დავით ზარდიაშვილი: მატრიცა. კორონიზაცია

დავით ზარდიაშვილი: მატრიცა. კორონიზაცია

"ხანდახან მეჩვენება, რომ კაცობრიობა - "მატრიცისკენ" მოძრაობს. ცნობილი ბლოგ-პასტერი "მატრიცა" - ყველას გახსოვთ. ფიზიკური რეალობის დაკარანტინება და სამაგიეროდ, ალტერნატივად ვირტუალური რეალობის მიღება, ამ პანდომმა (პანდემიური ომი - პანდომი) ხარისხობრივად სხვა განზომილებაში გადაიყვანა. 

ქართულ ენაზე პანდომი კარგად ერითმება ფანტომს. პანდემიამდე გვქონდა ე.წ. ჰიბრიდული რეალობა, რისი ყველაზე არსებითი ნიშანი კლასიკური ომებიდან "ჰიბრიდული ომების" ეპოქისკენ კაცობრიობის წანაცვლება იყო; ბუნებრივია, ჰიბრიდული ომების კონცეფციამ ომსა და მშვიდობას შორის მკაფიო საზღვარი გაურკვეველი გახადა, როცა გამოაცხადა, რომ ომი კი არ არის პოლიტიკის სხვა საშუალებებით გაგრძელება, არამედ პირიქით - პოლიტიკაა ომის სხვა საშუალებებით წარმოება; იქნებ სწორედ ამიტომაც, როცა "ჰიბრიდული რელობა" საკმარისად მომწიფდა - მივიღეთ პანდომ-ფანტომი?!

რატომაა ეს პანდომი ფანტომი და იმიტომაც, რომ პანდემია სხვაც და არანაკლებ საშიშიც, ბევრი ყოფილა, მაგრამ "საალყო წესების" შემოღება მთელს მსოფლიოში და მსგავსი მასშტაბის გლობალური და ტოტალური კრიზისი - არასდროს.

ეს გლობალური და ტოტალური კრიზისი ეგზისტენციურია და კაცობრიობის ჰიბრიდული რეალობის შემდგომ ფანტომიზაციას, ანუ - "მატრიცისკენ" წანაცვლებას წარმოადგენს;

ახლა, პანდომ-ფანტომის ეპოქაში ომსა და მშვიდობას შორის ზღვარი არა მხოლოდ გაურკვეველია, არამედ მთლიანად წაშლილიც. პანდომი - გარემოსთან ყოველდღიურ, ბანალურ ადაპტაციად გამოცხადდება, ისევე როგორც მშვიდობა. გარემო კი, როგორც ეს "მატრიცაშია" საბოლოოდ გაიხლიჩება - ფიზიკურ და ვირტუალურ რეალობად;

ფიზიკურად - ადამიანთა პოპულაცია მასობრივად იზოლირებულია, იგი ბიოლოგიურ ორგანიზმთა მასაა, რაც ვირუსით ოკუპაციის შემთხვევაში ცოცხალ ბიოლოგიურ იარაღად და "ეგზისტენციურ საფრთხედ" აღიქმება და კარანტინში უნდა იყოს;

დეჰუმანიზაცია აქ ისაა, რომ ადამიანის ნაცვლად "ჯანდაცვის სისტემა" ცხადდება უფრო მნიშვნელოვნად;

აქ ისიც მახსენდება, რომ იმ ბლოგ-პასტერში "მატრიცა" სწორედ ადამიანს აღიქვამს ვირუსად და ხელოვნური ინტელექტის რაციონალური შეფასება თითქოსდა ობიექტურია: ადამიანთა პოპულაციის გამრავლება და მთელს დედამიწაზე სივრცის სრული ათვისება, სწორედ ვირუსის გავრცელების სცენარსა გავს.

ფიზიკურად ეს უნდა შეჩერდეს, ადამიანი უნდა გამოიკეტოს. ჯერ მხოლოდ კარანტინში ან თვითიზოლაციაში - სახლში. მერე? მერეც მოიფიქრებენ რამეს. სამაგიეროდ, ვისაც არსებობა სურს, ვირტუალობასთან უნდა სრულად ადაპტირდეს, "დისტანციურად", ე.ი. გლობალურ საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცეში, ინტერნეტში უნდა იცოცხლოს, როგორც მწარმოებელმა და მომხმარებელმა, როგორც მგრძნობელმა და შემმეცნებელმა, ანუ - საკუტარ თავის ინტერნეტ-ავატარად, ერთგვარ აჩრდილად უნდა იქცეს.

აჩრდილზე - ეგრევე ჰამლეტი მახსენდება და "ყოფნა-არყოფნა - საკითხავი, აი, ეს არის!"

აბა, "მატრიცა" სხვა რა არის?!

ბუნებრივია, მატრიცაში ყველა ინსტიტუტი, სახელმწიფოც, მთლიანად პოლიტიკაც, ბიზნესიც, სამოქალაქო ცხოვრებაც, კულტურა, მეცნიერება, სპორტი, განათლება და ა.შ. სრულად უნდა ადაპტირდეს, მაგრამ რელიგიის, ეკლესიის ადგილი სადღა არის?!

თუმცა, ვირტუალური ეკლესიის სახეც ხომ უკვე ვნახეთ - ეს იყო რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე, რომელიც უფალს ევედრებოდა "ნუ მიგვატოვებო!" და ეს ვიდეო-მესა გამოკარანტირებულ მრევლს ახალი ეკლესიის სახედ უკვე მიეწოდა.

ეკლესიას ვინღა ჩივის, სად არის ცოცხალი სიტყვის ადგილი? პირველად იყო სიტყვა - ბოლოს იქნება ინტერნეტი? მატრიცა?

ადამიანის ემანსიპაცია შეიძლება კრიტიკულ მიჯნას უახლოვდება: გარემოსთან ადაპტაციამ და სივრცის დაპყრობამ ბოლოს ბიოლოგიური დეტერმინიზმისგან, საკუთარი ორგანიზმისგან გათავისუფლებადე შეიძლება მიგვიყვანოს. რაც ტექნოლოგიურად ასეთ ალტერნატივას წარმოშობს:

ხელოვნურ ინტელექტთან სიმბიოზს - ადაპტირების შედეგად ბოლოს კიბორგებად ვიქცევით, ანდა უარესი - აჩრდილებად ინტერნეტში.

რასაკვირველია, რაც ზემოთ დავწერე, მხოლოდ ჩემი ფანტაზიებია და თავადაც სასაცილოდაც არ მყოფნის. გაიღიმეთ და სერიოზულად ნურც თქვენ მიიღებთ. თუმცა, დასაფიქრებელი კი, ნამდვილად არის."

DDDzia ბმული />
Что будет после коронавируса?
4 წლის უკან