"მაესტროს" "შიდა სამზარეულო" და სამომავლო პროექტები

ტელეკომპანია "მაესტრომ", მას შემდეგ, რაც წარმატებით დაიმკვიდრა ობიექტური საინფორმაციო არხის სახელი, გაფართოება გადაწყვიტა და მომავალი წლიდან, მეორე, გასართობი მაუწყებლობისა და რეტროს სტილის რადიოს - "ვინილის" გაკეთებასაც გეგმავს. სავარაუდოდ, მაყურებელსა და მსმენელს საინტერესო გადაცემები და გემოვნებიანი მუსიკა ელის. არხის სამომავლო გეგმებსა და ცვლილებებზე "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი - ეკა აკობია გვესაუბრება. მოგეხსენებათ, ეკა პოპულარული ტელეწამყვანის, მსახიობ ვასიკო ოდიშვილის მეუღლეა.

- "მაესტროს" განვითარების ახალი ეტაპი გულისხმობს იმას, რომ ერთი საინფორმაციო არხის გარდა, გაჩნდეს მეორეც, რომელზეც თითქმის ყველა ჟანრისა და ფორმატის გადაცემა გავა. ასევე, მაყურებელს საშუალება ექნება, ნახოს მხატვრული ფილმები და სერიალები. მოგეხსენებათ, რადიოც ორი იქნება: ერთი საინფორმაციო, რომელიც ახლაც გადის FM სიხშირეზე, მეორე კი გასართობი - "ვინილი".

- რატომ შეარჩიეთ ეს სახელწოდება?
- ეს მამუკა ღლონტის იდეაა. ამ ტალღაზე სულ ძველი, რეტრო, კარგად ნაცნობი და დავიწყებული სიმღერები იქნება.

- ალბათ, გადაცემებიც შესაბამისი იქნება, არა?
- რა თქმა უნდა! ამ ყველაფერს მამუკა უდგას სათავეში. ბევრი შემეცნებითი, პორტრეტის ტიპის გადაცემა გავა. საუბრები ძირითადად, იმ მუსიკალურ მიმართულებებზე იქნება, რომელიც ამ რადიოს ფორმატში ჩაჯდება და ა.შ. მოკლედ, საინტერესო გეგმები გვაქვს.

- ის ტოქშოუები, რომლებიც ახლა გადის "მაესტროს" ეთერში, გაგრძელდება თუ ცვლილება მათაც შეეხება?
- ცხადია, ყველაფერს ვერ შევინარჩუნეთ და ალბათ, ამ გადაცემების გადანაწილება მოხდება. საინფორმაციო არხზე ის გადაცემები დარჩება, რომლებიც ჟანრობრივად, ფორმატის მიხედვით წმინდა საინფორმაციოა. მოკლედ, არსებულ პროექტებს შევინარჩუნებთ და სხვებსაც დავამატებთ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე მათგანი რაღაც ეტაპზე გაჩერდეს კიდეც. ახალი წამყვანები და თანამშრომლები ჯერ შერჩეული არ გვყავს. ჩვენი ვარაუდით, ეთერში თებერვალში გავალთ.

- გასართობ ტელეარხზე რეალურ შოუებსაც ხომ არ ვიხილავთ? ამ სფეროში "მაესტრო" ნოვატორი და საკმაოდ რეიტინგული იყო...
- გეთანხმებით, ამ კუთხით კარგი გამოცდილება გვაქვს და ორიგინალური პროექტის მოფიქრება კვლავაც შეიძლება. დასაწყისში - არა, მაგრამ შესაძლოა, რეალური შოუ სექტემბრიდან შემოგთავაზოთ. ვნახოთ, როგორ აეწყობა ყველაფერი.

- ქართველ მომღერლებს თუ მიეცემათ თავიანთი პროდუქციის გამომზეურების საშუალება?
- გამომდინარე იქიდან, რომ საერთო მაუწყებელი იქნება და არა - ვიწრო პროფილური, კლიპების დატრიალების საშუალება შესაძლოა, არ იყოს. უფრო შემეცნებითი გადაცემები, შოუები იქნება და შესაბამისად, შოუბიზნესის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც გვესტუმრებიან, საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციის შესაძლებლობა მიეცემათ. ჩვენს ეთერში მათთვის გზა ხსნილი იქნება, რადგან დილის პროგრამასაც გავაკეთებთ და შუადღის შოუსაც.

- იგეგმება თუ არა იუმორისტული გადაცემების გაკეთება?
- დიახ, "ღამის შოუს" მსგავს პროექტს გავაკეთებთ, რომელიც კომბინირებული იქნება.

