„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს ინფორმაციის დამალვა, წარმოუდგენელია, რაც მათ ჩაიდინეს - უამრავი ადამიანი იღუპება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს ინფორმაციის დამალვა, წარმოუდგენელია, რაც მათ ჩაიდინეს - უამრავი ადამიანი იღუპება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“

გლობალურად, სიტუაცია უფრო იძაბება და უარესდება. ჩინეთში, საიდანაც დაიწყო ეპიდაფეთქება, სიტუაცია რადიკალურად უმჯობესდება. გავრცელების მიხედვით, მსოფლიოს ქვეყნებს შორის  ჩინეთმა უკვე გადაიწია მე–6 ადგილზე. ყველაზე მეტი გავრცელება დაავადების აღინიშნება ამერიკაში, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში და შემდეგ მოდის ჩინეთი.

დაავადება აღნუსხულია 205 ქვეყანაში და ლაბორატორიულად დადასტურებულია მილიონ 100 ათასამდე შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  230 ათასამდე, გარდაიცვალა 59 197 ადამიანი. სიკვდილობის ყველაზე მაჩვენებლით გამოირჩევა ისევ იტალია - 12%, ესპანეთი - 9%; საფრანგეთი - 7,92%; ირანი 6,19; გაერთიანებული სამეფო - 9%.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. პნევმონიის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის 31 დეკემბერს დაიწყო და მხოლოდ 21 იანვარს დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. სწორედ ჩინეთი გახდა ვირუსის მასობრივად გავრცელების მიზეზი და თითქმის მთელი სამყარო კარანტინის რეჟიმში ცხოვრობს, რასაც ვერ ვიტყვით ჩინეთის შემთხვევაში, რომელიც ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა.

ჩინეთს მასობრივი განადგურების ბილოგიური იარაღის COVID–19 გავრცელებაში ადანაშაულებს აშშ. ორგანიზაცია Freedoms Watch–ის ადვოკატებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ჩინური არმიის, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის, უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (Shi Zhengli) დირექტორის და ჩინეთის არმიის მთავარსარდლის წინააღმდეგ.

ეს მსოფლიო იურისპრუდენციის ისტორიაში უდიდესი სარჩელია, რომელიც ზარალის ანაზღაურებისთვის 20 ტრილიონ დოლარს მოითხოვს. Freedoms Watch–ის ადვოკატები ამტკიცებს, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩინეთის ხელისუფლების მიერ შექმნილი ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შედეგია. ადვოკატები ამბობენ, რომ ვირუსი უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შეიქმნა. ისინი ჩინეთის ხელისუფლებას ბრალს ადამიანების მკვლელობაში, ტერორიზმის ხელშეწყობასა და ამერიკის მოქალაქეების განადგურების მიზნით შეთქმულების მოწყობაში სდებენ.

სარჩელში მტკიცებულების სახით მოტანილია სამეცნიერო დასკვნები ერთადერთი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის არსებობის შესახებ, რომელიც სწორედ COVID-19-ის ტიპის ვირუსების შექმნაზე მუშაობდა. ჩინეთის ხელისუფლების ბრძანებით, ლაბორატორიის მუშაობა სახელმწიფო უშიშროების მოტივით გასაიდუმლოვდა. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ ჩინელი მეცნიერები, რომლებიც ცდილობდნენ მსოფლიო საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინათ, აიძულეს გაჩუმებულიყვნენ.

ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ჩინეთის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალმა ჩენმა გუნდის წევრებთან ერთად ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, რომელიც იმ დროისთვის ჯერ შემუშავების ეტაპზე იყო. მოსარჩელეების მტკიცებით, ჩინეთმა ვირუსი ერთი ან რამდენიმე მტრულად განწყობილი სახელმწიფოს, მათ შორის, აშშ–ის წინააღმდეგ შექმნა და მოითხოვენ, რომ სარჩელი ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილოს.

ამერიკული დაზვერვა აცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობამ გამიზნულად დამალა რეალური ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის შესახებ. „ბლუმბერგი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ საიდუმლო დოკუმენტის მიხედვით, რომელიც თეთრმა სახლმა გასულ კვირას მიიღო, ჩინეთის მიერ გაცხადებული მონაცემები ყალბია. ჩინეთი ირწმუნება, რომ ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის სულ 82361 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 3312–ს მიაღწია.

თავის მხრივ, ჩინეთი ბრალდებას უარყოფს და ბრალდებებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალური მონაცემები დამალა, სამარცხვინოს უწოდებს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰუა ჩუნინგმა გააკრიტიკა ამერიკელი მაღალჩინოსნები, რომლის განცხადებით, ამერიკამ უარი უნდა თქვას საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხების ამგვარ პოლიტიზირებაზე.

ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე საუბრობს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტი, მაიკ პენსი, რომლის განცხადებით, აშშ კორონავირუსის პანდემიას უფრო მომზადებული შეხვდებოდა, რეალური ინფორმაცია რომ ჰქონოდა ჩინეთიდან.

„რეალობა ის არის, რომ ჩვენ უკეთესად მოვემზადებოდით, რომ გვცოდნოდა რეალური შედეგები ჩინეთში. აშკარაა, რომ როცა მსოფლიომ ამ ვირუსის შესახებ დეკემბერში გაიგო, ჩინეთი მას უკვე ერთი თვით ადრე ებრძოდა“, – აღნიშნა მაიკ პენსმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს, თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ ამერიკელი სენატორები. სენატორების აღშფოთება ორგანიზაციის მიმართ გავრცელებული ბრალდებები გახდა, რომლის თანახმადაც, ისინი ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის დამალვაში ფარულად ეხმარებიან.

„ვინ არის ტედროს ადანომ გებრეისუსი, რომელიც მსოფლიოს ისტერიული განცხადებებით ამარაგებს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა შეწყვიტოს ინფორმაციის დამალვა. ვფიქრობ, ბატონმა ტედროსმა უნდა დატოვოს თანამდებობა და ჩვენც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყველა საჭირო ზომა უნდა მივიღოთ. ეს, უბრალოდ უპასუხისმგებლობაა, წარმოუდგენელია, რაც მათ ჩაიდინეს, როცა უამრავი ადამიანი იღუპება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა სენატორმა მართა მაქსალმა Fox Business–თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ჩინეთის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის შიდა ინფიცირების დონის მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებით. მართა მაქსალი რიგით უკვე მეორე სენატორია, რომელმაც WHO–ს გენერალურ დირექტორს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. მიმდინარე კვირაში სენატორმა რიკ სკოტმა ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიმართ ამავე ბრალდებას გაუსვა ხაზი.

ჯერჯერობით ჩინეთის მხრიდან ციფრების დამალვაზე არ საუბრობს ქართული მხარე, ისევე როგორც ვირუსის ხელოვნურად გავრცელების სავარაუდო ფაქტზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ კორონავირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში წარმოიქმნა და დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივი მუტაციების შედეგი.

„მეცნიერულ ფაქტებზე დაყრდნობით ვმსჯელობ. მეცნიერული ფაქტი არის ერთი – შესწავლილია, ვირუსის სიკვენსი გაკეთებულია. ანუ, ამ ვირუსის თანმიმდევრობა გაშიფრულია. დადგენილია, რა სიხშირით ხდება იქ მუტაციები. ეს გამოაქვეყნეს ამ დარგში მსოფლიოში წამყვანმა მოლეკულურმა ბიოლოგებმა, რომლებიც ამ მეცნიერებაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები არიან. მათ სიტყვას ყველაზე დიდი ფასი აქვს. ეს ვირუსი, სადღაც ოქტომბრის ბოლოს – ნოემბერში წარმოიქმნა.

ესეც გამოთვლილია და ამ სეკვენირების საშუალებით დადგენილია, რომ ეს არის ბუნებრივად მოხდენილი მუტაციები. მოლეკულურ ბიოლოგიას, მოლეკულურ ეპიდემიოლოგიას ძალიან იოლად შეუძლია იმის დადგენა, რომ ცვლილება მიკროორგანიზმში ეს არის ხელოვნურად ჩასმული ან ამოღებული გენი, თუ ეს რის ბუნებრივი მუტაციის შედეგი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ფიქრობს, რომ საკმაოდ ლეგიტიმური კითხვები გაჩნდა აშშ–ში და არა მარტო შტატებში იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინურმა მხარემ 31 დეკემბრამდე მსოფლიო  ჯანდაცვის ორგანიზაციას არ მიაწოდა ინფორმაცია.

„სარჩელიც კი შევიდა ამერიკულ სასამართლოში ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამას გამოძიება და დადასტურება სჭირდება. თუ დანაშაული დადასტურდება, რეალურია დადგეს საკითხი, რომ ჩინეთს მოუწიოს კომპესანციის გაცემა იმ ქვეყნების მიმართ, ვინც დაზარალდა და დაზარალდა აბსოლუტურად ყველა ქვეყანა. ეს აბსოლუტურად პრობლემური საკითხი იქნება ჩინეთის ხელისუფლებისთვის.

