„მე არ ვიცი, დემოკრატიულ პროცესებზე რანაირად აისახება კორონავირუსი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ერთ გასაჭირს შებრძოლებული ადამიანები უკვე გაერთიანებულები არიან“, -აცხადებს For.ge-სთან საუბარში მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ნევროლოგი, ეპილეფტოლოგი, ნეიროფიზიოლოგი ოთარ თოიძე.
დახურულ სივრცეს ზოგიერთი ადამიანი ისედაც ვერ იტანს, მით უმეტეს, ასეთი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. არც ის ვიცით, ივნისამდე შეწყდება, თუ კიდევ რამდენიმე თვე გახანგრძლივდება კორონავირუსის საშიშროება. თქვენი, როგორც ნევროლოგის, რეკომენდაცია როგორია ასეთ პირობებში?
- საზოგადოების წარმომადგენლებისგან ხშირად გვესმის, თავად როგორ გამოიყენებდნენ სახლში ყოფნის დროს, არა პასიური დასვენებისა და ფსიქოლოგიური იზოლაციისთვის, არამედ, პირიქით, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. არის ბევრი ინტელექტუალური სამუშაო, წასაკითხიც ბევრია, ინტერნეტი სრული დატვირთვით მუშაობს, ინფორმაციები რაც ვიცით, იმის თავიდან გადამოწმება არავის აწყენდა; რაც არ ვიცით, შეიძლება ახალ ინფორმაციებსაც გავეცნოთ. მე მაგალითად, სიამოვნებით ვმუშაობ საგანმანათლებლო პროგრამაზე და, როგორც პროფესიულად, ისე ზოგადად მაინტერესებს, რა პროგრესია დღეისთვის მსოფლიოში, რა ხდება ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. სხვათა შორის, სხვადასხვა საინფორმაციო გადაცემები რეკლამას უწევენ საოჯახო თვითდაკავებულობას, ეს იქნება სამზარეულოში, ეს იქნება ფიზკულტურა, ლიტერატურა, ბავშვთა აღზრდა... ვინც სამეცნიერო მუშაობითაა დაკავებული, მშვენიერი საშუალება აქვთ, აიღონ ე.წ. აკადემიური შვებულება თავისი უნარების, ჩვევებისა და ცოდნის დასახვეწად. გარდა ამისა, საზოგადოებას შეუძლია წვლილი შეიტანოს პანდემიის კონტექსტში, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ურთიერთგამხნევება, საიტების გაცვლა. ძალიან ბევრი იუმორისტული საიტი გაჩნდა, რომელიც იუმორით უყურებს ამ ყველაფერს, რაც ადამიანებს გაახალისებს. აუცილებელია პესიმისტური მესიჯების გაანალიზება, რადგან ხალხს უჭირს. ყველას არ აქვს შესაძლებლობა, იყოს კომფორტულ ბინაში, ჰქონდეს გამართული გაზგაყვანილობა, ელექტროდენი, საკვები, ასეთ ხალხს არა მარტო გამხნევება, არამედ გვერდში დგომა სჭირდება, მათ შორის, ფულის გადარიცხვა, დახმარებაც. ცალკეული ადამიანებისთვის მატერიალური დახმარების გაწევაა საჭირო, მე არ ვამბობ მაინცდამაინც სახელმწიფოს მხრიდან, უბრალოდ, თუნდაც მეზობლების დონეზე.
როგორი იქნება პოსტსტრესული სიტუაცია კორონავირუსის გადავლის შემდეგ?
- ამის განსჯა რთული არ არის, რადგან პოსტსტრესული გართულებები, როგორც წესი, ცნობილია და ფსიქოლოგებს ნამდვილად ბევრი სამუშაო ექნებათ. გუნება-განწყობის დაქვეითება, ცუდის მოლოდინი, ცხადია, აისახება ადამიანებზე. თანაც, ზოგს ან ბავშვები ჰყავს, ან მოხუცები, ზოგიერთი შორსაა ოჯახიდან, ეს ყველაფერი უარყოფითი ემოციების წყაროა და მათი გამკლავება სერიოზული საქმეა. ამისთვის, ალბათ, შეიქმნება ფსიქოლოგიური დახმარების საიტები. ფსიქოლოგიური კონსულტაციები აუცილებელია.
