ინფექციონისტი მარინა ეზუგბაია აცხადებს, თუ დღეში 18-20 ახალი შემთხვევა გვექნება, ეს ნორმალური იქნება შიდა გადაცემის პირობებში და საქართველოსთვის დიდ ტრაგედიად არ უნდა აღვიქვათ. რა ელის საქართველოს უახლოესი ორი კვირის განმავლობაში და რამდენით მოიმატებს პაციენტების რიცხვი? ამის შესახებ For.ge-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე ესაუბრა.
- აქ ორი მომენტია. კატასტროფა ხდება მაშინ, როდესაც შემთხვევათა რაოდენობა ბევრად აღემატება მიმღები დაწესებულების შესაძლებლობას. დღეში 18-20 პაციენტი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც შეძლებენ ამ ტიპის პაციენტების მიღებას, გაუმკლავდებიან ამ პრობლემას. ნუ გვავიწყდება, გარდა იმისა, რომ პაციენტები მოდიან, პაციენტები მიდიან კიდეც. ლაპარაკი მაქვს გამოჯანმრთელების შემთხვევებზე. ამიტომ ეს მოძრაობა, ჩვეულებრივი „სტანდარტული“ გაგებით, ქვეყნისთვის ასატანი იქნება. მოიმატებს თუ არა ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი, ეს ყველაფერი ისევ და ისევ დამოკიდებულია არა იმდენად მკურნალობაზე, რამდენადაც ეპიდმდგომარეობის დაცვაზე, დაავადების პრევენციაზე. თუ არ მოხდა ინფექციის გადაცემა და ადამიანებმა კარგად დაიცვეს თავი, არა მხოლოდ ჯანმრთელებმა, არამედ ავადმყოფებმაც ისე დაიცვეს წესები, რომ არ გაავრცელეს ინფექცია, მაშინ ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მოვერევით ამ ვირუსს. წესით, ასეც უნდა იყოს, რადგან სულ ამას ვიძახით, რომ საქართველო გამონაკლისი ქვეყანა აღმოჩნდა ამ საგიჟეთში, რაც ახლა ხდება.
მიუხედავად იმისა, რომ ინფექციონისტები გვეუბნებიან, კორონა ჰაერით არ გადადისო, მაინც ცალკეული ადამიანები ეჭვობენ, კორონავირუსის გადაცემის საფრთხე ჰაერშიც ხომ არ არსებობს. ამიტომაც თავს იკავებენ ბავშვების გასეირნებისგან.
- ვირუსი არ არის მტვერი. ვირუსი ეს არის სითხეში შეწონილი ნაწილაკი, რომელიც უნდა მოხვდეს ადამიანის ორგანიზმში. ამიტომ ჰაერში ცირკულირებას ვერ მოახერხებს ვირუსი, რადგან ის წვეთი არ არის, რომელშიც ის ცოცხალი იქნება. წვეთი რომ ხვდება სადმე, მაშინ ინარჩუნებს გარკვეული ხნით ვირუსი ცხოველმყოფელობას და მერე ხდება ვირუსის გადადება. ხელებს თუ დაიბანს და დაიმუშავებს ადამიანი, ბევრად ნაკლებია ამ ვირუსის გადაცემის საშიშროება. ამიტომაცაა, რომ სახეზე ხელის მოკიდება არ შეიძლება. იმიტომ აქვთ სახეზე ჩამოფარებული არა მხოლოდ ავადმყოფებს, ჩვეულებრივ ადამიანებსაც. ისე, პირველ რიგში, ავადმყოფებს უნდა ჰქონდეთ სახეზე ჩამოფარებული, რომ მათ არ გამოყონ ვირუსშეწონილი სითხე.
