ჩინური „გუანჯოუ ევერგრანდის“ მთავარმა მწვრთნელმა და იტალიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ფაბიო კანავარომ თანამემამულეებს წერილი გაუგზავნა. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა და „ოქროს ბურთის“ მფლობელმა იტალიელებს, რომელთაც ახლა მძიმე პერიოდის გავლა უწევთ, ერთიანობისკენ მოუწოდა.
კანავაროს განცხადებით, ახლა სპორტი, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოა, მაგრამ იტალიაში ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა. ამიტომ, მაგალითად, 1982 წლის და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატები მოიყვანა, როდესაც იტალიამ ჩემპიონობა ერთიანი სულისკვეთებით შეძლო.
კანავაროს ემოციურ წერილს იტალიელების მისამართით სრულად გთავაზობთ:
„ყველა იტალიელს...
ის, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება, მაწუხებს და მტკივა. არ შემიძლია აღვწერო თუ რამდენად საშინელებაა იტალიის ასე ძლიერი ტანჯვის ყურება, ამდენი ადამიანის სიკვდილის ყურება. ძალიან ვწუხვარ ყველა ადამიანის გამო ვინც დაზარალდა და განსაკუთრებით მათ გამო, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა.
მინდა ტაში დავუკრა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ სიცოცხლის გადასარჩენად. თქვენ ნამდვილი გმირები ხართ, რომელიც ახლა ქვეყანას სჭირდება.
სამწუხაროდ ფაქტია, რომ სუპერმენი არავინ არაა. არავინაა ამ ვირუსთან იმუნიტეტით. როდესაც ეპიდემია ჩინეთში მოხდა, ვფიქრობდი, რომ ჩვენ, იტალიელები კარგად ვიქნებოდით. მე ვიყავი პირველი, ვინც ეს სიტუაცია შეაფასა და თავიდან მეგონა, რომ უბრალოდ გრიპი იყო, მეტი არაფერი.
ჩვენ გადავკეტეთ ქვეყანა და ვაიძულებთ ხალხს, რომ სახლში დარჩნენ. აქ, ჩინეთში, სადაც „გუანჯოუ ევერგრანდი“ ვარჯიშობს, კარანტინი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. აქ უკვე ჰქონდათ სარსის დაავადების გამოცდილება და იცოდნენ რა უნდა გაეკეთებინათ. იტალიაში კი არასდროს გვქონია ასეთი საგანგებო მდგომარეობა.
თუმცა, ახლა ჩვენ ბრძოლის შუაში ვართ და ერთად უნდა ვებრძოლოთ. ცხადია, ვიცით, რომ იტალია ულამაზესი ქვეყანაა. ჩვენ გვაქვს ლამაზი, როგორც ზღვა, ასევე მიწა, გვაქვს მშვენიერი კლიმატი, რომელიც გვაძლევს საშალებას, რომ თითქმის ყოველთვის ქუჩაში ვიცხოვროთ. გვაქვს მოდა, სამზარეულო. ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ამ ყველაფერსკარგად იყენებს. მაგრამ იტალიაში ცხოვრება იმდენად ლამაზია, რომ ზოგჯერ ვისვენებთ. ზოგჯერ მხოლოდ ბაღებს ვუყურებთ, იმის ნაცვლად, რომ ვიფიქროთ ჩვეულებრივ სიკეთეზე და მაქსიმალურად არ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას.
საბედნიეროდ არის შემთხვევები, როდესაც სიამაყეს ვივიწყებთ და ეს ხშირად რთულ მომენტებში ხდება. ეს ბევრჯერ მინახავს და მაშინვე მაგალითად მახსენდება, როდესაც ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა. შესაძლოა, ეს შესაფერისი მომენტი არ იყოს, როცა ახლა სპორტი მეორეხარისხოვანია, როგორც არასდროს. მაგრამ ვიცით, რომ იტალიაში ფეხბურთი უფრო მეტია, ვიდრე სპორტი. როდესაც ეროვნული ნაკრები თამაშობს, ყველა მასშია ჩართული. ფეხბურთი ახერხებს იტალიელების გაერთიანებას.
