველ ადგილზეა, ხოლო „G“ და „J“ მეორე და მესამე ადგილებზე.
დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას ისტორიულად მალარიასთან და ჭაობის ციებასთან გამომუშავებული იმუნიტეტი აქვს. ეს იმუნიტეტი რამდენად გამოსადეგია კორონავირუსის წინააღმდეგ?
- კი ბატონო, ასეთი რამ მართლაც შეიმჩნევა იმ ადამიანებში, რომლებიც დაჭაობებულ ადგილებში ცხოვრობენ, სადაც მალარიის პლაზმოდიუმია. რა თქმა უნდა, ბუნებრივი გადარჩევის გზით ამ ადამიანებს გამოუმუშავდათ გენეტიკურად განპირობებული გარკვეული იმუნიტეტი, თუმცა ამას ჰაპლოჯგუფთან კავშირი არ აქვს. ჩვენ 46 ქრომოსომა გვაქვს, შესაბამისად, როგორც წესი, სხვა ჩვეულებრივ არასქესობრივ ქრომოსომებზეა კონცენტრირებული ეს გენები. რაც შეეხება Y (იგრეკ) ქრომოსომას, პრინციპში, აქამდე ითვლებოდა, რომ ეს ქრომოსომა მხოლოდ და მხოლოდ განაპირობებდა მეორად სქესობრივ ნიშნებს, ანუ კაცსა და ქალს შორის განსხვავებას, მაგრამ ბოლო წლებში იკვლევენ, რომ თითქოს გარკვეულ გულის დაავადებებთან დაკავშირებული ზოგიერთი გენი ამ იგრეკ ქრომოსომასთან არის შეჭიდული. პრინციპში, იმუნიტეტთან დაკავშირებით რაც ითქვა, ეს აპრიორულად არ უნდა გამოვრიცხოთ, მაგრამ არ არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ სერიოზულად ამაზე ვიფიქროთ.
როგორც ჩანს, თქვენ არ თვლით, რომ კორონავირუსის პანდემიის სირთულე ჰაპოლოჯგუფებითაა განპირობებული და R1 b ჰაპლოჯგუფების მქონე პოპულაცია (ანუ იტალიელები, ესპანელები, გერმანელები, ამერიკელები) უფრო მოწყვლადნი ამიტომაც არიან ამ ვირუსის მიმართ. კორონავირუსის ასეთ მასშტაბს ამ ქვეყნებში რით ახსნით?
- არის უფრო მარტივი მიზეზები ამისთვის, კონკრეტულად, იტალია და ესპანეთი მსოფლიო ტურიზმის ცენტრია, სადაც ძალიან ბევრი ვირუსი ერთდროულად შევიდა. რაც შეეხება ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს, ნიუ-იორკს აქ არის მსოფლიო ბიზნესცენტრი და ამას უკავშირდება ვირუსის გავრცელება, ხოლო ჩინეთი ეკონომიკურად აქტიურია და, ამავე დროს, ჩინეთში, უბრალოდ, მოხდა ამ ვირუსის ადამიანზე გადასვლა ცხოველებისგან.
მსოფლიომ გადაიტანა შავი ჭირის ეპიდემია მე-14 საუკუნეში (1346-53 წლები), რამაც 25 მილიონი ევროპელი შეიწირა, ამის შემდეგ იწვნია „ისპანკა“ 1918-20 წლებში, ეს ყველაფერი ქართველებს ისეთი კოლოსალური მასშტაბით არ შეეხო. ამის მიზეზი რა არის?
