დავით ზალკალიანი: მობილიზებული გვყავს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები, რომ იქ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს პირველადი დახმარება აღმოუჩინონ

დავით ზალკალიანი: მობილიზებული გვყავს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები, რომ იქ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს პირველადი დახმარება აღმოუჩინონ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ინდოეთში, ისრაელში, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბელორუსში, პორტუგალიაში, ჩეხეთში, უნგრეთსა და კვიპროსში საქართველოს საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მორიგი ვიდეოკონფერენცია გამართა.

საგარეო უწყების ცნობით, განიხილეს უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი, ასევე, ჩვენი თანამემამულეების ადგილზე დახმარების საკითხი.ისაუბრეს უკვე არსებულ და დამატებით მექანიზმებზე, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ეფექტიან დახმარებას.აღინიშა, რომ საქართველოს მთავრობა მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქების მიმართულებით ავიარეისების განხორციელების საკითხზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვფლობდეთ ზუსტ ინფომაციას ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის შესახებ. ვიდეოკონფერენცია კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ამომწურავად ვისაუბროთ მოქალაქეების არა მხოლოდ სამშობლოში დაბრუნებაზე, არამედ ადგილზე დახმარების აღმოჩენაზე", - აღნიშნა მინისტრმა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აშშ-ში არსებულ მდგომარეობას, ვირუსის გავრცელების დინამიკის ზრდის გათვალისწინებით.„ვისაუბრეთ იმ მექანიზმებზე, რაც გააჩნია საქართველოს წარმომადგენლობებს ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში, რათა ჩვენს მოქალაქეებს აღმოვუჩინოთ პირველადი დახმარება, მათ შორის, კონსულტაციების სახით. მობილიზებული გვყავს ე.წ. „ფრილანსერი“ ექიმები, ასევე აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმები.მათი მხრიდან მიღებული ინფორმაცია ძალიან სასარგებლოა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან აშშ-ში საკუთარ მოქალაქეებსაც სახლის პირობებში უწევენ კონსულტაციას და მკურნალობას. მსგავსი სახის კონსულტაციები საელჩოს და საკონსულოების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საუბარი ასევე შეეხო იმ ახალ მიმართულებებს, რომელთა განხორციელებაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვტილებით მოქალაქეთა ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით დაიგეგემა.

მინისტრის თქმით, მაქსიმალურად მოხდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ვირუსის გავრცელების გამო შექმნილი ყოფითი პრობლემების შემსუბუქება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.