ღირს თუ არა დამთრგუნველი სატელევიზიო გადაცემების ყურება, რადგან ჩართავ თუ არა ტელევიზორს, უწყვეტ რეჟიმში კორონაზე მსჯელობა მიმდინარეობს.
- ეს აუცილებელია, ერთი წუთით ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. აღმავალი ხაზით მიდის მსოფლიოში დაინფიცირების, გავრცელების ტენდენცია, მატულობს გარდაცვალების, დაინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ცოტა ხანში, ალბათ, მოიმატებს შიმშილისა და სოციალურად მოწყვლადი ხალხის რაოდენობაც. ამიტომ აუცილებელია ყოველდღიური რეკომენდაციების მიცემა არა მარტო იმიტომ, რომ კორონა დაგვხოცავს, არამედ როგორ გავუმკლავდეთ ამ უხილავ სენს. ახლა მთელი დღე ტელევიზორთან მიჯაჭვა და ამდენი უარყოფითი ინფორმაციის მიღება არ ღირს, მაგრამ ძირითად საინფორმაციო გადაცემებს უნდა ვუყუროთ. არის თუნდაც გასართობი ქართული გადაცემები, შეიძლება დრო დავუთმოთ ასეთ გადაცემებსაც, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, ვისაც საჭმელიც მომარაგებული აქვს და თანხაც გააჩნია, მაგრამ გავიხედოთ იმ ადამიანებისკენ, ვისაც ეს ყველაფერი არ აქვს. რამდენია უმუშევრად დარჩენილი, ეს უფრო მეტი სტრესია ბევრისთვის, ვიდრე ის, რომ ადამიანს შეეყრება ვირუსი. რა თქმა უნდა, ვირუსი სტრესია, მაგრამ მეორე ძირითადი მიზეზი ჩვენი სოციალური არაკეთილდღეობაა.
ხშირად ამბობენ, რომ ბავშვები უფრო ადვილად იტანენ სახლში გამოკეტვას, რადგან ეს თაობა მაინც ინტერნეტდამოკიდებულია, განსხვავებით მათი წინამორბედებისგან, რომლებიც ცოცხალ ურთიერთობებს არიან მიჩვეულნი. რამდენად იოლია ამ თაობის ბავშვებისთვის სტაგნაციური პერიოდის გადატანა?
- ჩემს თაობას თუ ავიღებთ, სახლში გამოკეტილები არ ვყოფილვართ, მაგრამ 50-იანი, 60-იანი წლების ჩვენი თაობა ძირითადად მაინც სახლში იყო. არ იყო იმდენი გალაღების საშუალება, როგორიცაა დღეს - ინტერნეტი, თეატრები, კინოები. გასართობი საშუალებები თითზე იყო ჩამოსათვლელი, ერთადერთი, სტუმრად თუ დადიოდნენ. ასე რომ, ჩვენ მაინც შინაური თაობა ვიყავით, სახლში გაზრდილი თაობა, რომლისთვისაც ქუჩაში ნებისმიერი გასვლა გართობა იყო. ახლა კი კომუნიკაციების განვითარებასთან ერთად გართობის საშუალებებმაც მოიმატა, სახლში შეიძლება მიიღო არაჩვეულებრივი განათლება და დადებითი ემოციებით დაიტვირთო.
მართალია, ამ კრიტიკულ დღეებში მწერლები წიგნების კითხვას გვირჩევენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სტრესულ გარემოში წიგნების კითხვის განწყობა არ არის. თქვენ რას ფიქრობთ?