ჩვენ ყოველთვის გვეშინოდა შიდა გადაცემის. შიდა გადაცემის დროს ქვეყნის შიგნით უცნობი კერებიდან ხდება ვირუსის გავრცელება, მერე ხდება ეს კერები ნაცნობი და ვიგებთ, ვინც არის გადამცემი, მაგრამ თავიდან, როდესაც ადამიანს არ აქვს კლინიკური ნიშანი, ამის დადგენა რთულია. საქართველომ ყველას რატომ აჯობა? ბატონი თენგიზ ცერცვაძეც ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ ჩვენთან ინფიცირების პირველადი გამოვლინების კრიტერიტუმად აღებულ იქნა არა მხოლოდ სიცხიანი და კლინიკურნიშნებიანი პაციენტები, არამედ ის პაციენტები, რომელთაც კლინიკური ნიშნები პრაქტიკულად არ გამოეხატებოდათ, განსაკუთრებით, უსიცხო პაციენტები, თუმცა მათ ჰქონდათ კონტაქტი და მოგზაურობის ისტორია და რისკჯგუფში შედიოდნენ. ამით ჩვენ შევაჩერეთ შიდა გადაცემის მალე დაწყება.
რაც შეეხება სასუნთქ აპარატებს, უკრაინამაც ითხოვა კომპანია „ტესლასგან“ სასუნთქი აპარატების უფასოდ გადაცემა. ჩვენც ხომ არ უნდა ვიჩქაროთ სასუნქთი აპარატების უფასოდ მიღება, რადგან კაცმა არ იცის, მომავალში რა მოხდება.
- ჩვენი ბედი, ჩვენთან იმდენად კარგია ეპიდსამსახურის მუშაობა, ამაზე უკეთესი ვერც წარმომიდგენია. არ მოველი ისეთ მასობრივ გავრცელებას, რომ არიქა, უცბად იფეთქოს კორონავირუსმა, როგორც იტალიაში, სადაც ყოველდღიურად ათასობით პაციენტი ინფიცირდება. თანაც, ჩვენთან კარანტინია გამოცხადებული და ასე სწრაფად გავრცელება არ მოხდება. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ საქართველოში ქართველების ბრალია თუ რა არის, არ ვიცი, ბევრად მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება. რა თქმა უნდა, არის მძიმე შემთხვევებიც, მაგრამ სუნთქვის აპარატი მხოლოდ მძიმე პნევმონიის დროს არის საჭირო, რადგან პნევმონია ყოველთვის არ ითხოვს ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.
თქვენ ბრძანეთ, ქართველების დამსახურებაც ხომ არ არის, რომ კორონა ასე მასობრივად არ ვრცელდებაო, არის ასეთი ვარაუდიც, რომ კორონას სიმწვავე შეიძლება გენებზეც იყოს დამოკიდებული. უცნაურია, რომ კორონაგადაცემის შემთხვევები შერჩევითია, ზოგიერთი ადამიანი ხდება ავად, მათ შორის, იტალიელები, ესპანელები, ზოგიერთებს კი ეს ვირუსი არ ეკარება. თქვენც ფიქრობთ, რომ ნაწილობრივ ეს გენების ამბავია?
- ეს ცალკე სალაპარაკო თემაა, თანაც აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე გენის ვირუსი არ არის ეს ვირუსი, იტალიური ვირუსის გენომი სრულიად განსხვავდება თუნდაც იმავე ესპანურისაგან და ქართულისგან. განსხვავებაა კლასტერებშიც. ალბათ, გაგიგიათ, რომ „ა“ და „ბე“ ჩვეულებრივი გრიპის ვირუსებიც არსებობს. ამიტომ ნებისმიერ დროს ვირუსმა შეიძლება განიცადოს მუტაცია. ღმერთის წყლობით, კორონავირუსი ჩვენთან ისეთი დამთრგუნველი ძალით არ მოქმედებს. ეს ითქვა კიდეც ტელევიზიითაც და სოციალურ ქსელებშიც გამოქვეყნდა ბატონ ამირანისა და ბატონ თენგიზის მოსაზრებებიც. ადრე თუ გვიან ლეტალური შემთხვევები შესაძლებელია იყოს.
ნუ გვექნება იმის წარმოდგენა, რომ ქართველი არ კვდება და კავკასიელი არ კვდება. უბრალოდ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. პირველ რიგში, შიდა გადაცემას უნდა ვებრძოლოთ და ვიფიქროთ დაავადების რაოდენობის შემცირებასა და მკურნალობაზე.