- მასში საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს ვიხილავთ? მათ რომელიმე სხვა ტელევიზიიდანაც ხომ არ მიიწვევთ?
- არა. ასეთ შოუზე ვასიკო ოდიშვილი და შალვა რამიშვილი იმუშავებენ. ჯერჯერობით მოლაპარაკება არავისთან გვაქვს.

- ვასიკოს "ყოველდღიური აბები" დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ გადაცემის მომზადებაზე ვინ მუშაობს?
- ამ გადაცემაზე სცენარისტთა ჯგუფი - ახალგაზრდა, ენერგიული და ჭკვიანი ბიჭები მუშაობენ. მათ ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვთ და ტექსტებიც კარგი გამოსდით.

- ამ პროცესში წამყვანიც ჩართულია?
- ვასიკო თვითონ არაფერს წერს, მხოლოდ მეორე ეტაპზე ერთვება - გამზადებულ ტექსტს აძლევენ, შემდეგ კი გარკვეულ დეტალებზე შეიძლება შეაჩეროს ყურადღება და საკუთარი აზრი გამოთქვას, რაღაც ჩაასწოროს. ვასიკო პასუხისმგებელია იმაზე, თუ რამდენად კარგად წარმოაჩენს სცენარისტების მიერ დაწერილ ტექსტს.

- როგორია ვასიკო ოდიშვილთან ერთად მუშაობა?
- ერთად არ ვმუშაობთ, უფრო მეტიც - მას ტელევიზიაში ფაქტობრივად, ვერ ვნახულობ.

- დიდი ხანია, რაც ეს გადაცემა ეთერში გადის. ვის გაუჩნდა პოლიტიკური სატირის გაკეთების იდეა?
- მამუკა ღლონტს იუმორისტულ-სატირული გადაცემის გაკეთების იდეა ჰქონდა, ფორმატი კი ეროსი კიწმარიშვილმა და კახა ბექაურმა მოიფიქრეს. ჩვენ მაშინ ერთად ვმუშაობდით.

- ამჟამად, რა ეტაპზეა ეროსი კიწმარიშვილთან დავის პროცესი?
- სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. რამდენიმე სარჩელი შევიტანეთ და განხილვა უკვე დაწყებულია. ბევრ რამეს ვედავებით და მისგან ზარალის ანაზღაურებას მოვითხოვთ. მოგეხსენებათ, ეროსიმ კონტრაქტი დაარღვია, "მაესტროს" კუთვნილი ქონება უკანონოდ მიითვისა და რამდენიმე თვის განმავლობაში განკარგა. როცა ჩვენ შენობაში შევედით, ყველაფერი განადგურებული და წაღებული იყო... რამდენიმე სარჩელი პოლიციაშიც შევიტანეთ, რომელსაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. პირადად ეროსისთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არ გვაქვს; მას ჩვენი ადვოკატები ეკონტაქტებიან. "მაესტროს" ჟურნალისტმა ერთადერთხელ დაურეკა, როცა ამ თემაზე სიუჟეტს ამზადებდა და მისგან აგრესიული პასუხი მიიღო.

- ვინ არიან "მაესტროს" მფლობელები ბატონი მამუკა ღლონტისა და მაკა ასათიანის გარდა?
- მე, გიორგი ებრალიძე, ლევან ჩიკვაიძე. რაც შეეხება გია გაჩეჩილაძის წილს, რომელიც მას მართვის უფლებით ჰქონდა, ამ ეტაპზე ბაჩო კიკაბიძეს აქვს.

- გიორგი ებრალიძის ორიგინალური კლიპები ყველას კარგად გვახსოვს. ამჟამად რას საქმიანობს?
- გარდა იმისა, რომ საკუთარი "ფროდაქშენ" სტუდია აქვს, სადაც რეკლამებს, კლიპებს ამზადებენ, ჩვენთან სხვადასხვა პროექტზე მუშაობს.

- საინფორმაციო რეჟიმში მუშაობა არხის თანამშრომლებისთვის მძიმეა?
- საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე "მაესტრო" ერთადერთი არხია, რომელზეც ახალი ამბები ყოველ საათში გადის. იოლი საქმე არ არის ახალი ამბების მოპოვება, დამუშავება და ყოველ საათში გაშვება, მაგრამ როცა სტრუქტურა კარგად არის აწყობილი, ფაქტობრივად, მერე უკვე მექანიკურად მიდის მუშაობის პროცესი და ბევრი პრობლემაც არ გექმნება. ჩვენი საინფორმაციო სამსახური ცდილობს, ობიექტურობით გამოირჩეოდეს.

დაბოლოს, "მაესტროს" ორივე არხი კვლავ საკაბელო მაუწყებელი იქნება და სატელიტის საშუალებით გავრცელდება.