- ამიტომაც გააჩნია, რა გარემოშია ადამიანი. თუ მშობელს სამი ბავშვი ჰყავს მშიერი, ახლა უკიდურეს შიმშილს არ ვგულისხმობ, მაგრამ ბავშვებს მაინც თავისი მოთხოვნილებები აქვთ, ზოგს ერთი მენიუ უნდა, ზოგს მეორე, ზოგს საერთოდ არ აქვს საჭმელი. კორონავირუსის გარეშეც ხალხი ლუკმა-პურს ეძებს, მათ გართობისთვის არ სცალიათ. მათთვის სახლში გამოკეტვაც პრობლემაა, შეზღუდულია მათი გადაადგილება და დახმარების მისაღებად მისვლა. ზოგს სოციალურები მოუხსნეს, მე არ ვიცი, პოპულაციურად რამდენია ასეთი შემთხვევა, მაგრამ თუნდაც ერთი რომ იყოს, ეს ქვეყნისთვის საგანგაშოა.
ბოლო დროის პოპულარულ რეკომენდაციებს შორისაა სოფლად წასვლა.
- სოფლად წასვლას რაც შეეხება, მე ჩავთვლიდი ასე, სოფლად წასვლა ანუ სასარგებლო საქმიანობის კეთება. თუ ადამიანს საშუალება აქვს, სოფლად იმავე პირობებში იყოს, როგორც ქალაქში და ამასთან ერთად ეძლევა საშუალება, სოფლის ნაკვეთს მოუაროს, მიხედოს მიტოვებულ კარმიდამოს, ახლა საამისოდ კარგი პერიოდია. მით უმეტეს, გაზაფხულია, სასოფლო სამუშაოებია. თუმცა ეს გაქცევა არ უნდა იყოს, ეს უნდა იყოს მომავალი პროგრესისთვის ზრუნვა, არა მარტო მატერიალური თვალსაზრისით (დათესვა და მოსავლის აღება), არამედ საკუთარი კარმიდამოსთვის ხელის შევლება. სუფთა ემოციურადაც დატვირთული იქნება ეს ხალხი და ეს იქნება შვების ერთი გზაა. თუმცა, ვინც უკვე სოფლად ცხოვრობს, მათ რა ვუყოთ?
მათ უკვე მობეზრებული აქვთ სოფელი?
- დიახ, ესეც საფიქრალია. რასაკვირველია, კორონავირუსმა შეცვალა მსოფლიო. ეს არც არის საკვირველი. პირველი დიდი პანდემიის - ისპანკის შემდეგ ზუსტად არ იციან, მაგრამ, სავარაუდოდ, 50 მილიონზე მეტი ადამიანი უნდა იყოს დახოცილი. ისპანკამ მანამდე მომხდარი პირველი მსოფლიო ომის ოთხწლიანი პერიოდიც დაავიწყა მოსახლეობას, რადგან ომზე გაცილებით მეტი მსხვერპლი ამ ვირუსმა მოიტანა. რაც მთავარია, ამ ვირუსმა მოიტანა პოსტვირუსული გართულებები, ენცეფალიტის სახით, ვირუსის შემდგომ პერიოდში სხვადასხვა ნევროლოგიური დაავადებები გავრცელდა. მე არ ვიცი, დემოკრატიულ პროცესებზე რანაირად აისახება კორონავირუსი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დემოკრატიული რელსებისკენ წავიდა იტალია, გერმანია და სხვა ქვეყნები. არ ვიცი, როგორ იქნება პოლიტიკაში საქმე, მაგრამ აშკარაა, ერთ გასაჭირს შებრძოლებული ადამიანები უკვე გაერთიანებულები არიან. მე ვფიქრობ, ერთ-ერთი დადებითი ტენდენცია ის იქნება, თუკი საზოგადოება შეძლებს ღარიბი ადამიანების მატერიალურ დახმარებას. საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ეკონომიკური, პოლიტიკური და, რაც მთავარია, ჯანმრთელობის პრობლემების მოსაწესრიგებლად.