თავად ვირუსოლოგები ამბობენ, რომ ვირუსი გაშიფრეს და ეს არის ოქტომბრის წარმოშობის. ანუ, ოქტობრიდან 31 დეკემბრამდე ცირკულირებდა. ეპიდემია იყო უხანში, რისი გასაჯაროვება მოხდა დაგვიანებით. თავის დროზე რომ მომხდარიყო ინფორმაციის გასაჯაროვება, ქვეყნებს შეეძლოთ, რომ მომზადებულიყვნენ, ბლოკირების რეჟიმი თავიდან ყოფილიყო ჩართული. ვფიქრობ, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს. იმიდია აშშ, რომელსაც დიდი რესურსები აქვს, გამოიკვლევს ამ მოვლენას“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

კითხვაზე, იკვეთება თუ არა ხელოვნურობა და არის თუ არა ეს ბილოგიური ტერაქტი კაციობრიობის წინააღმდეგ, გოგავა ამბობს, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა ვერსია, თუმცა ამ ეტაპზე რთულია მსჯელობა იმაზე, რომელია ლეგიტიმური.

„ჩვენთვის მთავარია შედეგები, რაც დადგება ბლოკირების რეჟიმისგან, ამ შედეგებს უნდა გავუმკლავდეთ. ანუ, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჩვენი სურსათი უნდა ვაწარმოოთ. იმიტომ, რომ პიკის გავლის შემდეგ ჩვენი მთავარი გამოწვევა იქნება სწორედ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება. ჩვენმა ქვეყანამ აქცენტი უნდა გააკეთოს სურსათის წარმოებაზე, რათა

თუ დადგა სასურსათო კვების რისკი, ქვეყანა მეტ–ნაკლებად მომზადებული დახვდეს. ეს არის ჩვენთვის მთავარი. დიდი ქვეყნები ერთმანეთში უჩვენოდაც გაარკვევენ ურთიერთობებს. იმისაც გაარკვევენ, როგორ წარმოიშვა ეს ვირუსი, არაფერი დამალული არ არის, ყველაფერი გამოაშკარავდება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

თუ ჩავთვლით, რომ ჩინეთი მალავდა პანდემიის შესახებ ინფორმაციას, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, გააჩნია მიზანს, რატომ მალავდა ინფორმაციას. როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ავტორიტარულ სახელმწიფოებს სჩვევიათ ინფორმაციის დამალვა.

„იყო ვერსია, რომ რუსეთიც მალავს დაინფიცირებულთა შესახებ ინფორმაციას, რაც არ არის გამორიცხული. ჩინეთიც ავტორიტარული სახელმწიფოა, ავტორიტარულ სახელმწიფოებს არ უყვართ იმის გახმოვანება, რომ მათ ქვეყანაში რაღაცა პრობლემა გაჩნდა. არ გამოვრიცხავ, რომ ჩინეთსაც ამ მოტივით დაემალა, რომ ის პრობლემას არ აჩენს. თუ მოახერხებდა მოკლე ვადაში ამ პრობლემის გადაჭრას, ხმას არ ამოიღებდა. ეს ვერსია უფრო სანდო მგონია.

მაგრამ, ვერსია, თითქოს ინფორმაციას სპეციალურად მალავდა იმიტომ, რომ ვირუსი სხვა ქვეყნებში გავრცელებულიყო, არადამაჯერებლად მეჩვენება - თუ ვინმეს შეუტია ვირუსმა, პირველ რიგში, ჩინეთს შეუტია. იძახიან, რომ ჩინეთს იმდენი მოქალაქე ჰყავს და იმდენად დაუნდობელია თავის მოქალაქეების მიმართ, რომ არ ედარდება მათი განადგურება, მაგრამ ვირუსმა არ იცის, მოქალაქე რომელი რანგისაა. ევროპის მაგალითზე ვნახეთ, რომ უმაღლესი რანგის ადამიანები დაავადდნენ ვირუსით. ჩინეთიც არ იყო ამისგან დაზღვეული. ამიტომ ალოგიკური მეჩვენება ეს ვერსია“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

გარდა ამისა, საყვარელიძე აცხადებს, პანდემიის სურათი არ ქმნის პოლიტიკური ჩანაფიქრის მოტივს, რადგან ვირუსისგან ერთ–ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო ირანმა, რომელიც ჩინეთის პარტნიორია.

„ყველაზე მკვეთრად ჩინეთთან დაპირისპირებულია ამერიკა, სადაც ყველაზე გვიან შევიდა ვირუსი, თუმცა ძალიან დიდი ნაბიჯებით. პირველი იყო ევროპული სახელმწიფოები. თუ პოლიტიკურ შინაარსს ჩავდებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ძირითადი ბაქტერიოლოგიური დარტყმა ამერიკას უნდა მიეღო და თავისი პარტნიორები დაეცვა ჩინეთს, მაგრამ სურათი საწინააღმდეგოა. ამიტომ, არ მგონია, რომ კორონავირუსი ბაქტერიოლოგიური ვირუსი იყოს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.