როდესაც ჩვენ იტალიელები ერთიანები ვართ, ჩვეულებრივ ყველაფერს კარგად ვაკეთებთ. ჯერ კიდევ მახსოვს 1982 წლის მუნდიალი, რომელიც მოვიგეთ. რვა წლის პატარა ბავშვი ვიყავი, ნეაპოლში, ჩემს ქალაქში ვცხოვრობდი და თამაშებს ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად ვუყურებდი. მახსოვს, რომ ყოველი გოლის ზეიმისას ერთმანეთს ვეხვეოდით, სხვაგვარად არ ხდებოდა.
2006 წელს, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი კაპიტნის რანგში თავად გავხდი, ფეხბურთელბშიც მსგავსი რამ ვნახე. კალჩოპოლი ჯერ კიდევ ტურნირის დაწყებამდე დაიწყო და ჩვენს გარშემო ამინდი ძალიან დაძაბული იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ სკანდალი, როგორც გუნდს დაგვანგრევდა და დაგვშლიდა.
თუმცა, გუნდში ატმოსფერო ყოველთვის კარგი იყო და ეს ფუნდამენტური გახდა. ასეთ კრიტიკულ დროს არ შეგვეძლო ეგოისტები ვყოფილიყავით. ყველას ერთნაირი მნიშვნელობა ჰქონდა. ჩვენ ასევე გვყავდა დიდებული ლიდერი, მარჩელო ლიპი, რომელმაც მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა. გერმანიაში ჩასვლისთანავე პრაქტიკულად დავივიწყეთ იტალიაში მიმდინარე სკანდალი და მოუთმენლად ველოდით მოედანზე გასვლას.
ხშირად მეკითხებიან რატომ მოიგო იტალიამ ის მუნდიალი. არ მოგვიგია გამართლების ხარჯზე, მოვიგეთ, რადგან ვიყავით უძლიერესი გუნდი და რადგან ერთმანეთის გვჯეროდა.
ახლა იტალიას იგივე ერთიანი სულისკვეთება სჭირდება. უკვე ვნახეთ სოლიდარობის მშვენიერი ჟესტები: „ყველაფერი კარგად იქნება“ - არის ფრაზა, რომელიც ცდილობს შიშისგან გაათავისუფლოს ადამიანები. აივანზე ხალხი გამოვიდა და მედიკოსებს ტაში დაუკრეს, მეზობლები ერთად მღეროდნენ. ეს არის ერთიანობა, რომელიც გვჭირდება.
იტალია განსხვავებული იქნება ამ კრიზისის დაძლევის შემდეგ. ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, იქნებიან ისეთებიც, ვინც ბიზნესს დაკარგავენ. მოგვიწევს მუშაობა, ძალიან, ძალიან რთულად. ვიმედოვნებ, რომ ვაქცინა რაც შეიძლება მალე შეიქმნება, რომ საბოლოოდ ქვის ქვეშ მოაქციოს ეს ისტორია.
ახლა საჭიროა სახლში დარჩენა. მოდით ეს გავაკეთოთ, ვისიამოვნოთ ოჯახით და ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანთან გვქონდეს კონტაქტი. ვეცადოთ გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია საერთო სიკეთისთვის. ჩვენ, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონებმა შევქმენით ფონდი და დავიწყეთ ფულის შეგროვება, რომელსაც იტალიის წითელ ჯვარს შევწირავთ და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველა საავადმყოფოს გაძლიერებას იმ ინვენტარისთვის, რაც საჭიროა კორონავირუსთან საბრძოლველად. იმედი მაქვს, რომ თქვენც გაიღებთ შემოწირულობას ჩვენს ფონდში. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, მეზობლის მიმართ უბრალო ჟესტიც საკმარისია. დაიმახსოვრეთ, ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ გუნდი და ეს ყველას გვჭირდება.
მართალია, სუპერმენი არავინაა, მაგრამ როდესაც ერთად ვართ, რაღაცის გაკეთება შეგვიძლია. იტალიელებო, მოდით ვიყოთ ძლიერები. სიყვარულით, ფაბიო კანავარო“.