- ეპიდემიები ისეთი რამაა, რომ, პირველ რიგში, იმ რეგიონებში ვრცელდება, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე ძალიან მაღალია. შავი ჭირი, პრინციპში, საქართველოშიც იყო, აღმოსავლეთ ევროპაშიც ოქროს ურდოს ხანაში, მაგრამ დასავლეთ ევროპა ძალიან მჭიდროდ იყო დასახლებული და მეურნეობის და ყველანაირი თვალსაზრისით უფრო მეტად იყო განვითარებული იმ დროისთვის, ვიდრე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპა. ეს არის ყველაზე უფრო მიღებული ახსნა ამ ფაქტის და არა მგონია, არსებობდეს მნიშვნელოვანი მიზეზები, ეჭვი შევიტანოთ ამ ახსნაში. რა თქმა უნდა, ცალკეული ადამიანის გენოტიპი უკეთესად, ან უარესად ახდენს რეაგირებას გადარჩენაზე ისევე, როგორც ზოგიერთ ადამიანს შეიძლება სიგარეტის წევით დაემართოს ფილტვის კიბო, მეორე ადამიანს კი არაფერი დაემართოს. ასეთი განსხვავებები მართლაც არსებობს.
არის ასეთი ჰიპოთეზა, რომ ეტრუსკები წარმომავლობით კოლხები იყვნენ. ეტრუსკები გადავიდნენ აპენინის და პირენეის ნახევარკუნძულებზე, 753 წელს მათ ააგეს რომი და რომაულ ცივილიზაციას ჩაუყარეს საფუძველი. პელაგზებმა, ასევე, უძველესმა კოლხებმა კი ბერძნულ ცივილიზაციას ჩაუყარეს საფუძველი. საინტერესოა, მათი გენები თუ იქნება შემორჩენილი დღევანდელ ესპანელებსა და იტალიელებში?
- ეს ისეთი თემაა, რომელიც ყოველდღიურად ახალი ინფორმაციის წყარო ხდება და რთულია ამაზე საუბარი.
ზოგადად, ქართველური ჯგუფები რით განსხვავდება სხვებისგან? მართლა ასეთი გამორჩეულები ვართ, როგორც გვიყვარს ხოლმე თავის წარმოჩენა?
- მე არ ვისაუბრებდი მხოლოდ ქართველებზე, მე უფრო ვისაუბრებდი ახლო აღმოსავლეთზე, გეოგრაფიულად ჩვენც ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთ ნაწილს მივეკუთვნებით. იქ მცხოვრებმა ხალხმა დასაბამი მისცა თანამედროვე კავკასიელებს, ასევე, ირანის, თურქეთის დიდ ნაწილს. ახლო აღმოსავლეთში ნამდვილად განვითარდა პირველი მიწათმოქმედება, მსგავსი კულტურები და შემდეგ ეს ადამიანები გავრცელდნენ ევროპაში - ხმელთაშუაზღვისპირეთში, ცენტრალურ ევროპაში და იქ შეიტანეს სასოფლო მეურნეობის კულტურა. ჩვენ ნეოლითის პერიოდზე ვლაპარაკობთ, როდესაც არც ქართველები, არც ჩეჩნები, არც სომხები არ არსებობდნენ თანამედროვე გაგებით. იყო რაღაც პროტოჯგუფები მოსახლეობის, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, სტეპიდან ან ცენტრალური აზიიდან, ან სხვა რეგიონებიდან (ზუსტად არ ვიცით), შემოვიდნენ თანამედროვე ინდოევროპელების წინაპრები და დიდწილად შეცვალეს მანამდე არსებული მოსახლეობა. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ახლო აღმოსავლელებმაც შეცვალეს ევროპის აბორიგენები, რომელთა შთამომავლებიც უფრო კონცენტრირებულნი არიან ბალკანეთის მთებში და სკანდინავიაში. ამიტომ ჩვენ ვერ გამოვყოფთ ქართველებს ცალკე, ეს ყველაფერი შეერია ერთმანეთს და ჩვენ ვერ წამოვიდგენთ სადღეისოდ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში ან თუნდაც ჩვენთან ისეთ ეთნიკურ ჯგუფს, რომელიც უცვლელად მოდიოდეს გარკვეული წინაპრული ჯგუფიდან.