თვით ინფექციონისტებშიც კი აზრთა სხვადასხვაობაა, ზოგიერთი მათგანი უფრო საიმედო პროგნოზს აკეთებს, ზოგი უფრო აპოკალიფსურ სურათს ხატავს საქართველოში კორონავირუსის მასშტაბებთან დაკავშირებით. ასეთი მოსაზრებაცაა, რომ 8 დღეში თუ კორონათი 296 ადამიანზე მეტი არ დაავადდება, ეს კარგი ნიშანი იქნება. თუმცა ვარაუდი იმისა, რომ ზაფხულამდე კი არა, ოქტომბრამდეც შეიძლება გაგრძელდეს ვირუსის საშიშროება, ვითარებას კიდევ უფრო დრამატულს ხდის. თქვენ როგორი პროგნოზი გაქვთ?
- მე გეტყვით სრულიად რეალურად, როგორ უნდა იფიქროს ადამიანმა ასეთ დროს. მე მუდამ ასეთი დამოკიდებულება მაქვს პაციენტების მიმართ, რომ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ ცუდზე, რომ არ მოხდეს ეს ცუდი, მაგრამ იმედი უნდა გვქონდეს კარგის. ანუ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ცუდისთვის, თუმცა სამწუხაროა, რომ სოციალურ ქსელებში მავნებლობა ვითარდება, რაც იწვევს პანიკას. ყველაზე დიდი უბედურება პანიკაა. ყველამ იცის, რასაც ნიშნავს თუნდაც გემზე პანიკა. მაგალითად, სტადიონზე უფრო მეტი ადამიანი იღუპება პანიკის დროს, ვიდრე ბომბის აფეთქებისას. პანიკა სრულიად დაანგრევს ეკონომიკას. წარმოიდგინეთ, როდესაც პროდუქტების შესყიდვა მოხდება მასობრივად, ვიღაც შეისყიდის, ვიღაც ვერ შეისყიდის პროდუქტებს, ვისაც არ ექნება ამის საშუალება და უკვე პანიკა დაიწყება. ასე არ შეიძლება, არ გვაქვს საპანიკოდ საქმე, მუშაობენ მაღაზიები, არის დახმარებები სოციალურად დაუცველ ხალხზე. მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც მიზეზთა გამო არ მუშაობენ, ვერ გადიან სამსახურში და არ აქვთ შემოსავალი, მცირედი დახმარება მაინც უნდა გაუწიოს სახელმწიფომ, რადგან რა მნიშვნელობა აქვს, კორონა მოკლავთ, თუ შიმშილი?! ძალაუნებურად ეს ხალხი არ უნდა იყოს გარეთ. სოციალურ ქსელში ინტერვიუებს მოვუსმინე, „როგორ, შვილო, მე რომ სახლში დავჯდე, ვინ შემინახავსო“. ადამიანები მაინც გადიან გარეთ, სხვა გზა არ აქვთ და შემოვლითი გზებით ცდილობენ სახლში თანხის ან საკვების მიტანას. როდესაც საქმე ეპიდემიასა და პანდემიას ეხება, აქ ყოველგვარი პატარა ნიუანსიც კი არ უნდა არსებობდეს. სულ პატარა რაღაცამ შეიძლება დიდი აფეთქება განაპირობოს.
ამერიკელები მთელი მსოფლიოდან გამოცდილ ინფექციონისტებს ითხოვენ. ქართველი ინფექციონისტები თუ გარისკავენ სასაკლაო ზონაში წასვლას?
- ბოლო წლებში ძალიან ცუდი ტენდენცია შეიმჩნეოდა ინფექციონისტების წინააღმდეგ, იძახდნენ, არ გვჭირდება ბევრი ინფექციონისტი, ნებისმიერი ექიმი მათ საქმეს გაუმკლავდებაო. დღევანდელი სიტუაცია ნათელი მაგალითია იმისა, რამდენად საჭირონი ყოფილან ინფექციონისტები. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ელის ინფექციური საავადმყოფოს ისტორიულ შენობებს, რომლებიც ახლა გაყიდულია. კაცმა არ იცის, სად გაუშვებენ იმ ხალხს, რომლებიც ყოველდღე ტელევიზორში არიან და თავისი სიცოცხლის ფასად გმირულად ებრძვიან ვირუსულ ინფექციას. ეს ხალხი ჰაერში კიდია. ჩვენ გვიშველა იმან, რომ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს შექმნილი საავადმყოფოს მაღალი რანგის პროფესიონალები, ეთერ ბოცვაძისა და ვახტანგ ბოჭორიშვილის გაზრდილი ხალხი, დღემდე წამყვან პოზიციებს იკავებენ. გულზე სკდებიან უცხოელები ამ დონის ექიმებით. მეც გახლდით უცხოეთში, საზღვარგარეთ ვმუშაობდი და გაოცებულები იყვნენ. მათ ცალკე ინფექციური კლინიკაც კი არ აქვთ. მათ აქვთ ჩვეულებრივი სტაციონარები, სადაც ერთად წევს ინფიცირებულიც და სხვებიც, ჩამოფარებული აქვთ ფარდა, ზოგი ბოქსირებულ განყოფილებაშია. რეალურად ის პირობები, რაც ჩვენ დავახვედრეთ, კარგი გაგებით, ამ ვირუსული ინფექციის გავრცელებას, არც ერთს არ ჰქონია. მარტო ინფექციონისტი არ ყოფნის ამ საქმეს, ინფექციონისტთან ერთად საჭიროა ტექნოლოგია, განსაკუთრებით, დიაგნოსტიკა. ლუგარის ლაბორატორიამ ძალიან გვიშველა, ამას დაემატა ჩვენი უმაღლესი რანგის ექიმები, რომლებიც სანატრელი ჰყავთ ამერიკაში. არ ვიცი, რომელი გამოცდილი ინფექციონისტი წავა ამერიკაში, მაგრამ არ გამიკვირდება, ვინმე წავიდეს, რადგან ძალიან ბევრი კარგი ექიმი ერაყის ომში იმყოფებოდა იმის გამო, რომ ელემენტარულად საკუთარი ოჯახი გადაერჩინა შიმშილისგან.
ინფექციური სამსახური, ისევე, როგორც ფსიქიატრიული და ტუბერკულოზური დაავადების სტაციონარები და საავადმყოფოები უნდა იყოს სახელმწიფო სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და ამ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მოჭრილი ხელფასი და არა შეურაცხმყოფელი ხელფასი, რადგან დღეს თუ არ არის ინფექცია, ხვალ შეიძლება გაჩნდეს. ნახეთ, რა ხდება, 50 ექიმია დაღუპული იტალიაში, ანუ ყველა, ვისაც ინფექციასთან შეხება ჰქონდა, დაღუპულია. ერთი ამბავია ამაზეც ატეხილი. 50 ინფექციონისტი ბევრია იმ ქვეყნისთვის, რომელიც მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ აქცევდა ინფექციებს ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები. ყველას ეგონა, ასეთი რამ არ მოხდებოდა, ყველას ეგონა, ინფექციონისტი არის წითელას, ყბაყურას და ამ ტიპის ინფექციებისთვის, რომელთგანაც ზოგიერთი უმკურნალოდაც გაივლის. რატომღაც გრიპისაც კი არ ეშინოდათ. ისე, იცოდეთ, გრიპით ამერიკაში 600 ათას კაცამდე კვდება ყოველწლიურად. სინამდვილეში, ინფექციონისტი არის ექიმი, რომელმაც ბევრად მეტი უნდა იცოდეს სხვასთან შედარებით, გინეკოლოგიაც უნდა იცოდეს, თერაპიაც, ქირურგიაც, რადგან იმდენი განსხვავებული პაციენტი მოდის, რომ დიაგნიზის დასმა რთულია.
უნიკალური დიაგნოსტი იყო აკადემიკოსი ვახტანგ ბოჭორიშვილი, ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი. ასეთმა ადამიანებმა გაგვზარდეს და, ღმერთის წყალობით, ეს ხალხი და მათი აღზრდილები რომ არა, დღეს დაიქცეოდა საქართველო.